"რა გავაკეთოთ, რუსეთს ომი გამოვუცხადოთ და ამით ევროკავშირში უფრო სწრაფად შევალთ?“ - კვირის პალიტრა

"რა გავაკეთოთ, რუსეთს ომი გამოვუცხადოთ და ამით ევროკავშირში უფრო სწრაფად შევალთ?“

"ჩვენი ნომერი პირველი ამოცანაა, რომ ჩვენს ქვეყანაში რუსეთმა აგრესია ვერ მოახერხოს. ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ეს არ დაუშვას“

"ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ ორგა­ნიზაციად ჩამოყალიბების მე-10 წელი შეუსრულდა. ამ პერიოდში რას მიაღწიეს და რას ვერა, რას თვლის მმართველი ძალა მთავარ გამოწვევად და როგორ აპირებს ამ გამოწვევებზე პასუხს, ამ საკითხებზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ირაკლი ქადაგიშვილს ვესაუბრეთ:

- "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა ის, რომ უკვე ჩამოყალიბებული ავტორი­ტარ­ული­ რეჟიმი შეცვალა უსისხლოდ, რევოლუციების გარეშე, არჩევნების მეშვეობით. ამან ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის ახალი პოლიტიკური კულტურა დაამკვიდრა. რა თქმა უნდა, ეს ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, რომლებიც ამ დიდ საერთო-ეროვნულ დემოკრატიულ მოძრაობაში იყო ჩართული. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პრიორიტეტული გახდა ადამიანის უფლებები, ციხეებში თვალში საცემად შეიცვალა მდგომარეობა, აღარ არის ის რეპრესიული მანქანა, რომელიც არეკეტებდა ბიზნესს, მედიას,­ სასამართლო იყო პირდაპირი რეპრესი­ის გამფორმებელი... ახლა სტრასბურგის სასამა­რთლოსთვის მიმართვიანობა­ 12-ჯერ არის შემცირებული, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი გამამართლებელი განაჩენები და არ გამოიყენება ბიუჯეტის შევსების წყაროდ საპროცესო შეთანხმებები, ჯარიმები, ბიზნესი თავისუფალია და ბევრი მდიდარი ბიზნესმენი ჩართულია პოლიტიკაში, მათ საკუთარი პარტიები და ტელევიზიები აქვთ. ამასთან, ქვეყანაში მშვიდობა­ და სტაბილურობა შევინარჩუნეთ და ამ მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაშიც ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანას ავაცილოთ ომი და ნგრევა...

"ქართული ოცნების" მმართველობის დროს გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები ევროინტეგრაციისთვის - ასოცირების ხელშეკრულება, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ევროკავშირთან უვიზო­ მიმოსვლა და ახლა უკვე ევროკავშირში საქართველოს დაჩქარებული წევრობის საკითხი. გარდა ამისა,­ ფაქტობრივად, გავხდით საპარლამენტო რესპუბლიკა, რომელმაც საუკეთესო ევროპული­ სტანდარტების კონსტიტუცია მიიღო და ყველა ის კანონი, რომლებსაც ვიღებთ, სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის სტანდარტებთან. აღარაფერს ვამბობ იმ პროექტებზე, რომლებიც­ დარგების განსავითარებლად განხორციელდა და დღესაც მიმდინარეობს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარება ორნიშნა ნიშნულზეა და ეს საბო­ლოო ჯამში აისახება მოქალაქეების კეთილდღეობაზე. დღეს უკვე მიღწეულია ისტორიული მაქსიმუმი - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 5.500-5.600 დოლარს შეადგენს.

- ევროინტეგრაცია ახსენეთ, ოპოზიციას­ რომ თავი დავანებოთ, საერთაშორისო საზოგადოებაც გაკრიტიკებთ ამ სტანდარტების გამო. იყო მიშელის შეთანხმებასთან დაკავშირებუ­ლი მოვლენებიც, ახლახან კი აშშ-ის სახელ­მ­წიფო დეპარტამენტის ანგარიში გამოქვეყნდა,­ სადაც მწვავედ აკრიტიკებენ სასამართლო სისტემას.

