რა დასკვნები უნდა გამოიტანოს ქართულმა არმიამ რუსეთ-უკრაინის ომიდან? - კვირის პალიტრა

რა დასკვნები უნდა გამოიტანოს ქართულმა არმიამ რუსეთ-უკრაინის ომიდან?

ბრძენი სხვის შეცდომებზე სწავლობს, ჭკვიანი - საკუთარზე, სულელი კი - თავისაზეც ვერაო, ამბობენ და მართალიცაა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მხოლოდ ორი თვე გავიდა, მოვლენების უსწრაფესი განვითარების გამო ბევრი ინფორმაცია დაგროვდა იმისთვის, რომ მათი დეტალური გაანალიზების შემდეგ სხვა ქვეყნების არმიებმა სერიოზულად შეასწორონ და დახვეწონ თავიანთი სტრატეგიული და ოპერატიულ-ტაქტიკური გეგმები.

ეს, უპირველესად, ეხება ნატოს, რომლის წევრი ზოგიერთი ქვეყნის გენერალიტეტი დაშინებული იყო რუსული სამხედრო ძლიერებით, თუმცა, თავისდა გასაკვირად, აღმოაჩინეს, რომ მოტივირებული უკრაინელი მებრძოლები, უცხოელ მოხალისეებთან ერთად (მათ შორის - საქართველოდან ჩასულებთანაც), წარმატებით ადუღებენ "უანალოგო“ რუსულ ტანკებს და ამიწებენ რუსულ შვეულმფრენებს.

იმის გამო, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლის განმავლობაში რუსეთის არმია სამჯერ შეფარვით ("ჩვენებური" სეპარატისტების ზურგს უკან), ერთხელ კი ღიად გვებრძოდა, ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი რეგიონი და რჩება ჩვენი ქვეყნის ყველაზე რეალურ სავარაუდო მოწინააღმდეგედ, უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დეტალების გათვალისწინება ქართულ არმიას უსათუოდ სჭირდება. გარდა იმისა, რომ საქართველოს ძველი და უკრაინის ამჟამინდელი მოწინააღმდეგე ერთი და იგივეა, ჩვენ გვაახლოებს საბრძოლო მოქმედებათა თეატრების მსგავსებაც - ბრძოლები მიმდინარეობს მიწაზეც, ჰაერშიც და ზღვაზეც, ამიტომ გასათვალისწინებელია რუსეთის სახმელეთო ჯარების, საჰაერო კოსმოსური ძალებისა და შავი ზღვის ფლოტის მოქმედების ტაქტიკის ძლიერი და სუსტი მხარეები.

ტაქტიკა

ისევე, როგორც აგვისტოს ომის დროს, რუსეთმა უკრაინაზე თავდასასხმელადაც ფართოდ გამოიყენა დიდი რაოდენობის ჯავშანტექნიკა და არტილერია, რომელიც გაერთიანებული იყო საბატალიონე-ტაქტიკურ ჯგუფებში.

სიმართლე რომ ითქვას, რუსი პროპაგანდისტების ნაქები საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფი სხვა არაფერია, თუ არა საბჭოთა პერიოდის მოტომსროლელი (ოღონდ - გაძლიერებული) ბატალიონი, რომელსაც კონკრეტული საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად ემატება სატანკო ასეული, საარტილერიო დივიზიონი, საზენიტო ბატარეა თუ სხვა სპეციფიკური დანიშნულების ქვედანაყოფი და მისი პირადი შემადგენლობის საერთო რაოდენობა 500-550-დან დროებით 800-1000 კაცამდე იზრდება.

საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფების ცნება კრემლის სამხედრო პროპაგანდისტებმა პირველად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოში შემოჭრის დროს გაავრცელეს, რითაც მიჰბაძეს აშშ-ის არმიას, რომელიც მსგავს გაძლიერებულ საბრძოლო დანაყოფებს 2003 წლის ერაყის ომში იყენებდა.

ბატალიონის დონის დანაყოფის მართვა მცირე და საშუალო ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებათა თეატრში, ოპერატიული თვალსაზრისით, გაცილებით ადვილია, ვიდრე ბრიგადის დონის შენაერთისა, რომ აღარაფერი ვთქვათ დივიზიებზე. ასეთი საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფები გამოირჩევიან მეტი მობილურობით, რისი გამოყენებაც კრემლმა 24 თებერვლის გამთენიიდან, უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრიდან სცადა ბლიცკრიგის, ანუ სწრაფი შეტევის ტაქტიკით უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტების, მათ შორის - უკრაინის დედაქალაქის დაპყრობის მიზნით. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა კიევის ცენტრიდან 25 კმ-ში მდებარე გოსტომელის აეროდრომზე ბელარუსიდან ძალიან დაბალ სიმაღლეზე შეფრენილი რუსული საშვეულმფრენო ტაქტიკური საჰაერო დესანტის (რომელშიც ასამდე სატრანსპორტო და დამრტყმელი შვეულმფრენი მონაწილეობდა) გადასმა.

