"შარშანდელთან შედარებით წლეულს ფასების ზრდა ნაკლები იქნება“ - კვირის პალიტრა

"შარშანდელთან შედარებით წლეულს ფასების ზრდა ნაკლები იქნება“

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ამ ორ ქვეყანასთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. არადა, ისინი ჩვენი ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ. რა გავლენას მოახდენს ამგვარი ცვლილებები საქართველოს ეკონომიკაზე და როგორ აისახება თითოეულ მოსახლეზე, ამ საკითხებზე `კვირის პალიტრა~ ეკონომიკის პროფესორ სოსო არჩვაძეს ესაუბრა:

- რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე ორივე ჩვენი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო. 2021 წლის მონაცემებით, რუსეთის წილი ჩვენს ბრუნვაში 11,4%-ს შეადგენდა, ხოლო უკრაინის - 5,2%-ს. ჯამში ეს სოლიდური წილია, დაახლოებით 1/6 ჩვენი საგარეო ვაჭრობისა ამ ორ ქვეყანაზე მოდიოდა.გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ სავაჭრო ურთიერთობა 140-ზე მეტ ქვეყანასთან გვაქვს, გასული წლის მონაცემების მიხედვით. ბუნებრივია, რიცხვები აბსოლუტური მოცულობითაც საკმაოდ დიდია. ექსპორტის მოცულობა ამ ორ ქვეყანაში 900 მილიონ აშშ დოლარზე მეტი იყო, იმპორტი კი - თითქმის 1,5 მილიარდი. ჯამში დაახლოებით 2,3 მილიარდი დოლარის ბრუნვა გამოდიოდა მხოლოდ ამ ორ ქვეყანასთან, ახლა კი მათი წილი მნიშვნელოვნად არის შემცირებული ჩვენს ექსპორტშიც და იმპორტშიც. თუ 2021 წლის მარტში ამ ორი ქვეყნის წილი საქართველოს ექსპორტში 19,9% იყო, წლევანდელ მარტში კი 4,6%-მდე შემცირდა. ლაპარაკია მხოლოდ 1 თვის მონაცემებზე, მარტის შედარება მარტთან. იმპორტის ვარდნა ნაკლებია და 15,4-დან 11,5%-მდეა ჩამოსული. ჯამში ამ ორი ქვეყნის წილი სავაჭრო ბრუნვაში 16,8-დან 9,3%-მდეა შემცირებული.

ანალოგიური მდგომარეობაა ფულად გადარიცხვებშიც. თუ რუსეთიდან და უკრაინიდან საქართველოში 2021 წლის მარტში გადმოირიცხა 41 მილიონი აშშ დოლარი, წლეულს 27,1 მილიონია გადმორიცხული - ანუ კლება დაახლოებით 1/3-ია. თუ აქედან გადარიცხვებს ავიღებთ, აქაც კლება გვაქვს. თითქმის 10 მილიონი აშშ დოლარის ნაცვლად გადაირიცხა 5 მილიონი. ტრანზაქციების რაოდენობამაც საგრძნობლად იკლო და თითქმის 30%-ით არის შემცირებული. ჯამში ეს გვაძლევს 10-მილიონიან კლებას და ეს მხოლოდ ერთი თვის მონაცემებით.

სხვათა შორის, რუსეთმა არათუ ლიდერის პოზიცია დაკარგა, არამედ ტრანზაქციებით უკვე მესამე ადგილზე ჩამოვიდა იტალიისა და აშშ-ის შემდეგ. იყო დრო, როდესაც მისი წილი ტრანზაქციებში 70%-ს აღემატებოდა, ამჟამად კი რუსეთის წილი და გავლენა ტრანზაქციების ხაზით მილევადია.

- პროდუქტების მიხედვით როგორია ეს დამოკიდებულება, კონკრეტულად რომელი მიმართულებით შეიძლება აისახოს ამ სავაჭრო ბრუნვის შემცირება საქართველოში სამომხმარებლო ბაზარზე?

- იმპორტში ჯერჯერობით საკმაოდ დიდია დამოკიდებულება რუსეთის მარცვლეულზე. არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ ფაქტია, რომ ხორბლისა და ჭვავის ფქვილის იმპორტის 98,3% რუსეთის ფედერაციაზე მოდიოდა. რაც შეეხება ნავთობს, რუსეთის წილია 18,4%, ბუნებრივ აირში - 19%, ელექტროენერგიაში - 35,5%, ეს კი საკმაოდ მაღალ დამოკიდებულებას ქმნის და საქართველო ამ ხაზით მოწყვლადია. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ალტერნატიული ბაზრების მოძიება, რაც ასევე აუცილებლად გამოიწვევს ფასების მატებას როგორც იმპორტის, ასევე საექსპორტო პროდუქციის ხაზით. დაგვჭირდება დიდი ძალისხმევა, რათა ეს დარტყმა საქართველოს ეკონომიკამ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით გადაიტანოს.

