პუტინი, ტანმოვარჯიშე კაბაევა, მათი სამი შვილი და სანქციების მოლოდინი - რას წერს ამერიკული გამოცემა - კვირის პალიტრა

პუტინი, ტანმოვარჯიშე კაბაევა, მათი სამი შვილი და სანქციების მოლოდინი - რას წერს ამერიკული გამოცემა

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სის“ რუსული სამსახური (BBC Russian) აქვეყნებს ამერიკულ გაზეთში - „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) დაბეჭდილი სტატიის შინაარსს სათაურით - „აშშ თავს იკავებს სანქციებისგან, რომლებიც შესაძლოა დაწესდეს ვლადიმერ პუტინის ახლობლის, მისი მეგობარი ქალის - ალინა კაბაევას მიმართ“ (ავტორები - ვივიან სალამა და ჯო პარკინსონი).

როგორც გაზეთი წერს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სამი შვილი ჰყავს ცნობილი ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევასგან. აშშ-ის ხელისუფლება განიხილავდა მის წინააღმდეგ სანქციების გამოცხადებას, მაგრამ „ბოლო წუთში“ გადაიფიქრა.

დღემდე რუსეთის ლიდერის პირადი ამბები და განსაკუთრებით - მისი ურთიერთობა ალინა კაბაევასთან ტაბუდადებულ თემას წარმოადგენდა, თანაც, არა მარტო რუსულ, არამედ - დასავლური მასმედიის დიდ ნაწილშიც.

ამერიკული საქმიანი წრეების მთავარ და სერიოზულ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ პუბლიკაციის საბაბი გახდა ის, რომ გავრცელდა ხმები, თითქოს, განიხილებოდა ალინა კაბაევას საკითხი, რომ უკრაინასთან დაკავშირებით გამოცხადებული ანტირუსული სანქციები მასაც შეხებოდა, მაგრამ მისი გვარი სიაში არ შეუტანიათ - ვაითუ, ვლადიმერ პუტინი გაბოროტდესო.

„ჩვენ არ შეგვიძლია ამ ინფორმაციის დადასტურება, უბრალოდ, გადმოგცემთ იმას, რაც The Wall Street Journal-ში დაიბეჭდა“, - აღნიშნავს „ბი-ბი-სი“.

რა დაწერა ამერიკულმა გაზეთმა

„უოლ სთრით ჯორნელი“ (WSJ) ინკოგნიტო ამერიკულ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის ხელისუფლება 39 წლის ალინა კაბაევას რუსეთის პრეზიდენტის მეგობარ ქალად თვლის, რომლისგანაც მან სამი ბავშვი გააჩინა და ეჭვია, რომ ალინა კაბაევა საზღვარგარეთ არსებულ ვლადიმერ პუტინის პირად სიმდიდრეს იფარავს.

WSJ-ის მონაცემებით, ალინა კაბაევა ამერიკული სანქციების პოტენციურ სამიზნედ რჩება, მაგრამ იმ ოფიციალურ პირთაგან, რომლებიც ამ სავარაუდო გადაწყვეტილების იდეას განიხილავენ, არსებობს აზრი, რომ თუ ანტირუსული სანქციები ალინა კაბაევაზეც გავრცელდება, მაშინ ეს პირადად ვლადიმერ პუტინზე განხორციელებული დარტყმა იქნება, რამაც, შესაძლოა, რუსეთსა და აშშ-ს შორის ისედაც დაძაბული დამოკიდებულება კიდევ უფრო გაამწვავოს.

ამერიკისა და ევროპის სპეცსამსახურების წარმომადგენელთა თქმით, ალინა კაბაევა დიდ დროს ატარებდა შვეიცარიაში. ამერიკელი ჩინოვნიკები, რომლებმაც კარგად იციან მისი გადაადგილების მარშრუტი, აცხადებენ, რომ იგი ცხოვრობდა ჟენევასთან ახლოს, განსაკუთრებულად დაცულ, ცალკე მდგომ სახლში, მაღალი კედლით.

