მონატრებული ლელობურთი დაბრუნდა - კვირის პალიტრა

მონატრებული ლელობურთი დაბრუნდა

ტყავის ბურთს, რომელიც ნახერხით და ქვიშით არის სავსე, სოფლის მოძღვარი აკურთხებს, ჰაერში აისვრის და...

ახალმა კორონავირუსმა გურულები ორი წლის განმავლობაში დატოვა ლელობურთის გარეშე. ორსაუკუნოვანი სააღდგომო ტრადიცია, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წლით - მეორე მსოფლიო ომის დროს შეწყდა, 2020 წელს დაწყებულმა პანდემიამაც შეაჩერა. თუმცა შუხუთელებისთვის აღდგომის წლევანდელი დღესასწაული ორმაგად საზეიმო გამოდგა - გურიის ამ ლამაზ სოფელს მონატრებული ლელობურთი დაუბრუნდა! ასე რომ, "რაგბის ქართულ წინაპარზე" სალაპარაკოდ ჩვენც ორმაგი მიზეზი გვაქვს:

...სხვადასხვა ქვეყანასა თუ კუთხეში აღდგომის დღესასწაულს უამრავი ტრადიცია უკავშირდება, გურულებისთვის კი ეს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული წარმოუდგენელია უძველესი ქართული თამაშის - ლელობურთის გარეშე! უკვე სამი საუკუნეა, ყოველ აღდგომა დღეს ლანჩხუთის რაიონის სოფელი შუხუთი ორად იყოფა და ერთფუთიანი ანუ 16-კილოგრამიანი ბურთისთვის ბრძოლას იწყებს. ტყავის ბურთს, რომელიც ნახერხითა და ქვიშით არის სავსე, სოფლის მოძღვარი აკურთხებს, ჰაერში აისვრის და... რამდენიმე საათის განმავლობაში ასობით ადამიანი ისეა ერთმანეთს გადაჯაჭვული, ბურთს იშვიათად თუ მოჰკრავთ თვალს. ხშირად თამაში, რომელშიც მამაკაცების გარდა, მოხუცები, ბავშვები და ქალებიც კი მონაწილეობენ, რამდენიმე საათს გრძელდება, სანამ რომელიმე გუნდი ბურთს ლელომდე ანუ პატარა მდინარემდე არ მიიტანს.

შუხუთის მცხოვრები რევაზ ჩიტიძე: "სოფელი ზემო და ქვემო შუხუთად იყოფა, ლელობურთის თამაშის დროს კი საზღვრად ქვემო შუხუთის ცენტრის გამყოფი გზა იყო აღებული. ხაზის დასავლეთით მცხოვრებთ ქვემოურებს უწოდებენ, აღმოსავლეთით - ზემოურებს. ლელობურთის თამაში იწყება ადგილიდან, რომელიც თანაბრად არის დაშორებული აღმოსავლეთით და დასავლეთით მდებარე ორი პატარა მდინარისგან. ქვემოურებიცა და ზემოურებიც ცდილობენ ბურთი თავიანთ მდინარესთან მიიტანონ. რომელი მხარეც უფრო ადრე შეძლებს ამას, გამარჯვებული ის არის".

რატომ მაინცდამაინც აღდგომა დღეს? მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის აღდგომა ყველაზე დიდი დღესასწაული და სიხარულია, გურულებმა საყვარელი თამაშიც ამ დღეს დაუკავშირეს. ორას წელზე მეტია, შუხუთში ეს ტრადიცია გრძელდება და მხოლოდ რამდენიმე წლით (1941-1945 წლებში, ანუ მეორე მსოფლიო ომის დროს. - ავტ.) შეწყდა. აღსანიშნავია, რომ კომუნისტების მმართველობის პერიოდში ლელობურთის თამაში 1-ლ მაისს გადაიტანეს, თუმცა 1990 წელს ტრადიცია აღდგა.

