"კარიკატურამ შეიძლება მეტი გააკეთოს, ვიდრე მოწოდებებმა“ - კვირის პალიტრა

"კარიკატურამ შეიძლება მეტი გააკეთოს, ვიდრე მოწოდებებმა“

"ვფიქრობ, არ არსებობს ორი რუსეთი, რუსეთი ერთია! ორი რუსეთის არსებობის არ მჯერა!“

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ბ. იაშვილის სახელობის თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტს პლასტიკურ ქირურგიაში გუგა ქაშიბაძეს უამრავი მძიმე პაციენტის გამოჯანმრთელება უწევს, მაგრამ მიუხედავად ამისა, კარიკატურების ხატვას მაინც ახერხებს. მის, ერთი შეხედვით ღიმილის მომგვრელ ნამუშევრებში, მსოფლიოს უდიდესი ტკივილი და პრობლემებია ასახული.

- მთელი ბავშვობა ჟურნალ "ნიანგის" მოყვარული ვიყავი, სადაც ისეთი საუკეთესო კარიკატურისტები საქმიანობდნენ, როგორიც იყვნენ ვახტანგ კუცია, ჯემალ ლოლუა, მურთაზ აბაშიძე... ჟურნალიც დღეს აღარ გამოდის. ვხატავდი ჟურნალისთვის "ფილთაქვა", ვმონაწილეობდი კონკურსებში, თუმცა ეს ყოველთვის მაინც ჰობი იყო... მამაც თვითნასწავლი მხატვარი იყო და ხატვა დაახლოებით ორმოცდახუთი წლის ასაკში დაიწყო. მე კი, მანამდე ვხატავდი, სანამ მამა დაიწყებდა ხატვას. მშობლებს უკვირდათ, ხატვის ნიჭი ვისგან გამოჰყვაო...

- წარმატებული ექიმი ხართ. ნახატების შესაქმნელად დროს როგორ პოულობთ?

- კარიკატურების ხატვაც ზუსტად იმიტომ დავიწყე, რომ დრო ცოტა მრჩებოდა... ნახატების უმრავლესობა ელექტრონული ვერსიაა. ტელეფონშიც შემიძლია ვხატო... დაახლოებით ისეა, წიგნი რომ ელექტრონულად წაიკითხოთ. რა თქმა უნდა, ელექტრონული წიგნი ნამდვილ წიგნს ვერ ცვლის, წიგნის სუნი, ფურცლის ჩაკეცვა სულ სხვაა, მაგრამ, სამაგიეროდ, თანამედროვე ტექნოლოგიები მოსახერხებელია.

putini2-1650804125.jpg

- პანდემიის პერიოდში არაერთი კარიკატურა შექმენით და თქვენს ნახატებში, ძირითადად, პირბადის არასწორად გამოყენება იყო გაშარჟებული...

- კარიკატურისტების უმრავლესობა­ ნამუშევარში იმ პრობლემებს ასახავს, რომლებიც აწუხებს. კარიკატურამ შეიძლება მეტი გააკეთოს, ვიდრე მოწოდებებმა.

- რუსეთ-უკრაინის ომმა მთელი მსოფლიო შეძრა... თქვენს, ერთი შეხედვით, სახალისო კარიკატურებშიც ძალიან დიდი ტკივილი ჩანს...

- ამ ომმა გულგრილი არავინ დატოვა! რაც ხდება, განსაკუთრებულად მწვავედ გვტკივა საქართველოში­, რადგან გამოვლილი გვაქვს­ მსგავსი ტრაგედია, უსუსურობის შეგრძნება, ბოღმა რომ გახრჩობს, მაგრამ ვერა­ფერს აკეთებ... 2008 წელს, ომის დროს, დამწვრობის ცენტრი ძალიან აქტიურად მუშაობდა, რადგან ძალიან ბევრი დაზიანება ჰქონდათ როგორც ჯარისკაცებს, ასევე­ - სამოქალაქო პირებს. მახსოვს ორი რუსი მფრინავი, რომლებიც ჩვენებმა ჩამოყარეს. ისინი ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში იწვნენ. წარმოიდგინეთ, იმ რუსების მკურნალობა გვიწევდა, რომლებიც გორს ბომბავდნენ! ბუნებრივია, ამ ყველაფერს ცივი გონებით ვერ უყურებ, მაგრამ ექიმის პასუხისმგებლობა და მორალი არ გაძლევს სხვაგვარად მოქცევის უფლებას. ალბათ, რამდენიმე თაობა დაგვჭირდება, მივხვდეთ, რომ მტერს თავისი სახელი უნდა დაარქვა და მოყვარეს - თავისი. ჯერჯერობით ეს ვერ მოვახერხეთ, რადგან კავშირები ისევ გადახლართულია, ისევ ილუზიებში ცხოვრობს ჩვენი მოქალაქეების ნაწილი... სამწუხაროდ, ისევ ბევრი რამით ვართ რუსეთზე დამოკიდებული... მაგრამ, რაც უნდა მტკივნეული იყოს, დგება დრო, როცა ეს კავშირი უნდა გაწყვიტო! ღვინის ემბარგო როცა იყო, ჩვენმა მეღვინეებმა ხომ აღმოაჩინეს ახალი ბაზრები?! ღვინის ხარისხიც გაუმჯობესდა... ასე უნდა გამოვნახოთ გზები ყველა მიმართულებითაც, თორემ ნებისმიერ დამოკიდებულებას თან ახლავს მანიპულირება, ზემოქმედება. დღეს მიღებული რაღაც „სარგებელი ხვალ შეიძლება შენს საწინააღმდეგოდ შემობრუნდეს... ვფიქრობ, არ არსებობს ორი რუსეთი, რუსეთი ერთია! ორი რუსეთის არსებობის არ მჯერა!

putini3-1650804125.jpg

- ჩვენი ქვეყანა უკრაინის მხარდაჭერას სათანადოდ გამოხატავს?

- მცირედ გამოხატავს, მაგრამ განსხვავდება ერთმანეთისგან საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის განწყობა. ხალხს უფრო სტკივა და მეც ხალხის ნაწილი ვარ...

ჩემი უკრაინელი მეგობრებიდან დღეს ზოგი პოლონეთშია, ზოგი - გერმანიაში... ჩვენი ცენტრი თანამშრომლობს იმ კლინიკებთან, სადაც ბევრი უკრაინელი მკურნალობს... უკრაინელთა ნაწილი ტრავმებით ჩავიდა პოლონეთში და რამდენიმე პაციენტი დავაკვალიანეთ, რომელ კლინიკაში უნდა მისულიყვნენ. ასეთ დროს ძალიან ბევრს ნიშნავს პირადი ურთიერთობები.

მინდა მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და მთელ მსოფლიოს!