"გულსატკენია, როდესაც რუსეთის მოსაშორებლად მთელი სიცოცხლე იბრძვი და ამის მერე რუსეთუმედ შეგრაცხავენ“ - კვირის პალიტრა

"გულსატკენია, როდესაც რუსეთის მოსაშორებლად მთელი სიცოცხლე იბრძვი და ამის მერე რუსეთუმედ შეგრაცხავენ“

"დღეს გმირიც აღარ არის საჭირო, გმირის ფუნქცია ამოიწურა, გმირების დრო წავიდა“

მწერალსა და ეთნიკურ მკვლევარ კობა არაბულს ქართული პოლიტიკისა და, ზოგადად, რეალობის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით იცნობენ, რასაც ქვეყნის მძიმე აწყმოსა და გაურკვეველ მომავალზე ფიქრთან აკავშირებს. გათითოკაცებული საქართველო, გაურკვევლობითა თუ უფუნქციობით დაღლილი ახალგაზრდობა, რომელიც ენერგიას აგრესიაში ხარჯავს, რუსეთუმეებად მონათვლით შეურაცხყოფილი საზოგადოება და... ეროვნული საყრდენი, რომლის შეტორტმანება მაინც ვერაფერმა შეძლო.

- ბატონო კობა, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ მოვლენებზე გამოთქმული მკაცრი შეხედულებების გამო თქვენ დაპირისპირება ხშირად გიწევთ, თუმცა "აქ დგახართ და სხვაგვარად არ ძალგიძთ"...

- ქართველებს შორის ამდენი დაპირისპირება რომ არ ყოფილიყო, ჩვენი­ საქართველო ედემის ბაღივით უნდა იყოს აყვავებული, მით უფრო, რომ ეს ედემი­ უფლის ნაჩუქარი გვაქვს. მაგრამ აბა, გადახედეთ, რა დღეში ჩავაგდეთ ჩვენი საქციელით აქაურობა! ისე კი, დიდება უფალს, რომ ჩვენი გადარჩენა და დღემდე­ მოღწევა ჰქონია ჩაფიქრებული, თორემ არაფერი გვეშველებოდა. აგერ, 4000 წელია, ამ გზაზე მოვდივართ და, უფლის ნებით, კიდევ ვივლით. იმიტომ ხომ არ ვართ ეს 4000 წელი, რომ მაინცდამაინც ახლა გადავშენდეთ! უფალი, ალბათ, სწორედ გადასარჩენად მოგვივლენდა ხოლმე გენიოსებს, თორემ მათ გარეშე რას შევძლებდით! აბა, თუ იცით, მათ შორის ერთ-ერთი პირველი ფარნავაზ მეფე რატომ მოგვევლინა? იმიტომ, რომ მას ერთ-ერთ პირველს ჰქონდა ქართული სახელმწიფოებრიობისათვის საძირკვლის ჩაყრის მისია. ისეთი საძირკველი უნდა ჩაეყარა, რომ მასზე აშენებული სახელმწიფო ყოველი ქარის დაქროლისას თავზე არ ჩამოგვქცეოდა.F ფარნავაზმა, ამ გენიოსმა,­ ამისთვის ისეთი თიხა მოზილა და ჩამოასხა, რომელიც აგერ, 25 საუკუნეა, ვერაფერმა შეარყია. მან შექმნა ქართული დამწერლობა, "მწიგნობრობაი ქართული", რაც ვერანაირმა უბედურებამ ვერ შეატორტმანა. მას შემდეგ ჩვენ სწორედ ეს ფენომენი, "მწიგნობრობაი ქართული" გვპატრონობს, თორემ მოგეხსენებათ, რამდენი უბედურება გვიტევს და გვაწუხებს. "შუშანიკის წამება" გვპატრონობს, რომელიც ლიტერატურული შედევრია და რომლის მწერალიც გვეუბნება, სული, რწმენაა მთავარი, რისთვისაც დედო­ფალმა ყველაფერი დათმო, განა სილამაზე, თუნდაც სიცოცხლეო. მას შემდეგ "ვეფხისტყაოსანი" გვპატრონობდა, რომელმაც საუკუნეების მანძილზე შეინახა­ საქართველო­. მონღოლობაში, სპარსელობაში, თურ­ქ­­ობაში ბიბლია ხელიდან გამოგვგლიჯეს, მაგრამ ტვინში შენახულმა "ვეფხისტყაოსანმა" გვიშველა. ქართველმა კაცმა ის ზეპირად დაიმახსოვრა და ასე გადასცა თაობიდან თაობას საუკუნიდან საუკუნემდე.