WSJ აღნიშნავს, რომ მიმდინარე თვეში უკრაინის ხელისუფლებამ შვეიცარიის მთავრობას წერილი გაუგზავნა, რომელშიც გამოხატულია თხოვნა, აეკრძალოს ალინა კაბაევას ქვეყანაში შესვლა და მის ქონებას ყადაღა დაედოს. როგორც ბერნმა კიევის თხოვნის საპასუხოდ განაცხადა, შვეიცარიის ხელისუფლებას არ აქვს ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინის მეგობარი ქალი ქვეყანაში იმყოფება.

WSJ-ის მიხედვით, ალინა კაბაევას სახელ კრემლის ვებ-გვერდზე პირველად 2001 წელს გამოჩნდა, 2008 წელს კი გაზეთმა „მოსკოვსკი კორესპონდენტმა“ დაწერა, რომ ვლადიმერ პუტინმა, რომელიც იმ დროისათვის ჯერ კიდევ ოფიციალურად დაქორწინებულად ითვლებოდა ანუ კანონიერი ცოლის კანონიერ ქმრად, ალინა კაბაევას ხელი სთხოვაო. რუსეთის პრეზიდენტმა „კატეგორიულად უარყო“ ეს ინფორმაცია, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ გაზეთი დაიხურა. დაახლოებით იმ პერიოდშივე ტანმოვარჯიშემ სპორტს თავი დაანება და სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი გახდა, ხოლო 2014 წელს პარლამენტიც დატოვა და ჰოლდინგ „ეროვნული მედიაჯგუფის“ (Национальная медиа-группа) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

როგორც WSJ აღნიშნავს, დაახლოებით, 2013 წლიდან ალინა კაბაევამ და მისმა ნათესავებმა რუსეთში, სხვადასხვა პრესტიჟულ ადგილზე რამდენიმე სახლი და მიწის ნაკვეთი შეიძინეს. ამის თაობაზე გაზეთის მიერ ელფოსტით გაგზავნილი კითხვები კაბაევამ და მისი ოჯახის წევრებმა უპასუხოდ დატოვეს.

WSJ-ის წყაროების - შვეიცარიელი, ევროპელი და ამერიკელი ჩინოვნიკების მტკიცებით, 2015 წელს ალინა კაბაევამ ვლადიმერ პუტინისაგან ბავშვი გააჩინა - მან იმ ელიტურ შვეიცარიულ კლინიკაში იმშობიარა, რომელიც ლუგანოს ტბის პირას მდებარეობს. იმ დროს მასმედია წერდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი საჯარო ღონისძიებებზე რვა დღის განმავლობაში არ გამოჩენილაო და ვარაუდობდნენ, რომ იგი ალინა კაბაევასთან ერთად იმყოფებოდა. თავის მხრივ, კრემლი აცხადებდა, გავრცელებული ხმები სიცრუე იყოო.

2019 წელს ალინა კაბაევამ უკვე მოსკოვში ვლადიმერ პუტინისაგან ტყუპი გააჩინა. როგორც WSJ წერს, ამის შესახებ ინფორმაცია გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ საიტზე გამოქვეყნდა, მაგრამ სწრაფად წაიშალა.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც, WSJ-ის წყაროების თქმით, უკვე მოამზადა სანქციების პაკეტი ალინა კაბაევას მიმართ, უარი განაცხადა კომენტარებზე. გაზეთის კითხვა უპასუხოდ დატოვა პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმაც.

რა არის ცნობილი პუტინის შვილებზე

პუტინს ორი შვილი ჰყავს ლიუდმილა შკრებნევასთან, რომელთანაც 2013 წელს განქორწინდა. რუსეთის პრეზიდენტს არ სიამოვნებს თავისი ოჯახის ამბების მოყოლა. ბოლო ფოტოსურათი, რომელიც პრეზიდენტმა თავის შვილებთან - გოგონებთან ერთად გადაიღო, 2002 წლით არის დათარიღებული.