- ოპოზიციამ სასამართლოსთან დაკავ­შირებული ეს კამპანია მას შემდეგ წამო­იწყო,­ რაც მათ ადეიშვილის მიერ ჩამოყალიბებული გავლენა დაკარგეს. სანამ სასამართლოს თავმჯდომარე კუბლაშვილი­ გახლდათ, მოითხოვდნენ, რომ რეფორმა არავითარ შემთხვევაში არ შეხებოდა სასა­მართლოს და არ შეცვლილიყვნენ მოსამართლეები... უნდა დასახელდეს ერთი შემთხვევა მაინც, რომ სასამართლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს­ იღებს. გადავხედოთ იმ კანონებსაც,­ რომლებიც სასამართლოს რეფორმის დროს იქნა მიღებული - ყველა სრულად შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ყველაზე მთავარია სტატისტიკა - როდესაც გამამტყუნებელი განაჩენი 99.5% იყო, დღეს კი ეს მაჩვენებელი განახევრებულია. ყველა საერთაშორისო­ კვალიფიციური მკვლევარი, რომლებიც მათ შორის სასამართლო სისტემაზე მუშაობენ, ამბობს, რომ საქართველოში სასამართლო­ მაღალი სტანდარტებით არის წინ წასული­. ცხადია, არ ვამბობთ, რომ შემდგომი განვითარება არ არის საჭირო, უბრალოდ, ახლა ატეხილია კამპანია, რომელშიც ის არასამთავრობოებიც არიან ჩართული, რომლებმაც ეს კლიმატი შექმნეს. თუმცა, როგორც კი საუბარი მიდის კანონებსა და კონკრეტიკაზე, განსხვა­ვებული სურათი გვაქვს. ეს ყველაფერი უფრო მეტად პოლიტიკური სპეკულაციის საგანია. მაგალითად, პარლამენტში ახლაც მუშაობს სპეციალური ინტერპარტიული ჯგუფი­, რომელმაც უნდა გააკეთოს სასამართლო სისტემაში რეფორმის შეფასება-ანალიზი, გამოავლინოს, სად არის ხარვეზი. სამი თვეა, ჯგუფი მუშაობს და მხოლოდ ერთხელ მოხერხდა, რომ ოპოზიცია ამ ჯგუფს მეტ-ნაკლებად შემოერთებოდა. ამიტომაც ვამბობთ, რომ ეს კამპანიაა იმის გამო, რომ გავლენა დაკარგეს.

- მაშ, საერთაშორისო საზოგადოებრიობა რატომ მიიჩნევს ამ საკითხს პრობლემურად?

- ევროპაში ვერ წარმოუდგენიათ, რომ როდესაც ოპოზიცია რაღაცას ამბობს, შეიძლება იყოს აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადება. ფრანგი, გერმანელი თუ დანიელი ვერ წარმოიდგენს, რომ შესაძლებელია ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში­ აჯანყების მოსაწყობად კონტრაბანდული გზით შემოიპაროს ან ყოვლად დაუსაბუთებელი განცხადებები აკეთოს. იქ მედიამ მუდმივად ტოტალური ტყუილი რომ ატრიალოს, ვერ იარსებებს. ამიტომაც სვამენ კითხვებს.

- წარმატებასა და დემოკრატიაზე საუბრობდით, მმართველი­ გუნდის წევრები კი აცხადებენ, რომ არ აინტერესებთ, ოპოზიცია რას იტყვის და ყველაფერს თავად გადაწყვეტენ, ეს ხომ ავტორიტარიზმის მაჩვენებელია?

- როდესაც ოპოზიციის ქმედება მიმართულია იქით, რომ ქვეყანაში იყოს არეულობა და ცდილობენ მეორე ფრონტის გახსნას, როდესაც რადიკალური ოპოზიცია სრულიად არაკონსტრუქციულია და მისი განზრახვა თუ ნამოქმედარი ქვეყნის ქაოსისკენ ბიძგებაა, მმართველი ძალა ოპოზიციას სხვანაირად ვერ უპასუხებს. ასეთი ოპოზიციის ვერანაირ შემოთავაზებას ვერ მივიღებთ, თორემ კარგად იცით, რამდენი რამ გავაკეთეთ, რომ პარლამენტში ოპოზიციის ის ნაწილი მაინც დაბრუნებულიყო, რომელიც "ნაცმოძრაობის" ფეხის ხმას იყო აყოლილი. ახლა "ნაციონალების" ნაწილი ისევ პარლამენტის დატოვებასა და ისევ ხელისუფლების დამხობაზე ლაპარაკობს. ამ დროს დემოკრატიას დაცვა სჭირდება ასეთი ბოლშევიკური მეთოდებით მოაზროვნე და მოქმედი პოლიტიკოსებისგან.

- ევროკავშირის კითხვარის შევსებაზე დაიწყო მუშაობა. რას აკეთებს პარლამენტი?

- მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს და მათ შორის, პარლამენტშიც. ჩემმა კომიტეტმაც მოამზადა საკითხები. ძირითადად აღმასრულებელი ხელისუფლება მუშაობს, მაკოორდინირებელია პრემიერი და მაისის პირველი რიცხვებისთვის კითხვარი შევსებული იქნება...

- რა შედეგს ელოდებით?

- ვფიქრობ, შედეგი დადებითი იქნება, რადგან თუ გადავხედავთ კითხვარს და შემდეგ ობიექტურად და არა პროპაგანდისტულად შევაფასებთ ჩვენს საკანონმდებლო ბაზას, რეფორმებს, დავინახავთ, რომ ჩვენ მყარი პოზიციები გვაქვს კითხვარში მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით.

- რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა NDI-ს გამოკითხვა, სადაც ჩანს, რომ "ოცნების" მხარდაჭერაც შემცირებულია და ყველა სხვა პარტიისაც, უპირველესად "ნაცმოძრაობის". რითი ხსნით საზოგადოების ასეთ დამოკიდებულებას?

- ყველა არჩევნებმა დაგვანახა, რომ NDI-ს კვლევებსა და არჩევნების რეალურ შედეგებს შორის დიდი სხვაობაა. ამასაც თუ გვერდით გადავდებთ, მაინც ჩანს, რომ ერთადერთი პარტია, რომელიც მოსახლეობის ნდობას იმსახურებს, "ქართული ოცნებაა". პროცენტებზე აღარაფერს ვიტყვი, რადგან ეს მაჩვენებლები ყოველთვის მნიშვნელოვნად განსხვავებულია, ბოლო რამდენიმე არჩევნების შედეგებს რომ შევხედოთ.

ქვეყანას დღეს აქვს ერთი მთავარი პრობლემა - ამ მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაში საომარ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს ჩართული, რადგან ეს საქართველოსთვის ძალიან მძიმე შედეგის მომტანი იქნება. ნომერი პირველი ამოცანაა, რომ ჩვენს ქვეყანაში რუსეთმა აგრესია ვერ მოახერხოს. ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ეს არ დაუშვას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბდეს ისეთი­ ოპოზიცია, როგორიც დემოკრატიულ ქვეყანას ეკადრება და არ იყოს ისეთი არათანამიმდევრული, როგორიც "ნაცმოძრაობაა", რომელსაც ვერ გადაუწყვეტია, იყოს პარლამენტში თუ არა, რევოლუცია მოაწყოს და თუ რა გააკეთოს. პოლარიზაციას სწორედ ის ბადებს, რომ ოპოზიცია ვერ აცნობიერებს მის, როგორც ერთ-ერთი­ მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ადგილსა და პასუხისმგებლობას. შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება, რადგან სიღარიბე არის გამოწვევა, რომელიც ჯერ კიდევ უმწვავესი პრობლემაა.

- რუსეთის მიმართ "ოცნების" პოლიტიკაზე­ ხშირად ისმის, რომ ამ დამოკიდებულებამ შესაძლოა დასავლურ ორიენტაციაზე გათქმევინოთ უარი.

- ოპოზიციის ნაწილი გაღიზიანებულია­ იმით, რომ ხელისუფლება ახერხებს მშვიდობის შენარჩუნებას, ევროკავშირთან დაახლოებისკენ ნაბიჯების გადადგმას და აღარ იციან, რა ქნან. რა გავაკეთოთ, რუსეთს ომი გამოვუცხადოთ და ამით ევროკავშირში უფრო სწრაფად შევალთ? თუ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დავიწყოთ მოქმედება და ამით შევალთ? თუ რუსეთს შეეშინდება და ჩვენს დაბომბვას არ დაიწყებს? მათი განცხადებები არის მყვირალა და არ დგას არანაირი გათვლები. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს. ყველა ხედავს, რომ საერთაშორისო არენაზე საქართველო არის მყარი, პასუხისმგებლიანი მოკავშირე.

- ანუ დასავლურ ინტეგრაციაზე უარს არც ერთ შემთხვევაში არ ვიტყვით?

- თუ ეს ქვეყანა არ გაჩანაგდება, თუ იქნება მშვიდობა, მოვახერხეთ, რომ გავატარეთ რეფორმები, ეკონომიკა და დემოკრატია განვავითარეთ, მიზანს მივაღწევთ. ერთი "ჰო"-თი და ერთი "არა"-თი არაფერი წყდება. ეს ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. ის კონსტიტუცია, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მიიღო, არის საუკეთესო ევროპული სტანდარტის კონსტიტუცია და მის გარდამავალ დებულებაში სწორედ ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიზანი გვაქვს დაფიქსირებული.

რუსა მაჩაიძე