"საქართველოს კანონმდებლობა არ ცნობს უცხოელის შვილად აყვანას“ - კვირის პალიტრა

"საქართველოს კანონმდებლობა არ ცნობს უცხოელის შვილად აყვანას“

უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო ათასობით პატარა დაობლდა. მათი დახმარების სურვილი საქართველოში ბევრს აქვს, შვილად აყვანაც კი სურთ. "წლებია, რაც შვილი არ მიჩნდება. სიხარულით ავიყვანდი უკრაინელ პატარას, ჩემს მეუღლესთან ერთად გავზრდიდი და არაფერს მოვაკლებდი," - გვითხრა ჩვენმა მკითხველმა, რომელსაც აინტერესებს, რა სირთულეები ახლავს­ ამ ბავშვების შვილად აყვანას, ჩვენ კი ეს ადვოკატ ლია მუხაშავრიას­ ვკითხეთ.

- კარგია, რომ დაობლებული პატარების შვილად აყვანა ბევრს სურს, მაგრამ ქართული კანონმდებლობის მიხედვით, უცხოელი ბავშვის შვილად აყვანა შეუძლებელია. ჩვენი კანონებით, უკრაინელი ბავშვის შვილად აყვანა იმ ადამიანებსაც გაუჭირდებათ, ვინც მშვილებელთა რიგში წლობით დგანან, ამიტომ ყველაზე უკეთესი გამოსავალია, შეიფაროთ ეს ბავშვები და მათზე ისე იზრუნოთ, როგორც საკუთარ შვილზე, ოღონდ იურიდიულად ეს ვერ გაფორმდება, როგორც შვილად აყვანა.

- დავუშვათ, დაობლებული ბავშვი მშვი­ლებელი ოჯახის ნათესავია. მათი ურთიერთობა ოფიციალურად როგორ უნდა გაფორმდეს?

- თუნდაც ნათესავი იყოს, ეს ბავშვები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან და ჩვენი კანონმდებლობა არ ცნობს უცხოელის შვილად აყვანას. როგორც გითხარით, ყველაზე იოლი გამოსავალი ამ დროს მინდობითი აღზრდაა. 18 წლის რომ გახდება, თქვენს შვილობილს უფლება ექნება, თავად გადაწყვიტოს, გახდეს თუ არა მათი შვილი, ოღონდ ეს შვილად აყვანა არ იქნება, ეს სულ სხვა იურიდიული პროცედურაა.

ომგამოვლილ პატარასთან ურთიე­რთობა გაცილებით რთულია. ამ ბავშვებს მედიკამენტური მკურნალობაც დასჭირდებათ და ფსიქოლოგიური დახმარებაც. მათ უმრავლესობას შეაწუხებს უძილობა, კოშმარები. როდესაც მოზარდს ამხელა განსაცდელი აქვს გამოვლილი, მასთან საერთო ენის გამონახვა რთულია, ამიტომ სახელმწიფომ მათ სპეციალური პროგრამები და ფსიქოლოგების დახმარება უნდა შესთავაზოს, თუმცა მთავარი მაინც ოჯახური, თბილი ატმოსფეროა, რომელიც საუკეთესო მკურნალია. ასე პატარები უფრო ადვილად შეძლებენ სტრესთან გამკლავებას და ბევრი რამის დავიწყებას. თანაც, არ უნდა დავივიწყოთ, რომ მათ უკრაინაში ჰყავდათ მშობლები და ახლობლები, რომლებიც ზრდიდნენ, ანებივრებდნენ და, ცხადია, ისინი მათ ვერ დაივიწყებენ. ამას ისიც ემატება, რომ მათ ხელი უნდა შევუწყოთ, ომის დამთავრების შემდეგ მშობლიურ მხარეში დაბრუნდნენ და ნათესავები, ოჯახის წევრები მოძებნონ. საომარ ვითარებაში ბევრს ჰგონია, რომ მისი ახლობლები დაიღუნენ, მაგრამ, საბედნიეროდ, ყოველთვის ასე არ არის. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ მე ორი შვილობილი მყავს. ჩემს უფროს ქალიშვილს და-ძმები ჰყავს, ჩვენ ეს ყოველთვის ვიცოდით, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ჩვენი ურთიერთობისთვის. ასე რომ, ბავშვის გადასაწყვეტია, მომავალში ნათესავებს დაუბრუნდება თუ აქ დარჩება, თავის ახლად შეძენილ ოჯახში.

- ქართველ ბავშვებზეც ვისაუბროთ. მათი შვილად აყვანის მსურველები რიგში წლობით დგანან. ეს რისი ბრალია?

