"გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ ლამის გენებში გაგვიჯდა დამპყრობელი რუსის სიძულვილი“ - კვირის პალიტრა

"გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ ლამის გენებში გაგვიჯდა დამპყრობელი რუსის სიძულვილი“

როგორია საქართველო შორიდან? უფრო ლამაზი, ვიდრე დავტოვე ოცი წლის წინ, უფრო ძლიერი, უფრო ევროპული... თუმცა საზოგადოება ისევ გახლეჩილი და ეს, იმიტომ, რომ თავის დროზე ავს ავი არ ვუწოდეთ და კარგი ავისგან ვერ გავარჩიეთ, მაგრამ ახლანდელი ახალგაზრდების დიდი იმედი მაქვს, მათია საქართველოს მომავალი...

მთარგმნელი ნუნუ გელაძე წლებია იტალიაში ემიგრაციაში ცხოვრობს, მაგრამ საქართველოსთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია. კულტურათაშორის მედიატორს ბოლოდროინდელ აქტუალურ პროცესებზე იტალიაში ვესაუბრეთ.

- "ეს, ალბათ, ჩემი მოვალეობაცაა სამშობლოს წინაშე, უცხოეთში რომ უნდა შევასრულო", - ამბობთ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენი მთარგმნელობითი საქმიანობის შესახებ. რა სირთულეები ახლავს ამ საქმეს?

- უამრავი ისტორიული, ლექსიკური, ლინგვისტური, სოციალურ-კულტურული ხასიათის სირთულე და ბევრი სხვა. ყოველივე ამასთან ერთად, უსათუოდ გასათვალისწინებელია ის ცვლილებები, რაც მხატვრული თარგმანის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში დროდადრო ხდებოდა როგორც პრაქტიკის, ასევე მეთოდოლოგიისა და თეორიის თვალსაზრისით. იტალიაში თავისუფალი თარგმანის პრაქტიკას საფუძველი რომაელმა ლივიო ანდრონიკომ ჩაუყარა, რომელმაც ჰომეროსის "ოდისეა" ლათინურად თარგმნა და "ოდუზია" უწოდა; შემდეგ, შუა საუკუნეებში, სიტყვასიტყვითი თარგმანის პრაქტიკა დამკვიდრდა, რაც აღორძინების ეპოქამ არ გაიზიარა და უწინდელ თავისუფალ თარგმანს დაუბრუნდა; კლასიციზმის ხანაში გაჩნდა ტერმინი "ლამაზი, მაგრამ შემცოდე" და დაინერგა განსხვავებული მეთოდები: მეტაფრაზი, პარაფრაზი, იმიტაცია და დღეს, უფრო სწორად, გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან, მას შემდეგ, რაც თრადუტტოლოგია - თარგმანთმცოდნეობა მეცნიერებად ჩამოყალიბდა, თარგმანი ამიერიდან განიხილება არა როგორც უბრალოდ ლინგვისტური, არამედ სხვადასხვა დარგის მომცველი სოციოკულტურული, კულტურათაშორისი მოვლენა. მთარგმნელობითი საქმიანობის სირთულეებს ახლავს შიშიც, ვაითუ ვერ დასძლიო ესა თუ ის ტექსტი. იტალიურში არსებობს ასეთი გამოთქმა თრადუტტორე-ტრადიტორე, რომელსაც ხშირად იმეორებენ კრიტიკოსები. დაკვირვებული თვალი შეამჩნევს,­ რომ ერთი ასო-ბგერა განასხვავებს ამ ორ სიტყვას, თუ "უ"-ს ჩასვამ სიტყვაში, მთარგმნელს ნიშნავს­, თუ "ი"-ს - მოღალატეს... და ხარ ასე, მუდმივ შფოთვაში, არ უღალატო ტექსტს და საკუთარ თავს.

- ამბობენ, რომ მწერლობა, ლიტერატურა ერის სულია. რას გეუბნებათ გამოცდილება, დიდია განსხვავება თაობათა შორის?..