lelo2-1650804522.jpg

რევაზ ჩიტიძე: "თოფს გაისროდნენ და ბურთი თამაშში ორივე გუნდის უხუცეს მოთამაშეებს შეჰქონდათ - რა ასაკისაც უნდა ყოფილიყვნენ, უხუცესები თავადაც მონაწილეობდნენ თამაშში. ლელობურთის ცნობილი მოთამაშეები - გრიგოლ აფხაძეც და კოსტა ორაგველიძეც 90 წელს გადაცილებული გარდაიცვალნენ და სიცოცხლის ბოლომდე შეჰქონდათ ბურთი თამაშში! არადა, ორასამდე ჯანიანი ვაჟკაცი 16-კილოგრამიანი ბურთისთვის ძალისმიერ ორთაბრძოლაში რომ ჩაერთვება, როგორ გინდა ბურთის აგდების შემდეგ წარმოქმნილ ზედახორას თავი დააღწიო?! ლელობურთისას ხშირია ნეკნის, ლავიწის ძვლის დაზიანება, მოტეხილობა და ა.შ., მაგრამ სერიოზული ტრავმები არ ყოფილა".

სამწუხაროდ, შუხუთში თითქმის აღარ დარჩნენ ლელოს მოთამაშე უხუცესები. ამიტომაც ბოლო წლებია, ბურთი თამაშში სოფლის ცენტრში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარ მამა საბას შეაქვს. ლელობურთის მოთამაშეთა რაოდენობაა წინასწარ განსაზღვრული არ არის - რამდენ მოთამაშის გამოყვანასაც შეძლებენ ზემოურები და ქვემოურები, იმდენი ითამაშებს. ყოფილა შემთხვევები, ლელობურთის თამაში 5-6 საათსაც გაგრძელებულა!

რევაზ ჩიტიძე: "როცა რამდენიმე საათს გრძელდება, "ახალ სისხლს" ანუ რამდენიმე დასვენებულ მოთამაშეს თამაშში გარდატეხის შეტანა შეუძლია. მაგალითად, ყოფილა შემთხვევები, ერთი მხარის მიერ თითქმის მდინარემდე მიტანილი ბურთი "ფინიშთან" მეორე გუნდს მიუტანია და თამაში შემოუბრუნებია! საქონლის ტყავის ბურთი ნაკურთხი ღვინით გაჟღენთილი ნახერხითა და სილით არის სავსე და 16 კილოგრამს იწონის! ჩვენი წინაპრები ლელობურთის დაწყებამდე მოთამაშეებსაც ასმევდნენ სპეციალურ სასმელ "აგუნას" და სჯეროდათ, რომ ის ძალითა და ენერგიით ავსებდა კაცს...

მოთამაშები რამდენიმე კატეგორიად იყოფიან - იმათ გარდა, ვისაც ბურთი აქვს და უშუალოდ ორთაბრძოლის შუაგულშია, არიან მოთამაშეები, რომლებიც გარშემო ტრიალებენ, სხვები დროდადრო აწვებიან გარედან, სტრატეგიულად მანევრირებენ და ა.შ. ბუნებრივია, მოხუცი, ქალი ან ბავშვი ჭყლეტასა და ზედახორაში ვერ შევა, მაგრამ გარედან ეხმარებიან ხოლმე თავიანთ გუნდს. ლელობურთი იმდენად აზარტულია, მაყურებელსაც უჩნდება თამაშში ჩართვის სურვილი. ხშირად უცხოელებიც ერთვებიან ხოლმე, მით უმეტეს, ბოლო წლებში ამ თამაშის სანახავად შუხუთში უამრავი ხალხი ჩამოდის. 1970-იანი წლებიდან დამკვიდრდა ტრადიცია, რომ გამარჯვებულ გუნდს ბურთი წლის განმავლობაში გარდაცვლილი მოთამაშის საფლავზე მიაქვს და იქ ტოვებს. ამიტომ ყოველ წელს ახალი ბურთი იკერება. უკანასკნელი 30-40 წლის განმავლობაში ლელოს ბურთს შუხუთელი თერძი შაქრო იმნაიშვილი კერავდა. სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, თუმცა ბატონი შაქროს პატივსაცემად საბოლოო სახეს ბურთი მაინც მის ოჯახში იღებს".