პოლიტიკოსების ორეულები: საკითხი გაცილებით სერიოზულია ვიდრე თქვენ ფიქრობთ - კვირის პალიტრა

პოლიტიკოსების ორეულები: საკითხი გაცილებით სერიოზულია ვიდრე თქვენ ფიქრობთ

სამხრეთ ევროპის ერთ–ერთ ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტის დროს, მრავალი ათასი ადამიანის წინაშე საჯარო გამოსვლისას აშშ-ს პრეზიდენტს სნაიპერული შაშხანიდან ესროლეს და მოკლეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ მოკლული, პრეზიდენტის... ორეული იყო, ხოლო თავად ნამდვილი პრეზიდენტი უვნებელი გადარჩა. საბედნიეროდ ამგვარი ფაქტი არასდროს მომხდარა, ესაა 2008 წელს ეკრანებზე გამოსული ამერიკული ფილმის, „ცეცხლის წერტილი“, სიუჟეტი.

არ იფიქროთ ამ ურთულეს დროს, როდესაც დაძაბული ვადევნებთ თვალს უკრაინაში მიმდინარე ომის ქრონიკებს, „მსუბუქ“ თემაზე სასაუბროდ შეგაწუხეთ. როდესაც საკითხი ქვეყნის პირველი პირის უსაფრთხოების დაცვას ეხება, აქ წვრილმანები არ არსებობს. ორეულები ოდითგან იყვნენ ხელმწიფეთა და დიქტატორთა სამსახურში. რაც უფრო ტირანი და შეუბრალებელი იყო ხელისუფალი, მით უფრო დიდი იყო შურისძიების შიში და ამიტომაც უფრო მეტი ორეული ჰყავდა მას. დიქტატორისთვის განკუთვნილ საწამლავს, ხანჯალსა თუ ტყვიას ბევრჯერ უმსხვერპლია მისი ორეული.

XIX საუკუნის ბოლოდან ზოგიერთი ქვეყნის სპეცსამსახურებშიც მიხვდნენ ორეულების გამოყენების დიდ პოტენციურ შესაძლებლობებს. დღეს კი, როცა სახელმწიფოს მეთაურებს სულ უფრო ხშირად უხდებათ “ხალხში გასვლა” და მრავალრიცხოვან შეკრებებში მონაწილეობა, ორეულების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. თუმცა ხელისუფლების უმაღლეს პირთა ორეულების არსებობის ფაქტი ისევე გასაიდუმლოებულია, როგორც ქალბატონების ასაკი. ჯერ დოკუმენტურად დადასტურებულ ფაქტებზე ვისაუბროთ.

ბრიტანელი ფელდმარშლის ორეული

besiki-1650954420.jpg

ბერნარდ მონტგომერი და მეირიკ ჯეიმსი

მეორე მსოფლიო ომის დროს, ანტიჰიტლერული კოალიციის მიერ 1944 წელს საფრანგეთის სანაპიროზე დესანტის გადმოსხმის შესანიღბად “ორეულის ოპერაცია” ჩაატარეს.

ბრიტანელი მსახიობი, მეირიკ ჯეიმსი გარეგნულად ძალზე წააგავდა მოკავშირეების ჩრდილოეთ აფრიკაში განლაგებული სამხედრო დაჯგუფების სარდალ ფელდმარშალ მონტგომერის (1887–1976) . დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ გადაწყვიტა ეს მსგავსება გერმანელების დეზინფორმაციისთვის გამოეყენებინა.

ჯეიმსი ერთი თვის განმავლობაში მონტგომერის გარემოცვაში იყო, გულდასმით აკვირდებოდა საუბარს, ქცევასა და ჟესტებს. ამის შემდეგ მსახიობი გამოაწყვეს ფელდმარშლის მუნდირში და ორი თვითმფრინავით, დიდი ამალით გაგზავნეს ვითომდა საინსპექციო შემოწმებაზე გიბრალტარსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. გერმანიის დაზვერვამ ეს ინფორმაცია სასწრაფოდ ბერლინს შეატყობინა, სადაც კიდევ უფრო განუმტკიცდათ აზრი, რომ მოკავშირეები მეორე ფრონტის გახსნას იტალიაში ან ბალკანეთზე აპირებდნენ და მთელი ძალები იქითკენ მიმართეს. მოკავშირეებმა კი ევროპის კონტინენტზე შეჭრის ოპერაცია, რომელსაც ფელდმარშალი მონტგომერი ხელმძღვანელობდა, წარმატებით ჩაატარეს.

