"აფხაზებმა და ოსებმა უნდა დაიჯერონ, რომ ქართველები არ არიან რევანშისტი აგრესორები“ - კვირის პალიტრა

"აფხაზებმა და ოსებმა უნდა დაიჯერონ, რომ ქართველები არ არიან რევანშისტი აგრესორები“

რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს რუსეთ-უკრაინის ომს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოსთვის? ჯერჯერობით ამ კითხვის პასუხი არ ჩანს, თუმცა ერთი რამ ცხადია: რუსეთ-უკრაინის ომის გავლენით იცვლება გლობალური პოლიტიკა და ის ჩვენი რეგიონისა და საქართველოს კონფლიქტებზეც დიდ გავლენას მოახდენს. გვესაუბრება ამერიკის კარტერის მშვიდობისა და კონფლიქტების მოგვარების სკოლის დოქტორანტი, მკვლევარი ნათია ჭანკვეტაძე:

- რა გავლენა შეიძლება მოახდინოს რუსეთ-უკრაინის ომმა ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, რომლებიც ისეა გართულებული, რომ სამაჩაბლოელი ოსი თბილისში მცხოვრები ახლობლის დაკრძალვაზეც ვეღარ მიდის? რუსეთ-უკრაინის ომმა უკრაინის მხარდასაჭერად მსოფლიოს უდიდესი ნაწილი გააერთიანა. ყოყმანის დრო დამთავრდა­ და ჩვენც მკაფიო პოზიცია უნდა გამოვხატოთ - წარმოუდგენელია, საქართველოში რუსული ბანაკის არჩევის პერსპექტივა არსებობდეს. რაც შეეხება ოსებს და აფხაზებს, ისინი დღეს ძალიან შეშინებული არიან. მათ შეეშინდათ იმ განცხადებების, რომლებიც ცხინვალსა და სოხუმში "ქართველების გასეირნების" შესახებ გაისმა. ორივე საზოგადოება დაუცველად გრძნობს თავს. მათ იციან, რომ რუსეთი არა მათი, არამედ საკუთარი ინტერესებით მოქმედებს, განსაკუთრებით - მიმდინარე ომის ფონზე, ასე რომ, არავინ იცის, ამ ხალხს ხვალ რა ელის. საბედნიეროდ, ძალის გამოყენების უდავოდ პროვოკაციულ იდეას ქართველი საზოგადოების დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია, მხოლოდ უმცირესმა ნაწილმა გაიზიარა ის და ოსები და აფხაზებიც ნაწილობრივ დამშვიდდნენ. აღსანიშნავია, რომ ძალის გამოუყენებლობას აფხაზურ-ოსურ-ქართული ერთიერთობისთვის როგორც მორალური, ისე პრაგმატული საფუძველი აქვს, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნებაზე, არამედ იქ მცხოვრებ ხალხთან მშვიდობიან თანაცხოვრებაზე, რაც ძალის გამოყენებით შეუძლებელი იქნება. ძალის გამოყენება რევანშის დაუსრულებელ წრეს შექმნის და მომავალ თაობებს მშვიდობას ვერ მოუტანს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დევნილების პოზიცია - ბევრმა მათგანმა უარი თქვა ომზე, რადგან კარგად იციან ომის სიმწარე და ცხედრებზე გადავლით საკუთარ სახლებში დაბრუნების მომხრენი არ არიან. ისე კი, საქართველოს მხრიდან აგრესიის შიში მაინც რჩება და ამას სამაჩაბლოშიც და აფხაზეთშიც ისევ აღიარებენ.

- პირად საუბარში თუ სოცსივრცეში?

- ყველგან, თუმცა ბევრს, განსაკუთრებით აფხაზებს, არც რუსებისადმი აქვს უპირობოდ კარგი დამოკიდებულება, მათიც ძალიან ეშინიათ. ეს ორი საზოგადოება 2008 წლის ომის შემდეგ განსხვავებულად განვითარდა. ეს განსხვავება ბოლო პერიოდის მოვლენებმაც დაადასტურა, როცა ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებმა რეფერენდუმსა­ და რუსეთთან შეერთებაზე დაიწყეს ლაპარაკი, აფხაზებმა კი გაიმეორეს, რომ მათ დამოუკიდებლობა უნდათ. ჩვენ ვიცით, როგორი მყიფე და შეზღუდულია მათი "დამოუკიდებლობა", მაგრამ მსგავსი განცხადებები აჩვენებს ამ საზოგადოების უმრავლესობის პოზიციას, მიუხედავად იმისა, რომ იქაც არიან ადამიანები, ვინც რუსეთთან შეერთებაზე უარს არ იტყოდა.