რუსული საშვეულმფრენო დესანტის მთავარი ამოცანა იყო გოსტომელის აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დაკავება და ფსკოვიდან გამოფრენილი 18 დიდი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის უხიფათოდ დასმა, რომლებსაც, სადესანტო ჯავშანტექნიკასთან ერთად, 3 ათასამდე რუსი მედესანტე უნდა ჩაეყვანათ.

უკრაინელებმა დაუნდობელი საარტილერიო ცეცხლით რუსი გენერლების ეს გეგმა ჩაშალეს, რითაც კიევიც გადაარჩინეს და ომის ბედიც შემოატრიალეს.

2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც იყო საშიშროება, აღმოსავლეთიდან თბილისზე სწრაფი შეტევის მიზნით რუსეთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქტიკური საჰაერო დესანტის გადმოსმა ეცადა და ეს საფრთხე ვაზიანისა და თბილისის საავიციო ქარხნის "ველის" აეროდრომებთნ დაკავშირებითაც მუდამ იარსებებს.

უკრაინაზე თავდასხმა რუსეთმა არანაკლებ შვიდი სხვადასხვა მიმართულებიდან განახორციელა, რაც საქართველოს აგვისტოს ომში გამოცდილი ჰქონდა - რუსული შეტევა ერთდროულად დაიწყო როკის გვირაბის მხრიდან და სეპარატისტული აფახაზეთიდან, ოჩამჩირესთან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მიერ საზღვაო დესანტის გადმოსმის ჩათვლით. სამხრეთ მიმართულებაზე, საქართველო-სომხეთის საზღვარზე, გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზაზე ჩამოყალიბებული საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფიც მზად იყო ქართულ მიწაზე შემოსაჭრელად. დღეს ამ მხრივ ჩვენი სიტუაცია უფრო გართულებულია, რადგან ცხინვალისა და აფხაზეთის საოკუპაციო სამხედრო ბაზების სახით უკვე ქართულ მიწაზეა შექმნილი მომავალი სავარაუდო შეტევის პლაცდარმები.

უკრაინაზე ფართომასშტაბიან სახმელეთო თავდასხმას წინ უძღოდა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების საავიაციო დაბომბვა, სახმელეთო ჯარების ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსების ზალპი და შავი ზღვის ფლოტის ხომალდებიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტების შეტევა წინასწარ აღმოჩენილ, უკრაინის შეიარაღებული ძალების სტაციონარულ სამიზნეებზე: ყაზარმებზე, საზენიტო-სარაკეტო პოზიციებზე, სამხედრო პორტებზე და ა. შ. ანუ დიდი გამოთვლა არ სჭირდება, რომ რუსეთის გენერალიტეტი მნიშვნელოვანი სტაციონარული სამხედრო ობიექტების განადგურების მიზნით ომს მასობრივი სარაკეტო შეტევით და საჰაერო დაბომბვით წამოიწყებს, ამიტომ ომისწინა დაძაბულ სიტუაციაში აუცილებელია მუდმივი დისლოკაციის ადგილიდან არმიის პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის გაყვანა სათადარიგო რაიონებში, რომლებიც რამდენიმე მაინც უნდა იყოს.

ისევე, როგორც უკრაინასთან ომში, საქართველოზე სამხედრო აგრესიის განახლების შემთხვევაშიც სავარაუდო მოწინააღმდეგე თავდაპირველად ეცდება ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის კომუნიკაციების შეზღუდვას, მაგალითად, თბილისი-გორის შემაერთებელი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების ჩაკეტვას, რიკოთის უღელტეხილზე საშვეულმფრენო დესანტის გადასმას, ფოთის პორტის ბლოკირება-დაპყრობას, მთავარი ამოცანა კი, რა თქმა უნდა, დედაქალაქ თბილისის სწრაფი აღება და ადგილობრივი კოლაბორაციონისტებისგან წინასწარ შედგენილი პრორუსული ხელისუფლების მოყვანა იქნება.

როგორ შეიძლება შეებრძოლოს ქართული არმია მასზე გაცილებით ძლიერი სავარაუდო მოწინააღმდეგის სამხედრო აგრესიას? რა თქმა უნდა, საუკეთესო ვარიანტია, საქმე ომამდე არ მივიდეს და დაძაბული ვითარება პოლიტიკური მეთოდებით მოგვარდეს, მაგრამ ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინაზე თავდასხმით მსოფლიოს წესრიგი ამოატრიალა, ამიტომ, სამწუხაროდ, ყველაფერია მოსალოდნელი და აღარ გაჭრის თავის მართლება, მე ქვემოთა ვარ, შენ - ზევით და მდინარის წყალს როგორ აგიმღვრევდიო...