ამ ხნის მანძილზე სწორედ "ვეფხისტყაოსნით" ვსწავლობდით მხოლოდ­ ღვთისა და სამშობლოს კი არა, ჩვეულებრივ სიყვარულსაც. კაცობრიობის ისტორიაში სხვა რომელ ქვეყანას ნახავთ,­ რომელიც მწერლობას ისე გადაერჩინოს, როგორც საქართველო გადაარჩინეს ილიამ, ვაჟამ, აკაკიმ და სხვებმა?! და თანაც როგორი საქართველო! მეცხრამეტე საუკუნის მუხლებზე დაჩოქილი საქართველო! ეგენი რომ არა, დაღუპული­ იყო ქვეყანა, იმიტომ, რომ ქართველი ქართულად ვეღარ ლაპარაკობდა, უფლება აღარ ჰქონდა.­ ბავშვებს მასწავლებლები რკინის სახაზავებით სცემდნენ ქართულად ლაპარაკისთვის. იცით, ამ ყველაფერს რატომ ვამბობ? იმიტომ, რომ ჩვენი რეალობა სწორედ მწერლობას ანადგურებს, რათა სული ამოშანთოს. სწორედ სულიერი გამო­შიგვნაა ქვეყნისთვის უბედურება, თორემ ხორცი იმდენს რას ქმნის?! ხორცი მოკვდავია და წავა... ეს ყველაფერი განსაკუთრებით წინა ხელისუფლებისას გამოიხატა დამცირებითა­ და სულის ამოშანთვის მცდელობით, ყველაფრის გვირგვინი კი ის იყო, რომ მწერლებს მწერალთა სახლი წაგვართვეს და დღესაც ყოველმხრივ ხელმოკლედ მცხოვრებ მწერლობას ამ სახლის დაბრუნება არ გვეღირსა­. ხალხმა, რომელმაც 15 წლის წინ გვითხრა, ქვეყანას არაფერში სჭირდებითო, იქ რესტორანი და სასტუმრო გახსნა. თუმცა­, რაღა უნდა ვილაპარაკოთ, როდესაც სამართალი არ დაბრუნდა, ქვეყნის ვითომ უფლებადამცველები­ კი მხოლოდ უმორალო ადამიანების დაცვას უნდებიან. არასოდეს მინახავს, ამ "უფლებადამცელებს" სვავების პირში ჩავარდნილი პატიოსანი ადამიანი დაეცვათ. თანამედროვე ლიბერალები იმასაც კი ქადაგებენ, რომ დღეს გმირიც აღარ არის საჭირო, გმირის ფუნქცია ამოიწურა, გმირების დრო წავიდა...

- თეორეტიკოსების ნაწილი მართლაც იმ აზრისაა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩაკეტილი საზოგადოება იმართება ისტორიული პერსონებითა და გმირებით, რაც ამ საზოგადოების განვითარებას უშლის ხელს.

- არადა, სინამდვილეში ამ თეორიების ავტორებმა ძალიან კარგად იციან, რომ ქვეყანას, რომელსაც სურს განვითარდეს და რომელსაც წარსული აქვს, გმირებიც ჰყავს.­ განა ვინმე დაიჯერებს, რომ ამერიკაში ლინკოლნის ან ვაშინგტონის სახელებს არ ახსენებენ? Eეს ხომ სასაცილოა? მაგრამ იცით, ჩვენთან ასე რატომ ხდება? იმიტომ, რომ თუ ქართველები გმირებს მივბაძავთ, თუ ვაჟკაცურ სულისკვეთებას გავაღვივებთ, მაშინ იმ ხალხის ადგილი აღარ იქნება, ვისაც სურს, ვაჟკაცობა და მტერთან ბრძოლა ჩვენი დაპყრობილი ტერიტორიების საზღვარზე შარვლის ჩახდითა და უკანალის ტელევიზიებში ჩვენებით ჩაანაცვლოს... მაგრამ გამორიცხულია, საქართველოში ეს შარვალჩახდილი ხალხი გაიხადონ წინამძღოლად!

ჩვენ ქვეყანას ვერ დავუთმობთ მარიხუანათი გაბრუებულ ადამიანებს, ვერც ახალგაზრდობას და ვერც ძველგაზრდობას, რომელთაც სახე დაკარგეს! რამდენჯერ მინახავს, ვისაც ვგულისხმობ, მათი ბაკქანალია რუსთაველზე და ძალიან ცუდად გავმხდარვარ. მაგიჟებენ ისინი, ვისაც ტვინში სხვა არაფერი აქვთ, გარდა სურვილისა, სახე ჩამოკაწრონ და რუსეთუმე უწოდონ ადამიანებს, რომლებიც მათ საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამენ, მაგრამ არა უშავს, ავიტანთ როგორმე...

