ბუნებრივი ქვები, რომლებიც უბედურებისგან გვიცავს - კვირის პალიტრა

ბუნებრივი ქვები, რომლებიც უბედურებისგან გვიცავს

დღეს განსაკუთრებით მოდურია ბუნებრივი ქვებით დამზადებული სამაჯურებისა და სხვა სამშვენისების გამოყენება. ამ საქმის მიმდევრები მომხმარებლებს სთავაზობენ ე.წ. თილისმების დამზადებას, რომლებიც, მათივე მტკიცებით, კონკრეტული მომხმარებლის ასტროლოგიურ ნიშანს მიესადაგება, ადამიანს არაერთი დაავადებისა თუ უბედურებისგან იცავს და პატრონისკენ ფინანსურ კეთილდღეობასა და ყოველგვარ სიკეთეს იზიდავს. უძველეს წერილობით წყაროებში, მათ შორის - ბიბლიაში, ე.წ. პატიოსან ქვებს კონკრეტული, ფაქტობრივად, საკრალური დანიშნულება აქვს. მაგალითად, ამეთვისტოს სახელი­ თრობის საწინააღმდეგოს ნიშნავს­ და ამიტომაც სჯეროდათ, რომ ამეთვისტოს პატრონი არ თვრება და ბოროტებას არ სჩადის. ღვინის თასებსაც სწორედ ამიტომ ამკობდნენ ამ ქვით. ზურმუხტი, ქართულად ზმური მფლობელს ავი თვალისაგან იცავს, აუმჯობესებს მეხსიერებას, ნერვულ სისტემას, კურნავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ქრონიკულ და შეტევით ტკივილებს­ და ა.შ. საქართველოში ოდითგანვე უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა გიშერს, რომელსაც დღემდე მიიჩნევენ ავი თვალისგან­ საუკეთესო დამცველად და უბედურების წინასწარ შემტყობადაც.

ძველი ქართველები გიშრის დახმარებით საიქიოში მოგზაურობდნენ

წლების წინ ცნობილ კომპოზიტორს, სწავლულს, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ზარების ავტორ ნოდარ მამისაშვილს მუსიკით მკურნალობის შესახებ სასაუბროდ შევხვდი. მან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ჩვენი წინაპრები თერაპიის გაცილებით საინტერესო მეთოდებს ფლობდნენ, ვიდრე - თანამედროვე ადამიანი. ისინი­ უფრო ახლოს იყვნენ ბუნებასთან, ესმოდათ სამყაროს ხმები და იღებდნენ ცოდნას, რომლის საფუძველზეც, დღევანდელი გადასახედიდან, სასწაულებს ახდენდნენ: გაუტკივარების­ გარეშე აკეთებდნენ ურთულეს ოპერაციებს, სვამდნენ დიაგნოზს და მკურნალობდნენ ხშირად იმას, რაც თანამედროვე მედიცინისთვისაც კი თავსატეხად რჩება. მაშინ ბატონი ნოდარი ბუნებრივი, ე.წ. პატიოსანი ქვების, მინერალების თემას შეეხო.

ნოდარ მამისაშვილი: "ადამიანებს ჰგონიათ, რომ ზოგიერთი ბუნებრივი ქვა, მაგალითად, გიშერი გრძნობს ჩვენთვის მოსალოდნელ უბედურებას და ტყდება. არადა, სინამდვილეში მოსალოდნელ უბედურებას ჩვენი ქვეცნობიერი გრძნობს, გიშერი კი მის მიერ გამოყოფილ ენერგიას ვერ უძლებს და "თავს იკლავს", რომ მიგვახვედროს, რაც ჩვენივე ქვეცნობიერმა გადასცა.