- მე თვითონ ცხრა წელი ველოდი, რომ მეორე შვილი ამეყვანა. ეს რას უნდა დავაბრალოთ? ჩემი აზრით, სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკების დაბალ პროფესიულ სტანდარტებს. ისინი ოჯახებში შედიან და ადამიანების ბედს წყვეტენ, მაგრამ ხშირად კვალიფიკაციის უმარტივეს­ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებენ. მეორე მიზეზია ის, რომ ყველა პროცედურა გასაიდუმლოებული და კონფიდენციალურია,­ ამიტომ შეუძლებელია გაკონტროლება, სწორად მიმდინარეობს გაშვილების პროცესი თუ არა. ჩემი აზრით, ამ სფეროში გამჭვირვალობა აუცილებელია. მე არ ვამბობ, რომ პატარების ვინაობა გამჟღავნდეს, მაგრამ ცნობილი უნდა იყოს, რამდენი ბავშვია გასაშვილებელი, როგორ კატეგორიას მიეკუთვნებიან ისინი და რამდენ ხანში შეიძლება მათი შვილად აყვანა. დღეს ეს ყველაფერი ბუნდოვანია. ასევე სერიოზული პრობლემაა გასაშვილებელი ბავშვების სიაში იმ პატარების შეყვანა, რომლებიც მცირე, ოჯახური ტიპის დაწესებულებაში, ან მინდობით აღზრდაში არიან და მშობლები არ აკითხავენ. ისინი გასაშვილებელთა სიაში დროულად უნდა გადაიყვანონ და ამაზე სოციალურმა მუშაკმა უნდა იზრუნოს.

- ეს როგორ ხდება?

- სოცმუშაკმა უნდა შეადგინოს გასაშვილებელი ბავშვების სია და მიმართოს სასამართლოს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს­, ესა თუ ის ბავშვი გასაშვილე­ბელია თუ არა. ამას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება, სოცმუშაკებს კი არც საამისო სტიმული აქვთ და არც - შესაძლებლობა. მათი ცხოვრება განსაკუთრებით რთულია რეგიონებში, სადაც ტრანსპორტის ხარჯსაც არ აძლევენ. Aამის შედეგია, რომ ბევრი ბავშვი უკვე დიდი ხნის გაშვილებული უნდა იყოს, მაგრამ არ არსებობს სათანადო დოკუმენტაცია, რომელიც სოცმუშაკს უნდა შეედგინა და ამის გამო ბავშვების უმეტესობა ან მიმღებ ოჯახში რჩება, ან - საოჯახო ტიპის დაწესებულებაში ცხოვრობს. ამასობაში ბავშვი იზრდება. უმეტესობას არ სურს 6-7 წლის ბავშვის შვილად აყვანა, რადგან დიდია ალბათობა, რომ მას ოჯახურ გარემოსთან შეგუება გაუჭირდეს. 18 წლის შემდეგ ეს ბავშვები სოციუმში ჩნდებიან, მაგრამ მათ არავინ ჰყავთ. ისინი განწირულნი არიან მარტოობისთვის.

- რა შემთხვევაში შეიძლება მომავალმა­ აღმზრდელმა ბავშვს გვარ-სახელი შეუცვალოს.

- სახელისა და გვარის შეცვლა მხოლოდ შვილად აყვანის შემთხვევაში შეიძლება. ასევე შეიძლება დაბადების თვისა და რიცხვის შეცვლაც, დაბადების წელი კი იგივე რჩება. მინდობითი აღზრდის დროს პატარებს სახელს და გვარს არ უცვლიან - ასეთია კანონის მოთხოვნა.

- რით აიხსნება ის, რომ ინტერნატის ტიპის­ ბავშვთა სახლებს მსოფლიოში თანდათან კრძალავენ და შლიან?

- დიდი ხნის წინ დადგინდა, რომ დიდ ინტერნატებსა და ბავშვთა სახლებში მოზარდებისთვის შესაფერისი გარემო არ არის. მცირე დაწესებულებაში კი მაქსიმუმ 8-10 ბავშვი ცხოვრობს. როცა ერთ დაწესებულებაში 50-100 ბავშვია, რა რაოდენობის პერსონალი უნდა ჰყავდეთ, რომ აღმზრდელებმა ყველას ყურადღება მიაქციონ? ამ სიტუაციაში, ბავშვებს შორის ბულინგისა და ძალადობის ატმოსფერო იქმნება, რომელსაც ადმინისტრაცია ვერ აკონტროლებს. ასეთ გარემოში ძლიერები მოძალადეები ხდებიან, სუსტები - მატყუარები და თაღლითები. იქ მოზარდები ბევრ არასასურველ თვისებას იძენენ, ოღონდ კი გადარჩნენ. ევროკავშირის დახმარებით, საქართველოში რეფორმა ჩატარდა, რომ დიდი ბავშვთა სახლები დაშლილიყო და ეს რეფორმა წყალში ჩაიყრება, თუ რომელიმე ეკლესია ან მონასტერი სადღაც დახურული ტიპის დაწესებულებას შექმნის. ასეული წლების გამოცდილება ამტკიცებს, რომ ეს ბავშვის აღზრდისთვის სასურველი გარემო არ არის.

- დაბოლოს, როგორია საუკეთესო გარემო­ ბავშვის აღზრდისთვის?

- ეს არის ოჯახი, ან ოჯახთან მიახლ­ოებული გარემო. ქართველებს ოდითგანვე გვქონდა ტრადიცია, როცა ოჯახში, საკუთართან ერთად, ნათესავის ობოლ ბავშვებს ზრდიდნენ და მათ საკუთარი შვილებისგან არ ასხვავებდნენ. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა, ვინც ოჯახში უკრაინელ ბავშვს მიიღებს, მისთვის ყველაფერს გააკეთებს და ეცდება, გადატანილი ტკივილი დაავიწყოს. ამავე დროს არ უნდა დავივიწყოთ ქართველი ბავშვებიც, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო მშობლის სითბო და მზრუნველობა აკლიათ.

ხათუნა ჩიგოგიძე