- არ ბრაზდებით?

- რომ გითხრათ, არა-მეთქი, არ დამიჯერებთ. გულსატკენი მართლაც არის, როდესაც რუსეთის მოსაშორებლად მთელი სიცოცხლე იბრძვი და ამის მერე რუსეთუმედ შეგრაცხავენ. დარწმუნებული­ ვარ, ამ ხალხს საქართველოს ისტორიაზე და საქართველოში რუსეთის ყოფნის ისტორიაზე წარმოდგენაც არ აქვს. ქართველებს ყველა დამპყრობი გვეზიზღებოდა, ვერც ერთ მათგანს ვერ ვეგუებოდით. რუსეთის წინააღმდეგ უამრავი აჯანყება მოხდა საქართველოში, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა 1930-იანი წლების თაობა, რომელთაგან ბევრი უკვალოდ გააქრა. ნუთუ ვინმეს ჰგონია, ერთი დავიძახეთ, რუსეთო, გადიო და ისიც გავიდა?! სანამ გავიდოდა, მანამდე ათეული წლების მანძილზე ვუთხრიდით ძირს საქართველოში რუსეთის ყოფნას.

9 აპრილს ჩემთან ერთად ჩემი უამრავი მეგობარი დარჩა რუსთაველზე რუსებთან საბრძოლველად. ყველა მათგანმა იცოდა, რომ შეიძლებოდა მომკვდარიყო, მაგრამ მაინც დარჩა. თითქოს დღესაც ვხედავ, როგორ ხელჩართული ებრძოდა რუს ჯარისკაცებს ჩემი მეგობარი ზურაბ გუგუშვილი, პოეტი და სპორტსმენი. ჩვენი უფროსი თაობები ამ ბრძოლაში უფრო ფრთხილობდნენ, რადგან 1937-ის საშინელება ჰქონდათ გამოვლილი, მაგრამ ისინიც ჩვენთან იყვნენ. ერთხელ დოდო აბაშიძემ მითხრა, როგორი გაბედულები ხართ ეს ახალგაზრდები, ჩვენ კიდევ რამდენ რაღაცაზე შიშით ვფიქრობთო. და რა გვექნა,­ რუსეთუმე გვეძახა დოდო აბაშიძისთვის? თქვენ კი, პატივცემულნო, ვინც რუსეთუმეს წოდებას დაუნანებლად არიგებთ, არც არაფრის გრცხვენიათ და არც არავინ არაფერს გიკრძალავთ! არ იცით, როგორი­ საშინელებაა, როდესაც ზოგჯერ ადამიანს სიტყვით კლავ და არავინ გიშლის! ზოგიერთს ისეთ უპატიებელ დანაშაულს მიაკერებთ, რომელიც სიკვდილს უდრის და არც კი ფიქრობთ ამ ადამიანების შვილებზე, რომლებიც მორალურად მამებთან ერთად იხოცებიან.

ახლა ცოტა შენელდა, მაგრამ გავიხსენოთ, რა ხდებოდა უკრაინელებთან დაკავშირებით! ლამის ნახევარი საქართველო გაიძახოდა, უკრაინელები მამაცები არიან, ქართველები კი ლაჩრები ვართო. და როგორ­ ფიქრობთ, ამის მთქმელმა საქართველოს ისტორია იცის?!A არ იცის, თორემ ამას ხომ არ იტყოდა! შინდისელ ბიჭებს მაინც გაიხსენებდა ვაჟკაცობის მაგალითად... მაგრამ სამწუხაროდ, ვინც ახლა არ იცის, არც ამის შემდეგ ეცოდინება ეს ისტორიები და იცით, რატომ? საქართველოს ისტორიის სწავლებაზე სკოლები უარს აცხადებენ, არადა, დღეს მეცნიერებითაც მტკიცდება, რომ ჩვენ, ქართველები, უძველესი ცივილიზაციის შემქმნელები ვართ, რომ კავკასიიდან დაიწყო ხალხის განსახლება ევროპაში.