თავის დარწმუნება, რომ 146-მილიონიან რუსეთთან შებრძოლება არ ღირს და მაშინვე უნდა ჩავბარდეთ, დაჩოქების სინდრომია. ესე იგი, ჯერ ქვეყანაში და მერე ოჯახში შემოჭრილ დამპყრობელს ყველაფერი უნდა დავუთმოთ, ოჯახის წევრების ჩათვლით?!

ქართული არმია უკრაინასავით რამდენიმე ასეული კი არა, რამდენიმე ათეული კმ სიგრძის ფრონტის ხაზის შენარჩუნებასაც კი ვერ შეძლებს და ეს არც არის საჭირო, რადგან გაცილებით მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგეს, რომელიც, ამავე დროს, გვჯობნის ჯავშანტექნიკით, არტილერიით და, რაც ყველაზე საშიშია, გაბატონებულია ჰაერში, სხვა ტაქტიკით უნდა დავუპირისპირდეთ, ეს სხვა ტაქტიკა კი, დიდი ხანია, გამოგონილია და მისი გამოყენებით ჩვენი წინაპრები უხსოვარი დროიდან ებრძოდნენ ძლიერ მოწინააღმდეგეს. ეს არის: "დაარტყი და გაიქეცი, რომ მალე ისევ დაარტყა, ოღონდ - სხვა ადგილას". “

პარტიზანული მოქმედების ტაქტიკა, როდესაც არმიის რეგულარულ დანაყოფებს მხარში საიმედოდ ამოუდგებიან ტერიტორიული თავდაცვის ადგილობრივი მებრძოლები (ის, რაც დღეს უკრაინის გამარჯვების პირობაა), არის გადარჩენისთვის საქართველოს მეტ-ნაკლებად წარმატებული ბრძოლის მთავარი მიმართულება.

რაც უნდა ძნელი იყოს ამის აღიარება (თუნდაც ჩემთვის, ვისი სამხედრო ჟურნალისტის კარიერის შემთხვევით დაწყება 30 წლის წინ სწორედ თბილისის საავიაციო ქარხანას და იქ წარმოებულ მოიერიშე ჩე-25-ს უკავშირდება), ქართულ არმიას ვერ გამოადგება ვერც მოიერიშე თვითმფრინავები და ვერც - საპატრულო კატარღები, რადგან მოწინააღმდეგე თავდაცვის პირველივე წუთებში ეცდება გაანადგუროს აეროდრომები ასაფრენი ზოლებით და სამხედრო პორტებში მდგარი კატარღები.

დამრტყმელი შვეულმფრენები, იმის გამო, რომ მათ ბეტონიანი ასაფრენი ზოლი არ სჭირდება და ამიტომ მათი გადასროლა-გადამალვა საველე იმპროვიზებულ მინიაეროდრომებზე შედარებით ადვილია (რაც აგვისტოს ომის დროს გავაკეთეთ, როდესაც რუსულ ჯავშანკოლონებზე ორი-სამი წარმატებული საჰაერო შეტევის შემდეგ ჩვენს „მფრინავ ნიანგებს“ ჯერ კასპის ტყეებში ვმალავდით, შემდეგ კი კახეთისკენ გადავაფრინეთ და გადავარჩინეთ), „იმსახურებენ“ შეიარაღებაში დარჩენასა და მოდერნიზაცია-გაუმჯობესებას, ხოლო სატრანსპორტო შვეულმფრენების პარკი, პირიქით, რაც შეიძლება უნდა გაიზარდოს და განახლდეს, რადგან მათ გარეშე ნახევრად პარტიზანული ტაქტიკის ელემენტებით თანამედროვე მანევრირებადი ბრძოლების გამართვა წარმოუდგენელია.

წერტილოვანი საჰაერო დარტყმების ფუნქცია უნდა იკისრონ სადაზვერვო-დამრტყმელმა და „კამიკაძე“ დრონებმა, ოღონდ სასურველია, მათ ასაფრენად აეროდრომი არ სჭირდებოდეთ და ეს კატაპულტისა თუ სხვა სახის სასტარტო მოწყობილობებით ხდებოდეს. სადაზვერვო მინიდრონებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მცირერიცხოვანი სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების მოქმედებებისას, მათ შორის - 60 მმ, 81 მმ და 82 მმ კალიბრის ნაღმსატყორცნების მობილურად გამოყენების დროს, საარტილერიო ცეცხლის ახლო მანძილზე კორექტირებისთვის.