ძველ დროში ჩვენი წინაპრები სპილენძის უზარმაზარ ქვაბს წითელი ღვინით ავსებდნენ. ქრისტეს წამებამდე მას შავ ღვინოს ეძახდნენ, როგორც სიბნელის, სამყაროს იდუმალების სიმბოლოს (ქრისტეს წამების შემდეგ უფლის სისხლად მიიჩნევა). ღვინით სავსე ქვაბში ჩაუშვებდნენ ახალშობილს. თუ ბიჭი იყო, ქვაბში კაჟის ქვას (რომ კაჟივით გაუტეხელი ყოფილიყო) და ალმასს უდებდნენ. ღვინოში ასევე დებდნენ გახურებულ ცხენის ნალს. ჩვენი წინაპრების რწმენით, ასე ბიჭი კარგი მხედარი დადგებოდა. შემდეგ ნალს კარზე ამაგრებდნენ იმის ნიშნად, რომ იზრდებოდა ვაჟკაცი, კარ-მიდამოს, ქვეყნის მცველი. ღვინით სავსე სპილენძის ქვაბში ახალშობილი გოგონას ავი თვალისგან დასაცავად გიშერს და მთის ბროლს აგდებდნენ, რომ ის მთის ბროლივით წმინდა ყოფილიყო.

საინტერესო იყო სულზე დატირების რიტუალი, რომლის დროსაც ჩვენი წინაპრები დიდი ზომის, დაუმუშავებელი გიშრის ნატეხებს იყენებდნენ. გიშერი, როგორც ღამის იდუმალების სიმბოლო,­ თითქოს ხელს უწყობდა საიქიოში გარდაცვლილთა სულებთან შეხვედრას. ამ ერთგვარი სპირიტული სეანსის დროს სული გამოძახებით რომ არ შეეწუხებინათ, თვითონ უნდა ხლებოდნენ. ეს მისტიკური მოგზაურობა მიმდინარეობდა გიშრის დიდ ნატეხსა და დასარტყამი და გუდასტვირის მსგავსი ინსტრუმენტებით შესრულებულ რიტუალურ მუსიკასთან ერთად. უკრავდნენ და ისე მოძრაობდნენ, თითქოს საიქიოში მიდიოდნენ.

ნებისმიერ ძვირფას ქვას, მინერალს მფლობელისთვის, მით უფრო - სამკურნალოდ, განსაკუთრებული შერჩევა სჭირდება. ყველა ქვა ყველას ყველაფერში ვერ უშველის. მფლობელმა და ქვამ, რომელიც სწორად უნდა იყოს შერჩეული, ერთმანეთი უნდა მიიღონ. ამას ცოდნა სჭირდება".

"მინერალების გამოყენება ჰომეოპათიით მკურნალობას ჰგავს - ან გჯერა, რომ შედეგს მიიღებ, ან არ გჯერა"

ვინ დაადგინა ქვების ენერგეტიკული მნიშვნელობა, რას ეფუძნება მათ შესახებ არსებული ინფორმაციები და რატომ უნდა შეირჩეს ქვები ასტროლოგიური ნიშნების მიხედვით? ამ კითხვებზე პასუხების მიღება ასტროლოგ-მინერალოგ თამარ­ აქუბარდიასთან ვცადე:

- კრისტალი ეზოტერიკულად უზარმაზარ ენერგიას შთანთქავს, შესაბამისად, თითოეული მინერალი განსაკუთრებულად ენერგოინფორმაციულად მოქმედებს გარემოზე და, რაღა თქმა უნდა, ადამიანებზეც. მინერალების გამოყენება ჰომეოპათიით­ მკურნალობას ჰგავს - ან გჯერა, რომ შედეგს მიიღებ, ან არ გჯერა­. ძლიერი ვიბრაციის ქვებმა, შესაძლოა, შვების ნაცვლად დისჰარმონია და დაღლილობა მოგვგვარონ. მაგალითად, ძოწი (ვერძულ-მორიელური ენერგია) რუხტოპაზი (თხის რქისა და მორიელის ენერგია, საკმარისად მძიმე), შავი ტურმალინი (თხის რქა-მორიელის ენერგია), ლაბრადორი და ოპალი (მორიელისა და კირჩხიბის ენერგია) იმხელა ენერგოინფორმაციას გადასცემენ, რომ სულ ცოტა, დაგღლიან, დაახლოებით ისევე, როგორც 24 საათის განმავლობაში გაუჩერებლად მოლაპარაკე ადამიანი დაგღლით.

