როგორ გადაარჩინეს შოტლანდიელმა ფეხბურთის ქომაგებმა უკრაინელი ობოლი ბავშვები - კვირის პალიტრა

როგორ გადაარჩინეს შოტლანდიელმა ფეხბურთის ქომაგებმა უკრაინელი ობოლი ბავშვები

უკრაინის ქალაქ დნეპრში მდებარე ბავშვთა სახლებიდან 52 ბავშვი უკვე უსაფრთხო ადგილას, ედინბურგში ცხოვრობს. შოტლანდიური საფეხბურთო კლუბის - "ჰიბერნიანის" გულშემატკივრების დახმარებით, შესაძლებელი გახდა მათი უკრაინიდან გადაყვანა.

ბავშვები და მათი მეურვეები ჯერ პოლონეთში წაიყვანეს, სადაც მათ ბრიტანეთის ვიზების აღებაში დაეხმარნენ, მოგვიანებით - ლონდონში გაფრინდნენ. ახლა, ისინი ედინბურგში, სხვადასხვა მიმღებ ოჯახში, მცირე ჯგუფებად გადაანაწილეს, სანამ არ დაბრუნდებიან უკრაინაში.

25042022-1108-1650870549.39_REC.png
ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც ფეხბურთის შოტლანდიელი ქომაგების მიერ დაარსებულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ ომის დაწყების შემდეგ დნეპრიდან ედინბურგში გადაიყვანა

საქველმოქმედო ორგანიზაცია "დნეპრის ბავშვები"

შოტლანდიური საფეხბურთო კლუბის ქომაგები მაშინდელ დნეპროპეტროვსკში (ქალაქს სახელი 2016 წელს გადაერქვა და დნეპრი ეწოდა) ჯერ კიდევ 2005 წელს, "უეფას" ეგიდით გამართული მატჩის დროს მოხვდნენ. მათ ადგილობრივი ობოლი ბავშვების დასახმარებლად და სახსრების შესაგროვებლად კამპანია წამოიწყეს.

შოტლანდიელი საფეხბურთო ქომაგების ინიციატივა მალევე გადაიქცა ოფიციალურ საქველმოქმედო ორგანიზაციად, რომელმაც ბავშვთა სახლების აღსაზრდელებისთვის ტანსაცმლის, სამედიცინო დახმარების გასაწევად სახსრები შეაგროვა. 17 წლის შემდეგ კი ორგანიზაციამ დნეპრელი ბავშვების სიცოცხლე გადაარჩინა.

25042022-1111-1650870723.35_REC.png
საფეხბურთო კლუბ "ჰიბერნიანის" გულშემატკივრები ობლებს 2005 წლიდან ეხმარებიან

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ორგანიზაცია "დნეპრის ბავშვებმა" ბრიტანეთის მთავრობას, ბავშვების უსაფრთხო ადგილას ევაკუაციის მიზნით, დახმარება სთხოვა.

"აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო, რომ ის საქმიანობა, რომელიც 17 წლის წინ გამართულ საფეხბურთო მატჩს მოჰყვა, მიიღებდა ამ ფორმას", - ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი სტივენ კარი.

BBC-სთან ინტერვიუში მან თქვა, რომ ომის დაწყების პირველივე დღიდან ორგანიზაციამ უჩვეულოდ დიდი მხარდაჭერა მიიღო:

"ათასობით ადამიანი გვეხმარებოდა ფულით, გვირჩევდა, როგორ მოვქცეულიყავით, რათა ბავშვები გადაგვერჩინა ომის საშინელებებისგან. ახლა, უბრალოდ, მათზე ვზრუნავთ, რომ ყველაფერი ჰქონდეთ. ისინი უკრაინაში ნანახით ტრავმირებულები არიან."

დნეპრიდან გამოყვანილი ბავშვების ასაკი ერთი წლიდან 18 წლამდეა. მათ თან ახლავთ 2 გოგონა - 19 და 21 წლის, რომლებიც პატარებზე ზრუნავდნენ და მიუხედავად ომისა, ისინი არ მიუტოვებიათ. ბავშვებთან ერთად შოტლანდიაში იმყოფება 7 კანონიერი მეურვეც.

17 წლის რიტა, რომელიც დნეპრიდან ედინბურგში გადმოიყვანეს, ამბობს, რომ შოტლანდია ძალიან ლამაზია, თუმცა განსხვავდება მშობლიური უკრაინისგან.

"ვწუხვარ, რომ ამდენი მეგობარი დამრჩა უკრაინაში, მაგრამ აქ უკვე გავიცანი კარგი ადამიანები. მომწონს აქაურობა",- ამბობს რიტა.

ადგილობრივი ხელისუფლების, მათ შორის - ედინბურგის უკრაინული თემის მთავარი ამოცანაა, ბავშვებს მისცეს ყველა შესაძლებლობა სწავლის გასაგრძელებლად, ინგლისური ენის შესასწავლად, რათა მათი ადაპტაცია გაამარტივოს. ამასთან, ბავშვები სწავლას აგრძელებენ უკრაინული ონლაინსკოლის ფარგლებში. ამ პროგრამით სარგებლობს ყველა უკრაინელი სკოლის მოსწავლე, რომელიც იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. წყარო