ქართული არმიის „"ომის ღმერთად", როგორც აფახაზეთისა და აგვისტოს ომების დროს, კვლავ დარჩება მსხვილკალიბრიანი არტილერია, რომელმაც ყველაზე მეტი ზიანი მიაყენა მოწინააღმდეგეს, მაგრამ იმასაც უნდა შევეგუოთ, რომ ბუქსირებადი ჰაუბიცების პოზიციების საცეცხლე პოზიციების აღმოჩენასა და განადგურებას, ადრე თუ გვიან, სამწუხაროდ, შეძლებს ჰაერში გაბატონებული მოწინააღმდეგე.

მსხვილკალიბრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარები და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, მართალია, მეტი მობილურობით გამოირჩევა და მათ მიერ ზუსტად ნასროლი ჭურვები და რაკეტები მტერს ყველაზე მეტად დააზიანებს, მაგრამ ძლიერი ვიდეოკამერებითა და თბოვიზორებით აღჭურვილი მოწინააღმდეგის სადაზვერვო დრონები გაბარიტების გამო მათ აღმოჩენას მაინც შეძლებს, შუაგულ ტყეშიც კი, რაზეც უკრაინის ომის ვიდეოკადრებიც მეტყველებს.

ტანკებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების ეკიპაჟთა ბედიც ვერ იქნება სახარბიელო მტრის მოიერიშე თვითმფრინავებისა და დამრტყმელი შვეულმფრენების რაოდენობის ფონზე, რასაც ყველაზე სავარაუდო მოწინააღმდეგის ქვეით შეიარაღებაში ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსების სიმრავლეც ემატება, თუმცა "დელტაში" აწყობილ ჯავშანმანქანებს, "დიდგორებს", ოპერატიულად შეუძლიათ მცირერიცხოვანი სადაზვერვო-დივერსიული, ასევე ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო ჯგუფების სწრაფად და შედარებით უხიფათოდ (უჯავშნო პიკაპებისგან განსხვავებით) გადასროლა­ მოწინააღმდეგის შეტევის სხვადასხვა მონაკვეთზე. ქართული არმიის არსენალში "დიდგორების"კლასის ჯავშანმანქანების რაოდენობის გაზრდა იმიტომაც არის პერსპექტიული, რომ მათ ბაზაზე მონტაჟდება 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნი, შორს მსროლელი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი, საზენიტო-სარაკეტო დანადგარი, ოპტიკურ-ელქტრონული დაზვერვისა და კავშირგაბმულობის სისტემები.

ნახევრად პარტიზანული მოქმედების ტაქტიკის არჩევა გვკარნახობს, რომ ქართული არმიის საბრძოლო დანაყოფები უნდა აღიჭურვოს დიდი რაოდენობით თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო შეიარაღებით, რომლის გამოყენება ორ ან სულაც ერთ მეომარსაც შეუძლია. „"ჯაველინები", "ნლავები"“და "სტინგერები"“თითქმის იდეალურად შეესაბამება ნახევრად პარტიზანული მოქმედების ტაქტიკას, რისი ნათელი მაგალითიცაა უკრაინის გზებზე აფეთქებული რუსული ტანკებისა და ყანებში ჩამოყრილი შვეულმფრენების უკვე დაჟანგული "ჩონჩხები".

ჯავშანტექნიკის სიუხვით გამორჩეული, შეტევაზე გადმოსული მოწინააღმდგის შესაჩერებლად ყველაზე იაფი, მაგრამ ძალზე ეფექტიანი საბრძოლო საშუალებაა ქვეითთა და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენება და ხიდების აფეთქება, რასაც უკრაინელები ხშირად აკეთებენ.ერთ სტატიაში შეუძლებელია ყველა იმ საკითხის მიმოხილვა, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ორთვიანმა ომმა წამოჭრა და რომელთა გათვალისწინება ქართულ არმიას აუცილებლად მოუწევს, მაგრამ ერთს დავამატებ: საქართველოს მხოლოდ თავდაცვის ძალებისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების მებრძოლები ვერ დაიცავენ, რაოდენ დიდი მოტივაციაც უნდა ჰქონდეთ. გარდა იმისა, რომ საჭიროა ქართული არმიის პირადი შემადგენლობის რაოდენობის გაორმაგება მაინც, ასევე აუცილებელია ტერიტორიული თავდაცვის ძალების გადამზადების პროცესის დაჩქარება, რადგან კარგად მომზადებული, შეიარაღებული და, რაც მთავარია, თავისი კუთხის (რომელსაც სხვებზე კარგად იცნობს) დამცველი რეზერვისტი საქართველოს გაერთიანებული ძალით დაცვისას ქართული არმიის სამხედრო მოსამსახურის საუკეთესო თანამებრძოლი გახდება. უცხოელი პარტნიორებიც მხოლოდ მაშინ დაგვეხმარებიან, როცა დაინახავენ, რომ ჩვენ მშობლიური მიწის დასაცავად თავგანწირვით ვიბრძვით და მომხდურის წინაშე დაჩოქებას არ ვაპირებთ.