- თუმცა ბიბილოვს არ უშველა რუსეთ­თან შეერთების დაგეგმვამ, ის არჩვენების პირველ ტურში დამარცხდა.

- ეს მართლაც საინტერესო პროცესია. ოსები, უმეტესად, რუსულ საინფორმაციო სივრცეში არიან მოქცეული და სრულად დამოკიდებული გახდნენ რუსეთზე, მაგრამ, ამის მიუხედავად, პერიოდულად გამოხატავენ პროტესტსა და უკმაყოფილებას. ბოლო დროს მათი Pპროტესტის ერთ-ერთი­ საბაბი ინალ ჯაბიევის საქმე იყო. ჯაბიევი ციხეში გარდაიცვალა და მის გარდაცვალებას­ ისეთი პროტესტი მოჰყვა, დე ფაქტო პრეზიდენტმა ბიბილოვმა "მთავრობის" სრული შემადგენლობა დაითხოვა და ყველა დამნაშავის დასჯის პირობა დადო. პირობის შეუსრულებლობის ერთი თვის თავზე ე.წ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მანდატების მოქმედება შეიჩერეს და მუშაობაზე უარი თქვეს, ვიდრე ბიბილოვი პირობას არ შეასრულებდა.

როდესაც ქართულ-აფხაზურ­ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე ვლაპარაკობთ, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ ამ ხალხში ცოცხლობს ქართველების­ადმი შიში და უნდობლობა, ამიტომ­ რუსეთი მართლაც რომ გავიდეს ამ რეგიონებ­იდან, ჩვენ შორის გაუცხოების აღმოფხვრას ხანგრძლივი მუშაობა­ დასჭირდება.

- როგორც ვხვდები, უკრაინაში მიმდინარე ომისადმი აფხაზებისა და ოსების პროტესტი ერთმანეთისაგან განსხვავდება.

- სამივე საზოგადოება - ქართველი,­ აფხაზი და ოსი - ტრავმირებულია ომებით­ და ამ ტრავმების თავიდან აცილების­ სურვილი ადვილად იკითხება­ სოცქსელებსა თუ პირად ურთიერთობებში. არის ხალხი, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველივე ხანებში თქვა: "არა ომს!" ზოგმა თავისი პოზიცია სოციალური ქსელითაც გამოხატა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც რუსეთს დაუჭირა მხარი. ცოტა ხნის წინ სოცქსელში აფხაზი უფლებადამცველებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართვა გავრცელდა. ისინი უკრაინაში ომისა და სისხლის ღვრის შეჩერებისკენ მოუწოდებენ­ ყველას. მიმართვას 500-ზე მეტი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრი დაეთანხმა, თუმცა გამოჩნდნენ ისეთებიც, ავტორებს მოღალატეობაში რომ დასდეს ბრალი და მეხუთე კოლონაც უწოდეს. კომენტარებზე დაკვირვებისას თვალში მომხვდა რუსული პროპაგანდის ისეთივე გზავნილები, როგორსაც ქართველ საზოგადოებაში მოისმენთ პრორუსებისგან. მაგალითად, რამდენიმე აფხაზმა მიმართვაზე ხელმომწერებს დასავლეთის აგენტები და "ლიბერასტები"­ უწოდა; ბევრმა დაწერა, სად იყავით რვა წელიწადი, უკრაინელები დონბასში რომ ხალხს ხოცავდნენო. მოკლედ, აფხაზების აზრი ორად არის გაყოფილი და ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები არ ამართლებენ რუსეთ-უკრაინის ომს.

აფხაზებმა და ოსებმა უნდა დაიჯერონ, რომ ქართველები არ არიან აგრესორები და ჩვენი აღარ უნდა შეეშინდეთ. უნდა დაგვიჯერონ, რომ ჩვენ არ ვემუქრებით მათ იდენტობას, რომ მშვიდობიანი თანაცხოვრების მომხრე ვართ, მით უფრო, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა ყველას დაანახა რუსეთის სახე. ის არ არის ქვეყანა, რომელსაც რომელიმე ერის კეთილდღეობა სურს და ამიტომ მანამდე გააგრძელებს ჩვენი საზოგადოებებით მანიპულირებას, სანამ ამის შესაძლებლობას მივცემთ. ჰოდა, სწორედ ახლაა სწორი, ჩავერთოთ აფხაზურ-ოსურ ცნობიერებაში და მათთან ერთად გადავწყვიტოთ, როგორ არ უნდა მივცეთ რუსეთს ჩვენით მანიპულირების საშუალება.