- მწერლობა, ლიტერატურა არა მარტო ერის სულია, არამედ ეპოქისაც. ეპოქა ხომ მწერალს თავად კარნახობს სათქმელსაც და სტილსაც. ამის თვალსაჩინო მაგალითად მოვიტანდი იტალიაში ათიოდე წლის წინათ დაარსებულ პოეტურ მიმდინარეობას - "საბოლოო რეალიზმს", რომლის სტილსა და პოეტურ ენას "შებრუნებული შედარება" დაარქვეს. ვთქვათ: თუ ადრე პოეტი იტყოდა: "შენი ბაგე ცეცხლს მივამსგავსე", ახლა იტყვის: "შენი პირი "ფერარივით" წითელია", წარმოგიდგენიათ, რომ შეყვარებულმა სატრფოს უთხრას: "შენი სიყვარული ჩემთვის გაზის კამერაა". ამ მიმდინარეობის დამაარსებელი­, თავად პოეტი გუიდო ოლდანი ამბობს, რომ ოცდამეერთე საუკუნის პოეზია უნდა იყოს სოციოლოგიური და დღევანდელ ურბანისტულ სამყაროში რომანტიკული შედარებები და მეტაფორები აღარ გამოდგება. ასე რომ, ყველა თაობას თავისი ენა აქვს და მწერალიც იმას ასახავს, რასაც მისი თაობა­ სთავაზობს.

- უკრაინის ომმა შეძრა მსოფლიო... ვიცი, რომ რუსულ ლიტერატურაზე მუშაობის გამოცდილება გაქვთ. როგორია ამ ერის საერთო მახასიათებლები?

- გეთანხმებით, რომ ეს ერი დამპყრობლური ბუნებით ხასიათდება, მაგრამ კაცობრიობის ისტორიას რომ გადავხედოთ, არაერთი დიდი (რაოდენობრივად) ერი ესწრაფოდა სხვათა დაპყრობას. ეგ არის, ქართველებს გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ ლამის გენებში გაგვიჯდა და სამართლიანადაც დამპყრობელი რუსის სიძულვილი და იქამდე მივედით, რომ ყოველგვარი რუსულის გაგონებაზე ამ ბოლო დროს ისტერიკა გვეწყება. ჩემთვისაც მიუღებელია დღეს თბილისის რესტორნებში თანამედროვე უგემოვნო რუსული სიმღერების მოსმენა, მაგრამ ასევე მიუღებელია ისტერიკული პატრიოტიზმიც და ამიტომაც არ მესმის, როგორ შეიძლება ისეთ დემოკრატიულ ქვეყანაში, როგორიც იტალიაა, დღეს მილანის უნივერსიტეტში დოსტოევსკის სწავლება იკრძალებოდეს. მაგრამ მგონია, საყოველთაო პროპაგანდასთან გვაქვს საქმე, თორემ პუტინის ბარბაროსული ქმედება რომ დასაგმობია, ეს სადავო არც უნდა იყოს. რასაც დღეს პუტინის რუსეთი აკეთებს უკრაინაში, ისეთივე დანაშაულია კაცობრიობის წინაშე, როგორიც ნაცისტურმა გერმანიამ ჩაიდინა. ასე მგონია, ყველაზე მეტად ჩვენ, ქართველები განვიცდით, ვინაიდან ჩვენ ეს ყველაფერი გადავიტანეთ - რუსეთის სისასტიკე აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, 1804 წლის მთიულეთის აჯანყებიდან მოყოლებული (მგონი, მანამდე 1802 წელს კახეთის აჯანყება იყო) რამდენი შეთქმულება და აჯანყება ჩაახშო, რამდენი ქალი და ბავშვი ხიშტზე ააგო, რამდენი ქალაქი და სოფელი გადაბუგა თუ იმპერიალისტურმა, თუ საბჭოთა რუსეთმა. ასე რომ, ქართველი ხალხის თავგანწირული ბრძოლა რუსეთის უღლის გადასაგდებად ერთი მთლიანი უწყვეტი ისტორიაა და დღეს ეს საუკუნოვანი ჭრილობები, ამ ყველაფრის შემხედვარეს, ისევ გვიახლდება.

პუტინი, როგორც მონსტრი, იმ სისტემამ­ შექმნა, ჯერ კიდევ სტალინის დროიდან რომ არსებობს და, ჩანს, ისეთი მძლავრია, პროგრესულ კაცობრიობას გაუჭირდება­ მისი გაუვნებლება. ევროკავშირი ხომ იმიტომ შეიქმნა, რომ ევროპის სახელმწიფოებს შორის ომები აღკვეთილიყო, მაგრამ, ჩანს, დადგა დრო მსოფლიოს ახალი გადანაწილებისა, შთაბეჭდილება მრჩება, რომ უკრაინელი ხალხი ყველამ გაწირა. თითქოს ყველას მშვიდობა უნდა, მაგრამ ყველა იარაღს აწვდის. რატომ არ ცდილობენ ამა ქვეყნის ძლიერნი როგორმე აღკვეთონ ეს ჯოჯოხეთი, რას ელიან? თუ მშვიდობა გვინდა, ხომ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ ამის მისაღწევად?! იტალიის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, წინააღმდეგია უკრაინისათვის იარაღის გადაცემისა, ასევე ვრცელდება აზრი, რომ ეს ომი მოულოდნელი არ ყოფილა. ამის შესახებ წლებია ექსპერტები პოლიტიკოსებს აფრთხილებენ, რომ რუსეთის ქმედებას გამართლება არა აქვს, რომ ჯერ კიდევ 2008 წელს შეეშალათ და საქართველო აპატიეს პუტინს; მერე იყო ყირიმი და ის, რაც დღეს ხდება, არასწორი პოლიტიკის შედეგია, რომ ერთადერთი გამოსავალი დიალოგია. ერთი სიტყვით, უამრავი შეკითხვაა და პასუხი არსაიდან ჩანს.