მიმდინარე წლის 6 აპრილს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ დააწესა სანქციები ეკატერინა ტიხონოვასა და მარია ვორონცოვას მიმართ - სწორედ ასეთი გვარები აქვთ რუსეთის პრეზიდენტის შვილებს ოფიციალური ქორწინების შემდეგ.

2020 წლის შემოდგომაზე გამოცემა „პროექტი“ წერდა სანქტ-პეტერბურგელ სვეტლანა კრივონოგის შესახებ, რომელიც, თითქოსდა, ვლადიმერ პუტინის მეგობარი ქალი იყო, მდიდრულ საჩუქრებს იღებდა პრეზიდენტის მეგობრებისაგან და ბანკ „როსიას“ აქციონერიც გახდა. გარდა ამისა, როგორც გამოცემა აღნიშნავდა, სვეტლანა კრივონოგის გოგონა ელისაბედი „უჩვეულოდ ჰგავს რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს“.

დიმიტრი პესკოვმა, რომელსაც კომენტარისთვის მიმართეს, განაცხადა, რომ ამ ქალის შესახებ არაფერი გაუგია და მისი სახელი პირველად ესმის.

რატომ არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია პუტინის ნათესავების შესახებ?

როგორც „ბი-ბი-სის“ კორესპონდენტი ანდრეი ზახაროვი განმარტავს, საერთაშორისო ჟურნალისტიკაში პოლიტიკური ლიდერების პირადი ცხოვრების გასაშუქებლად ორი მთავარი დისკურსი არსებობს. პირველის თანახმად, აღნიშნული ინფორმაცია საჯარო ინტერესს მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოადგენს, თუ პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტის ოჯახების წევრები თავიანთ მდგომარეობას გამდიდრების მიზნით იყენებენ. მეორე დისკურსს „ყვითელი პრესა“ განსაზღვრავს: საინტერესოა ყოველი ინფორმაცია ქვეყნის ლიდერის ცხოვრებიდან, ვთქვათ, ისეთიც კი, თუ მის ცოლს ქუჩაში მთვრალს დაინახავენ.

ვლადიმერ პუტინი საგულდაგულოდ მალავს ინფორმაციას თავისი ოჯახის შესახებ. მაგრამ ის, რისი გაგებაც შესაძლებელია ხოლმე, თითქმის ყოველთვის პირველი დისკურსის ფარგლებში თავსდება. მისი ერთ-ერთი ქალიშვილი, ეკატერინა ტიხონოვა, რომელიც სამეცნიერო ფონდ „ინფოპრაქტიკას“ ხელმძღვანელობს, მრავალრიცხოვან სუბსიდიას იღებს სახელმწიფოსაგან და სახელმწიფო სტრუქტურებისგან. გარდა ამისა, ირკვევა, რომ პუტინის მესამე, სავარაუდო შვილი - სვეტლანა კრივონოგიც ბანკ „როსიას“ აქციონერია, რომელსაც აშშ-ის ხელისუფლება პრეზიდენტის ახლო გარემოცვის ბანკად თვლის.

იგივე შეიძლება ითქვას ალინა კაბაევას მიმართაც: იგი ხელმძღვანელობს „ეროვნული მედიაჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს, რომლის მთავარ აქციონერს იგივე ბანკი - „როსია“ წარმოადგენს. თავის მხრივ, მედიაჯგუფი რამდენიმე პოპულარულ ტელეარხს ფლობს, მათ შორის - „პერვი კანალის“ წილსაც. სხვათა შორის, უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ ინფორმაცია, რომ ალინა კაბაევა „ეროვნული მედიაჯგუფის“ ხელმძღვანელია, საიტიდან გაქრა. წყარო

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