"მამა დაიბადა ქუთაისში. იქ მყავს ნათესავები" - გმირობის სიმბოლოდ ქცეული "აზოვსტალის" ქართველი დირექტორი: რა არის ცნობილი ენვერ ცქიტიშვილზე
გაეროს გენერალურმა მდივანმა რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილე მხარეებს "სააღდგომო მშვიდობის“ დამყარება 21 აპრილიდან მართლმადიდებლურ სააღდგომო კვირამდე სთხოვა. გუტიერეშის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის რაიონებიდან უფრო მეტი ადამიანის ევაკუირებას შეუწყობდა ხელს, ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს კი დაშავებულთათვის დახმარების გაწევის საშუალებას მისცემდა. უკრაინა აღნიშნულ წინადადებას დაეთანხმა, თუმცა რუსეთმა შეთავაზებას უარით უპასუხა. შედეგად ოკუპანტი ქვეყანა სააღდგომო დღეებშიც მასშტაბურ შეტევებს ახორციელებდა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში. კრემლის მტკიცებით, მათი კონტროლის ქვეშ მოექცა გმირი ქალაქი მარიუპოლი, თუმცა დამპყრობელი აღიარებს, რომ მიუხედავად განუწყვეტელი დაბომბვისა, ვერ შეძლეს ფოლადის სადნობი ქარხნის "აზოვსტალის“ აღება, რომლის კატაკომბებში ქალაქის მცველებთან ერთად, მშვიდობიანი მოსახლეობაც იმყოფება.
"აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატი ერთ-ერთი უდიდესი იყო ევროპაში. იგი ჯერ კიდევ 1933 წელს ამოქმედდა და ათასობით ტონა თუჯის ჩამოსხმასთან ერთად, სატანკო ჯავშნის ფილებსაც ამზადებდა.
1941 წლის ოქტომბრიდან 1943 წლის სექტემბრამდე "აზოვსტალი“ გერმანელების მიერ იყო ოკუპირებული.
დღეს უკვე, ფაქტობრივად, განადგურებული "აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატის, რომელიც ცნობილ უკრაინელ ოლიგარქს - რინატ ახმეტოვს ეკუთვნის, გენერალური დირექტორი ენვერ ცქიტიშვილია.
ვინ არის ქართველი, რომლის დამსახურებაც არის, რომ "აზოვსტალის" ბუნკერმა არაერთი მარიუპლელის გადარჩენა შეძლო?ენვერ ომარის ძე ცქიტიშვილი დაიბადა 1961 წლის 15 ნოემბერს, ლუგანსკის მხარეში. ვიკიპედიაში ის მოხსენიებულია, როგორც პოლიტიკოსი და მენეჯერი, ის იყო უკრაინის სახალხო დეპუტატი 2002- 2006 წლებში. 2011 წლიდან კი "აზოვსტალის“ გენერალური დირექტორია.
"ტელეკომპანია "ფორმულისთვის" მიცემულ ინტერვიუში ორიოდე დღის წინ მან განაცხადა:
"წარმოშობით ქართველი ვარ, მამა დაიბადა ქუთაისში. იქ მყავს ნათესავები. ბავშვობაში ვისვენებდი ხოლმე ქუთაისის ახლოს, ერთ ულამაზეს ადგილას, სადაც ახლა ცხოვრობენ ბიძა, ბიძის ცოლი, ბიძაშვილები და მათი შვილები..."
რამდენიმე დღის წინ მან ინტერვიუ მისცა "მარიუპოლის ტელევიზიას“, რომელშიც ისაუბრა, როგორც შექმნილ ვითარებაზე, ისე ქარხნის მომავალზე,
"მარიუპოლი ბოლო 8 წლის განმავლობაში იყო ფრონტისპირა ქალაქი, მაგრამ ვერავინ წარმოადგენდა, რომ რუსული არმია შეეცდებოდა მიწის პირიდან მის წაშლას. ომის პირველივე დღიდან ქარხნის ხელმძღვანელობა ექსტრემალურ პირობებში იღებდა ქარხნის გაჩერების გადაწყვეტილებას, რათა ეკოლოგიური საფრთხე აგვეცილებინა თავიდან და ჩვენ ეს შევძელით. წარმოების დიდი ნაწილი ომის დაწყებიდან 3 დღეში შეჩერდა, სრულად კი ქარხანა უკვე 5 დღეში გავაჩერეთ“, - განაცხადა მან.
"შესაძლებელია თუ არა, რომ ქარხანა აღდგეს და მუშაობა განაგრძოს მას მერე, რაც უკრაინა გაიმარჯვებს?" - ჟურნალისტის ამ შეკითხვას ცქიტიშვილმა ასე უპასუხა:
"დიახ, შესაძლებელია. ჩვენ ტექნიკურად ისე მაღალ დონეზე შევძელით ქარხნის გაჩერება, რომ მისი აღდგენა შესაძლებელი იქნება. ამ უმძიმეს დღეებში ადამიანები მოდიოდნენ სროლების, დაბომბვის ქვეშ და მუშაობდნენ, აგრესიის პირველივე დღეებში ჩვენ ვხვდებოდით, რომ ეს ასე უცებ არ მორჩებოდა და რომ ომის შედეგები წარმოებისთვის უმძიმესი იქნებოდა. ჩვენი თანამშრომლები გმირები არიან... რიგითი თანამშრომლები, საწარმოთა უფროსები, კომბინატის კუთვნილი სასწრაფო დახმარების მანქანებით ქალაქში დაჭრილებს აგროვებდნენ და ქარხნის თავშესაფარში მიჰყავდათ. მე მყავს თანამშრომლები, რომლებმაც ოჯახები გაიყვანეს ქალაქიდან და უკან მობრუნდნენ, რომ მოხალისეებად ემუშავათ და ქალაქის მოსახლეობას დახმარებოდნენ. მინდა, ვუთხრა ჩემს თანამშრომლებს, მეგობრებო, მე ვამაყობ, რომ თქვენს გვერდით ვმუშაობდი, ვიდრე ცოცხალი ვიქნები, ამაზე ვილაპარაკებ ყველასთან... გაჩუმება არ შემიძლია მათ გმირობაზე, არასდროს ვიფიქრებდი, რომ ეს ახალგაზრდა, ინტელიგენტი ადამიანები ამდენს შეძლებდნენ, ჩემმა ერთმა თანამშრომელმა კომერციული განყოფილებიდან, მეტად ზრდილმა და კეთილშობილმა ახალგაზრდამ 34-ზე მეტი ადამიანი გამოყვანა მარიუპოლიდან, მარტომ, საკუთარი მანქანით", - ამბობს ცქიტიშვილი ინტერვიუში.
ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, მას მეუღლე და ერთი ქალიშვილი ჰყავს, რომელიც 2013 წელს გათხოვილა. ბავშვობის წლებში გატაცებული ყოფილა ფეხბურთით და ფეხბურთელობასაც აპირებდა. უკვე მოზრდილობაში კი მის უდიდეს გატაცებად წიგნები და მათი მათი შეგროვება იქცა. ის ბიბლიოფილია, რომლის ბიბლიოთეკაც 2014 წლამდე უკრაინის სამ საუკეთესო კერძო კოლექციაში შედიოდა. ის არაერთ უიშვიათეს გამოცემას აერთიანებს, რომელთაც თავისი ისტორია აქვთ. თავად ენვერ ცქიტიშვილი კი უკრაინის უახლოესი დიადი ისტორიის ნაწილად უკვე იქცა. წაიკითხეთ სრულად