- ამისთვის რა არის აუცილებლად გასაკეთებელი?

- რუსეთიდან ეს პროდუქტი სიახლოვისა და სიიაფის გამო შემოგვქონდა. ამიტომ ახლა გაცილებით მეტის გადახდა მოგვიწევს და ეს იქნება გარკვეულწილად ჩვენი დამოუკიდებლობისა და რუსული ბაზრისგან თავის დაღწევის საფასურიც. თუმცა რიგით მოქალაქეს უჭირს გაძვირებული პროდუქციის შეძენა და აქ რა გზა არის? ვფიქრობ, მაინცდამაინც აპოკალიფსურ სურათს არ უნდა ველოდოთ, რადგან მართალია, ვაჭრობის დარგში არცთუ სახარბიელო ძვრები მოხდება, მაგრამ, მეორე მხრივ, გვაქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი, რათა ამ დარტყმის ამორტიზება მოვახდინოთ. ექსპორტის წახალისება და ბაზრებზე გასვლა, უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირება, სატრანსპორტო კომუნიკაციის მეტად გამოყენება, ბიუჯეტს მეტ შემოსავალს მოუტანს, მეტი შემოსავალი კი ნიშნავს ვალუტის ხელშეწყობას, მისი კურსის გამყარებას და ეს ერთ-ერთი მთავარი გზაა იმპორტირებული პროდუქციის ფასების სტაბილურობისთვის, ან უკეთეს შემთხვევაში, გაიაფებისკენ. ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია და ვფიქრობ, სასურველ ნაყოფს გამოიღებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისე არ წვიმს, როგორც ქუხს.

- რუსეთიდან ომამდე კარგა ხნით ადრე შეიზღუდა ხორბლის ექსპორტი, ფქვილის ექსპორტი კი წახალისდა, თან ეს პროდუქცია ისედაც გაძვირდა. ამაზე მეტადაც შეიძლება გაძვირდეს, თუკი ახალი ბაზრებიდან შემოვა? ფასების მატების რა მასშტაბზე შეიძლება ვილაპარაკოთ და რომელი ბაზრებით შეიძლება ჩანაცვლდეს რუსეთი?

- საერთოდ მსოფლიო ბაზარზე მოსალოდნელია ფასების ზრდა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სპეციალისტები სასურსათო ბაზარზე საშუალოდ 37%-იან გაძვირებაზე საუბრობენ. საქართველო გლობალური ბაზრის მოთამაშეა, ჩვენი ბაზრის 70% იმპორტზეა დამოკიდებული და, რა თქმა უნდა, ეს ჩვენზეც აისახება. მთავარია, ამ ღელვაში ტალღის ქვეშ კი არ მოვექცეთ, არამედ ზემოთ. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა სწორედ აქეთ უნდა იყოს მიმართული, რათა ზარალი რაც შეიძლება მინიმალური იყოს.

- უკრაინიდან საქართველოში, ძირითადად, თამბაქოს, მცენარეული ზეთის, მედიკამენტებისა და სამშენებლო მასალების იმპორტი ხდებოდა. ცხადია, იყო სხვა პროდუქტებიც, მაგრამ მთავარზე რომ ვისაუბროთ, ფასებზე როგორ აისახება და რა ალტერნატიული ბაზრები არსებობს, მოსახლეობისთვის ძალიან საგრძნობი რომ არ იყოს ფასების ზრდა?

- ამ პროდუქციაზე ფასების ზრდა ყველა ვარიანტში მოხდება. ყველაზე საინტერესოა თამბაქოს პროდუქცია, რადგან ან ძვირი თამბაქოს ნაწარმის მოხმარება მოგვიწევს, ან უარი უნდა ვთქვათ მოხმარებაზე, ეს კი ცხადია, ბიუჯეტს დააზარალებს. ბიუჯეტში საკმაოდ მაღალია აქციზური შემოსავლის წილი. 2021 წელს 700 მილიონ ლარზე მეტი შემოვიდა თამბაქოს ხაზით და ეს თითქმის 80%-ით მეტია ნავთობპროდუქტების აქციზიდან მიღებულ შემოსავალზე! ამიტომ ძალიან რთული იქნება ამ საკითხის მოგვარება.იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს და ვერც ერთ პოლიტიკოსს ვერ მოუბრუნდება ენა იმის სათქმელად, რომ ჩვენ ფასების სტაბილურად შენარჩუნებას შევძლებთ, მაგრამ აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, რომ შემოსავლებმა უფრო მოიმატოს და დავიცვათ დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა.