- საერთო მტრის არსებობამ, ერთნაირმა­ განსაცდელმა დაგვაახლოვა ქართველები და უკრაინელები?..

- რასაკვირველია, დაგვაახლოვა. თუმცა ისტორიულადაც მეგობრული ურთიერთობა გვქონდა ამ ხალხთან, მარტო დავით გურამიშვილისა და ლესია უკრაინკას ფაქტორი იკმარებდა. ქართველმა ემიგრანტებმაც ძალიან ბევრი გაიღეს უკრაინელების დასახმარებლად; მე იტალიის მაგალითი­ შემიძლია მოვიყვანო: ქართული სამრევლოები, კულტურული ასოციაციები, მათ შორის, ერთ-ერთი პირველი ჩვენი საზოგადოება "სამშობლო გულით სატარებელი" აქტიურად ჩაერთო ჰუმანიტარულ აქციებში. ერთმა ემიგრანტმა, იტალიაში აღიარებულმა მსახიობმა და მომღერალმა ლუკა ჩიქოვანმა ერთ-ერთ საავადმყოფოს მანქანით პირადად ჩაუტანა მედიკამენტები.

- ახლა ხშირად მოისმენთ ქართველისგან­ თავისი ერის დამაკნინებელ კონტექსტში მოხს­ენიებას, განსაკუთრებით, გმირი უკრაინელი ხალხის ფონზე...

- ნუთუ ნაკლები გმირი გვყოლია თუ ნაკლები ომი გადაგვიხდია?! ვინც დღეს მეორე ფრონტის გახსნისაკენ მოგვიწოდებს­ და გვამუნათებს, თავადაა წამსვლელი ამ ომში?! უსიყვარულობამ დაგვრია ხელი. ვცდილობთ საუკეთესო განათლება მივცეთ­ შვილებს და გამუდმებით ვუნერგავთ, რომ წარმატებული მენეჯერი, პოლიტიკოსი­, ბიზნესმენი გამოვიდეს. ამას ვაგონებთ იმ დღიდან, როცა "დედაენას" გადაშლის, მაგრამ მაშინ გვავიწყდება ვასწავლოთ ელემენტარული - შეიყვაროს პირველ გვერდზე დახატული ლამაზი ია ანუ ბუნება, დედამიწა, თავად ეს წიგნი, რადგან არა მხოლოდ ენის, ყველა წიგნის დედაა, უყვარდეს ადამიანი, მეგობრები, ნათესავები...

ემიგრაციამ ბევრი რამ მასწავლა, შესაძლებლობა მომცა აქედან უფრო ინტენსიურად ვემსახურო ჩემს სამშობლოს... როცა ჩემს ახლობლებს ვესაუბრები და მეუბნებიან, შენ რა იცი, აქ რა ხდებაო, ვპასუხობ, რომ აქედან უფრო მკვეთრ ფერებში მოჩანს ავიც და კარგიც. ალბათ, იმიტომ, რომ ემიგრანტს ყველანაირი გრძნობა გამძაფრებული აქვს და არ არსებობს ადამიანი, დილით თვალი გაახილოს და ჯერ ის არ მოიკითხოს, საქართველოში რა ხდება. როგორია საქართველო შორიდან? უფრო ლამაზი, ვიდრე დავტოვე ოცი წლის წინ, უფრო ძლიერი, უფრო ევროპული... თუმცა საზოგადოება ისევ გახლეჩილი და ეს, იმიტომ, რომ თავის დროზე ავს ავი არ ვუწოდეთ და კარგი ავისგან ვერ გავარჩიეთ, მაგრამ ახლანდელი ახალგაზრდების დიდი იმედი მაქვს, მათია საქართველოს მომავალი.