ფიდელ კასტროს ორეულები

ფიდელის ორეული მისი დაცვის ერთ–ერთი წევრი იყო. კუბელი დიქტატორის ავტომობილის უკანა სავარძელზე მოთავსებული, მიწებებული „ფიდელის წვერით“, ის ძალზე წააგავდა ფიდელ კასტროს. კუბის სპეცსამსახურებმა დეზინფორმაციის ეს მეთოდი არაერთხელ გამოიყენეს. 1983 და 1992 წლებში, როდესაც ფიდელ კასტრო მძიმედ ავად იყო და საწოლიდან ვერ დგებოდა. ამ დროს საპრეზიდენტო ლიმუზინის უკანა სავარძელზე მოკალათაბეული „ფიდელის ორეული“ ჰავანაში გადაადგილდებოდა და ხალხმრავალ ქუჩებში ღია ფანჯრიდან ხალხს ესალმებოდა. „ფიდელ კასტროს“ კორტეჟი აუცილებლად გაივლიდა „კაპიტალისტური ქვეყნების“ საელჩოების წინ, რათა მათ დაენახათ, რომ ფიდელი ვითომდა ჯანმრთელად იყო.

ერაყელი დიქტატორის ორეულები

სადამ ჰუსეინი ეშმაკი პოლიტიკოსი და დაუნდობელი ტირანი იყო. ცდილობდა წინასწარ გაეთვალა ყველა სვლა და ისე ეთამაშა “პოლიტიკური ჭადრაკის დაფაზე”. როცა ჭირდებოდა ამერიკელების მეგობარი იყო, ხან კი საბჭოთა კავშირისა და რუსეთის მთავარი დასაყრდენი იყო არაბულ სამყაროში. რეალურად კი არავის ენდობოდა და განსაკუთრებულ ყურადღებას საკუთარი უსაფრთხოების დაცვას უთმობდა.

besiki-2-1650954481.jpg

ამიტომაც ორეულების შერჩევას ძალზე სერიოზულად ეკიდებოდა. გერმანელი ექსპერტის დიტერ ბიუმანის შეფასებით, რომელმაც სადამ ჰუსეინის უკანასკნელი 15 წლის მანძილზე გადაღებული რამდენიმე ათასი ფოტო და ვიდეოგამოსახულება შეისწავლა, ერაყელ ტირანს სულ მცირე ოთხი ორეული ჰყავდა. ერთ-ერთი ფუაზ ალ-ამარი იყო, რომელიც საოცრად წააგავდა სადამ ჰუსეინს. ამ ორეულმა ყველაზე მნიშვნელოვანი დავალება 1992 წლის 26 ივლისს მიიღო, მას სადამის მაგივრად . . . მდინარე ტიგროსი უნდა გადაცურა. ამ ფაქტმა, რომელიც უმალ აიტაცა მსოფლიოს მასმედიამ, ყველას უჩვენა თუ რა ჯანმრთელი და კარგ სპორტულ ფორმაში იყო “სადამ ჰუსეინი”. ისტორიკოსების მტკიცებით სადამზე განხორციელებული შვიდი თავდასხმიდან ექვს შემთხვევაში მისი ორეული იყო რისკის ქვეშ. კურიოზული შემთხვევა მოხდა 1988 წელს შემოდგომაზე, როდესაც პრეზიდენტის სასახლის სარდაფში მოწყობილ სასროლ ტირში ჩასულ სადამის ორეულს მისი ვაჟის, უდეის ორეული შეეფეთა.

უდეი ჰუსეინის ორეულები

1994 წელს გამოიცა ავსტრიელი ჟურნალისტის კარლ ვენდლის წიგნი “მე ვიყავი სადამის შვილი”, რომელიც სულ მალე იქცა ბესტსელერად. ავტორი უდეი ჰუსეინის ერთ-ერთი ორეულის ლატიფ იაჰია სალახის ცხოვრებას აღწერს. ირკვევა, რომ ახალგაზრდა იურისტი 1987 წელს მოულოდნელად პრეზიდენტის სასახლეში გამოიძახეს, სადაც იგი სადამ ჰუსეინის უფროსმა ვაჟმა უდეიმ მიიღო და მისი ორეულის ფუნქციის შესრულება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ლატიფს სიკვდილი გარანტირებული ჰქონდა.