- ცალკეული პროდუქტები კი დავასახელეთ, მაგრამ ამ ომის გამო, რაც მსოფლიო ბაზარზეც ახდენს გავლენას, საქართველოში კონკრეტულად რომელი პროდუქტები გაძვირდება?

- აქ ორი მომენტია: პირველი - ჩვენ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ, განსაკუთრებით სასურსათო ბაზარზე და მეორე - როგორც წესი, ფასებს აქვს, როგორც იტყვიან, ამყოლის თუ წამხედურობის თვისება. ანუ, როდესაც ძვირდება ერთი იმპორტირებული პროდუქტი, ადგილობრივი მწარმოებელიც ცდილობს თავისი პროდუქციაც ძვირად გაყიდოს და ასე მოახდინოს კომპენსირება. ამიტომ ეს გავლენას ახდენს შიდა ბაზარზეც - ერთი პროდუქტის გაძვირება ჯაჭვურ რეაქციას იწვევს. ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ ექსპორტის წახალისება, გასვლა მსოფლიო ბაზარზე და ჩვენი ნეგატიური სავაჭრო კონიუნქტურის მინიმიზება. მსოფლიო ბაზარზე აქტიური მონაწილეობის გარეშე დავდგებით სერიოზული გამოწვევის წინაშე. ლაპარაკია არა მარტო რუსულ-უკრაინული ბაზრების ჩანაცვლებაზე, არამედ საუბარია საზოგადოდ მსოფლიო ბაზარზე უფრო აქტიური მოთამაშის როლის შესრულებაზე.

- რა უნდა გაკეთდეს, რომ ინფლაცია სტაბილურ ფარგლებში დარჩეს?

- ინფლაციაზე ორი მნიშვნელოვანი გარე ფაქტორი მოქმედებს. ერთი ის, რომ ჯერ კოვიდპანდემიამ და შემდეგ ამ ომმა ბევრი კავშირის წყვეტა გამოიწვია. გლობალური მასშტაბით შეინიშნება ასეთი ტენდენცია - იმპორტიორები იძულებული არიან, არა იმ რეგიონებიდან მოახდინონ საქონლის იმპორტი, სადაც მათი წარმოება განსაკუთრებით იაფი ჯდება, არამედ შედარებით ახლო ტერიტორიებიდან. მიზეზი ის არის, რომ წარმოების ხარჯები კი ეზრდებათ, მაგრამ განსაკუთრებულად მოიმატა ტრანსპორტირების ფასმა, რამაც იაფი პროდუქციის ეკონომიკური სარგებლიანობა და ეფექტიანობა, ფაქტობრივად, წაშალა. ამიტომ ჩვენ ფასების ამორტიზება რომ მოვახდინოთ, უკვე დასახელებულ ღონისძიებებთან ერთად, აუცილებელია ადგილობრივი წარმოების განვითარებაც. რამდენიმე დღის წინ პარლამენტში სამთავრობო საათის დროს სოფლის მეურნეობის მინისტრმა თქვა, რომ უახლოეს წლებში მარცვლეულის წარმოება ისე უნდა გაიზარდოს, რომ მისმა წილმა ადგილობრივ მოხმარებაში 15-დან 50%-ს მიაღწიოს - ანუ რაც შეიძლება ნაკლებად უნდა ვიყოთ დამოკიდებული ექსპორტზე, სადაც ამის რესურსი, შესაძლებლობა და წარმოების კულტურა არსებობს.

საერთოდ, ვფიქრობ, წლეულს ფასების ზრდა იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე 2021 წელს იყო. შარშან თუკი 13%-ზე მეტი იყო, წლეულს ეს ზრდა რამდენიმე პუნქტით დაბალი იქნება. ჩვენ ამ ფასების ზრდას უნდა ვუპასუხოთ ეკონომიკის უფრო მეტად ზრდით, შემოსავლების მატებითა და მოსახლეობის დიდი ნაწილის სოციალური დაცვის გაძლიერებით.

რუსა მაჩაიძე