ადრე სპარსი, ბიზანტიელი, თურქი, რუსი ჩაგჩრიდა საკუთარ კულტურაზე საუბრისას პირში ბურთს, დღეს კი ლიბერალურად მოაზროვნე ხალხი გაჩუმებს,­ ვითომ რით ხართ ქართველები სხვაზე უკეთესებიო! რატომ მაჩუმებენ, ვერ გამიგია, როდესაც ორი საუკუნის წინ ამბობდა გერმანელი მეცნიერი ბლუმენბახი, ქართველებზე ლამაზი ხალხი არ არსებობსო. ჯერ კიდევ სტრაბონი ამბობდა პირველ საუკუნეში, ქართველები მზეს და მთვარეს ემსახურებიანო. დიახ, ვემსახურებოდით, რადგან მზე დადებითი ენერგიას გვწვდიდა და 2000 წლის წინ უკვე ასტრონომიასაც ვსწავლობდით. შემთხვევით კი არ გვაქვს ერთგვარ ეროვნულ ჰიმნად: "მზე დედაა ჩვენი, მთვარე - მამა ჩვენიო". ეს ფილოსოფია, რომელიც უძველესი ასტრონომიით შევისწავლეთ და ხევსურეთში ქურუმთა და ხევისბერთა ქადაგებებში იყო შემონახული. ჩვენი ქურუმები ამბობდნენ, იყო დრო, როდესაც ხადას მთაზე თოვლი არ მოდიოდა და ქვები მუდამ თბილი იყო; როდესაც თოვლი წამოვიდა, ხალხს ის ფქვილი ეგონა და ასაკრეფად გაიქცაო.

- ანუ გლობალურ დათბობაზე საუბრობდნენ...

- დიახ. როგორც ჩანს, სწორედ იმ დროს აიგო ჩვენი მთების მწვერვალებზე ტაძრები, რომელთა ხსოვნა ქვეცნობიერში აქვთ ხევსურებს, როდესაც მთის სალოცავებზე ილოცებიან. კავკაიის მთები კავკასიელთა და მათ შორის - ჩვენი, ქართველთა ტომის გადამრჩენელია, რადგან ამ მთებს თავს ვაფარებდით.

- სხვათა შორის, თქვენს მოსაზრებას, რომ ქართველების გენეტიკა მთებმა შეინახა, დღეს უკვე უცხოელი მეცნიერებიც იმეორებენ. მაგალითად, სტოკჰოლმის ლაბორატორიაში ყოველი ქართული ნიმუშის შეწავლისას ამბობენ, რომ ჩვენი გენეტიკა მთებმა დაიცვა.

- დიახ და არა მხოლოდ გენეტიკა, არამედ - ზნე-ჩვეულებებიც. არასოდეს დამავიწყდება, სამეგრელოში, ცაიშში რომ ჩავედი, იქ ჭირის სუფრაზე ვიღაცამ თქვა, აქ სტუმარია ხევსურეთიდანო და ყველა ჩემს სადღეგრძელებლად ფეხზე წამოდგა. ამას რა დამავიწყებს! ეს ხომ საქართველოა, სადაც საკუთარს დაივიწყებენ და თანამოძმეს მიხედავენ!

- მართალს ბრძანებთ, თუმცა როდესაც­ ძალიან მკაცრად აკრიტიკებთ რეალობას, მეჩვენება, რომ მომავლის იმედი აღარ გაქვთ...

- მე როგორ არ უნდა მქონდეს მომავლის იმედი, როდესაც ბიბლია ამბობს­, რომ აკოპალიფსის შემდეგ მშვიდობა და სასოება დაისადგურებს; როდესაც ჩვენი­ ქადაგნი ამბობდნენ, რომ ხევსურეთიდან აყრილი ხალხი ისევ უკან, ხეობებით დაბრუნდება მთაში და თავის ნასახლარებს ააშენებს; როდესაც თვით ბუნებას აქვს წესი, რომ როდესაც ერთ წელიწადს ყანა გაფუჭდება და გახმება, მეორე წელიწადს აუცილებლად აბიბინდება... რაღა შორს წავიდე, რვა წლის შვილიშვილი მყავს, იაკობი და ამას წინათ პოლიციამ დაგვირეკა, სანაპიროზე "ვეფხვისა და მოყმის" ძეგლთან ვიპოვეთ, წაიყვანეთო. თურმე ჩაულაგებია ჩანთაში ყველაფერი, გზაზე ვიღაცისთვის უკითხავს, ხევსურეთის ავტობუსი საიდან მიდისო, იმ ვიღაცას უთქვამს, დიდუბიდანო და ისიც ფეხით დიდუბეში მიდიოდა. როდესაც პოლიციას უკითხავს, ხევსურეთში რა გინდაო, რა მინდა და თავისუფლებაო, უთქვამს იაკობს. ჰოდა, დარწმუნებული ვარ, ერთ დღესაც მოვა ეს ნამდვილი თავისუფლება, მომავალი თაობებისთვის მაინც.