besiki3-1650954530.jpg

ლატიფ იაჰია და უდეი ჰუსეინი

ორეულად ქცევისთვის ლატიფს თავდაპირველად მცირე კოსმეტიკური ოპერაცია დასჭირდა. შემდეგ დაიწყო მისი ფსიქოლოგიურად მომზადების ხანგრძლივი პროცესი, მას უდეის საუბრის სტილი, მანერები, სიარული და ა.შ. ორეულს ვიდეოფილმებით შეასწავლეს. ორეულის დებიუტი 1988 წელს ბაღდადში შედგა, როდესაც ორეული უდეის მაგივრად საფეხბურთო მატჩს დაესწრო და გამარჯვებულს ჯილდოც კი გადასცა.

მომდევნო ოთხი წლის მანძილზე ორეული სადამის ვაჟის ფუნქციებს “ასრულებდა” სხვადასხვა ღონისძიებებზე. უდეი ევროპაში ღამის ბარებში “გულაობდა”, მისი ორეული კი ბაღდადში მოსაწყენ ღონისძიებებს ესწრებოდა. უდეის მამაზე არანაკლები მტერი ჰყავადა, ამიტომაც ლატიფი, იმის შიშით სხვისი ცოდვების გამო არ მომკლანო, 1991 წელს ერაყიდან გაიქცა. ექვსი წელი ავსტრიაში იმალებოდა, მაგრამ ერაყის სპეცსამსახურებმა მაინც გაიგეს მისი მისამართი. მაშინ უდეის ორეულმა დიდ ბრიტანეთს შეაფარა თავი, შეიცვალა გარეგნობა და გვარი. ბოლოს ის მანჩესტერში ცხოვრობს ცოლ-შვილთან ერთად.

ჰყავდა თუ არა ჰიტლერს ორეულები?

ეს კითხვა 1945 წლის 30 აპრილის შემდეგ გახდა აქტუალური. ოფიციალური ვერსიით ამ დღეს ადოლფ ჰიტლერმა და ევა ბრაუნმა თავი მოიკლეს. მათი ნახევრად დამწვარი ცხედრები საბჭოთა კავშირის არმიის სპეციალურმა ნაწილებმა აღმოაჩინეს. სტალინს ეჭვი ღრღნიდა - “კიდევ ხომ არ გამაცურა ამ არაკაცმა?”, ამ ფიქრებით დამძიმებული ბოლთას სცემდა და ჩამქრალ ჩიბუხს აწვალებდა. სიცოცხლის ბოლომდე “დიდ დიქტატორს” სჯეროდა, რომ გარდაცვლილი ფიურერის ორეული იყო, ხოლო თავად ჰიტლერი სამხრეთ ამერიკაში იმალებოდა. სტალინს დაეჭვების მიზეზი ნამდვილად ჰქონდა, რადგანაც ომის დასრულების შემდეგ მრავალი ამგვარი ვერსია გავრცელდა.

besiki4-1650959813.jpg

ადოლფ ჰიტლერი

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად 1941 წელს “გესტაპოს” შეფ მიულერს მოახსენეს, რომ გერმანიის ქალაქ ბრესლაუში, პოლიგრაფიულ ფაბრიკაში მუშაობს ინჟინერი გუსტავ ველერი, რომელიც საოცრად ჰგავს ჰიტლერს. საიდუმლო პოლიციის დიდი მცდელობის შემდეგ ეს პიროვნება გარეგნულად, სიარულით, ჟესტიკულაციით და მეტყველებით ფიურერის ნამდვილი კოპია გახდა. ის რამდენჯერმე გამოვიდა მრავალათასიან მიტინგზე და მგზნებარე სიტყვა წარმოთქვა. მაგრამ მისი ბედი გადაწყვეტილი იყო.

1945 წლის 30 აპრილს ორეულს (ველერს) ჰიტლერის მუნდირი ჩააცვეს, შემდეგ “ვალტერის” პისტოლეტით მოკლეს, ხალიჩაში გაახვიეს და ევა ბრაუნის ცხედართან ერთად ნახევრად დაწვეს. შემდეგ კი ორივე ისე დამარხეს, რომ ადვილად ეპოვათ. თავად ფიურერმა კი ბერლინში მიმალვა მოახერხა, შემდეგ კი ლათინური ამერიკის ერთ-ერთ ქვეყანას შეაფარა თავი. ამგვარია ეს ვერსია.

(მეორე ნაწილის დასასრული)