ნებისმიერი დაავადება სერიოზული ენერგეტიკულ-ფსიქოლოგიური პროცესია, ქვეცნობიერის არასწორი ხედვისა და მძიმე ემოციების შედეგია, რასაც ქვები ვერ დაძრავს. თუ გვჯერა, რომ ქვებს ჩვენი განკურნება შეუძლია, მაშინ უფრო იოლად­ უნდა დავიჯეროთ, რომ ადამიანები ქვებზე გაცილებით ძლიერი ვართ და ჩვენს ფსიქიკას იმაზე მეტის მიღწევა შეუძლია, ვიდრე - მინერალებს და ქვებს. როდესაც­ ადამიანს პრობლემები აქვს, მისი ასტროლოგიური, პირადი რუკის ანალიზის მიხედვით ვადგენთ სირთულეებს ქვეცნობიერში: რა შინაგანი ტრავმები ტანჯავს, განკურნების რა შესაძლებლობა აქვს, რაც ისევ ჩვენშია და არა - ქვებში ან წამლებში. ქვებიც და წამლებიც მხოლოდ დამხმარე იარაღია, მთავარი მკურნალი ძალაც და წამალიც ჩვენშია, მთავარია ამოცნობა.

პირად ასტროლოგიურ რუკაში ჩანს, რომელი მინერალი უფრო დაგვამძიმებს, ან დაგვეხმარება. მთავარი ადამიანის ფსიქიკის ცვლილება და მისი პიროვნული განვითარების უნარია, ქვები კი ამ გზაზე დამხმარეა. თუ ჩვენი ენერგოველისთვის შეუსაბამო ქვებს ვიყენებთ, ცხადია, დავმძიმდებით, ამიტომაც მნიშვნელოვანია, ქვების შერჩევამდე პირადი ასტროლოგიური რუკა მოვიკვლიოთ, რომ დავადგინოთ, როგორი ენერგეტიკა გვაქვს და ამის მიხედვით მოვირგოთ მინერალებიც. მარტივი წესია: თუ იმპულსური, სულსწრაფი ადამიანი ხარ და ქაოსური ენერგეტიკა გაქვს, უნდა მოერიდო აქტიურ ქვებს: ვეფხვის თვალს, ძოწს, ლაბრადორს, ცეცხლოვან აქატს. როცა ადამიანი ზედმეტად ემოციური,­ ფრთხილი, მშიშარა და მშფოთვარეა, არასასურველია ლაბრადორი, ამაზონიტი, ვარდისფერი კვარცი, მთვარის ქვა, ამეთვისტო, მარგალიტი, მარჯანი, ანუ მთვარის და წყლის ქვები. თუ ადამიანი მძიმე ხასიათისაა, მორიელის და თხის რქის თვისებები აქვს, რუხტოპაზს (კვამლიანი კვარცი) და, ზოგადად, ტოპაზს, შავ ტურმალინს, ობსიდიანს უნდა მოერიდოს; მას მოუხდება უფრო რბილი ქვები: სერდოლიკი, ციტრინი, მთის ბროლი, აქატი (არა - ნაცრისფერი), მალაქიტი.

ჩვენი ცხოვრება ემოციების, აზრების, მოქმედებების შედეგია. ამ პროცესში როგორ ჩავრთავთ ქვებს, რა ფსიქოემოციური განწყობა გვექნება, ჩვენზეა დამოკიდებული. როგორც ამბობენ, ადამიანს საკუთარი განწყობით შეუძლია დამუხტოს თილისმა ან მინერალი და თუ მიზნის მისაღწევად კონცენტრაციისთვის გჭირდება ქვა, მინერალი, ან, უბრალოდ, თილისმა, სწორად შერჩეული ასეთი საგანი შედეგის მისაღებად შეიძლება სერიოზული საყრდენი გახდეს. მთავარია, არ გქონდეს დაბლოკილი ის ენერგეტიკული სიხშირეები, რომლებიც წარმატების მისაღწევად აუცილებელია.

ყველა ქვას ახასიათებენ, როგორც ვიტამინების კომპლექსს, მაგრამ არც ყველა ვიტამინი მოგვიხდება და არც - ყველა ქვა.