"ფილმში აგრესორის ხასიათი იყო ნაჩვენები, რის გამოც, სტალინმა იგი აკრძალა" - ვინ იყო ივანე კავალერიძე - ქართული წარმოშობის "უკრაინელი მიქელანჯელო" - კვირის პალიტრა

"ფილმში აგრესორის ხასიათი იყო ნაჩვენები, რის გამოც, სტალინმა იგი აკრძალა" - ვინ იყო ივანე კავალერიძე - ქართული წარმოშობის "უკრაინელი მიქელანჯელო"

1887 წლის 14 აპრილს უკრაინაში, ნოვოპეტროვკაში, დაიბადა ქართული წარმოშობის „უკრაინელი მიქელანჯელო“ – რეჟისორი, დრამატურგი და მოქანდაკე, ივანე კავალერიძე... ივანე კავალერიძის შესახებ საქართველოში ფართო საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის... თბილისის მერიის მუზეუმების გენერალური დირექტორი ნინი სანადირაძე მის შესახებ გვიამბობს:

- როგორც ცნობილია, ივანე კავალერიძე საქართველოში მხოლოდ ერთხელ, ფილმის გადაღების პერიოდში იმყოფებოდა. მოგონებების მიხედვით ვიცით, რომ, თურმე, ძალიან განიცდიდა, ქართული რომ არ იცოდა... ქართულ სახელოვნებო სივრცეში, ფაქტობრივად, შეუსწავლელია ივანე კავალერიძის შემოქმედება. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდში დაცულია ივანე კავალერიძის ერთი ქანდაკება - შალიაპინის ბიუსტი.

- უკრაინისთვის რამდენად დიდია ივანე კავალერიძის მნიშვნელობა?

- უკრაინისთვის ივანე კავალერიძე მეტად მნიშვნელოვანი ფიგურაა. ამას ისიც ადასტურებს, რომ იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში უკრაინის სახელით იყო წარდგენილი, როგორც "უკრაინელი მიქელანჯელო"... ეს არ არის მარტო ეპითეტი. მისი შემოქმედების მასშტაბი მართლაც იძლეოდა საშუალებას, ასე შეფასებულიყო...

1967 წელს ივანე კავალერიძეს უკრაინის სახალხო არტისტის წოდება მიანიჭეს... კიევში არსებობს მისი სახელობის მუზეუმი. ძალიან აქტუალური და ერთ-ერთი მონახულებადი მუზეუმია... 1987 წელს მისი დაბადებიდან ასი წლისთავი იუნესკოს ეგიდით აღინიშნა და მთელი უკრაინის მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდა. ხუთი წლის შემდეგ ანუ 125 წლისთავზე კიევის ყველაზე დიდ ქუჩას ივანე კავალერიძის სახელი მიენიჭა.

ივანე კავალერიძე აქტიურად მოღვაწეობდა კინოში, იყო მონუმენტალისტი - ქანდაკებაში, ასეთივე წარმატებით ხატავდა. მან დადგა და გადაიღო რამდენიმე კინოოპერა.

- როგორ აღმოჩნდა მისი ოჯახი უკრაინაში?

- მამა - ვასილ კავალერიძე უკრაინაში კავკასიური ომის შემდეგ ჩავიდა. შემდეგ იქ დარჩა და დაქორწინდა, სიცოცხლის ბოლომდე უკრაინაში ცხოვრობდა... თავიდან ოჯახი პოლტავის გუბერნიაში ცხოვრობდა, შემდეგ პატარა ივანე კავალერიძეს დედამ მხატვრობისადმი მიდრეკილება შეამჩნია და სასწავლებლად კიევში წაიყვანა... კიევის სამხატვრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა.

პირველი დიდი, მონუმენტალური თავადის ქალის - ოლღა რომანოვას ქანდაკება მისი შესრულებით 1911 წელს, მიხეილის მოედანზე დაიდგა. 1919 წელს ბოლშევიკებმა ეს ქანდაკება დაანგრიეს, 1996 წელს აღადგინეს და დღემდე დგას. მისი ქანდაკებები დგას ხარკოვში, ძალიან ბევრ უკრაინულ ქალაქში... მის მიერ შექმნილი ტარას შევჩენკოს ძეგლიც დაანგრიეს, მაგრამ შემდეგ აღადგინეს... ივანე კავალერიძის გრიგორ სკოვოროდას ძეგლი მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა და 1972 წელს თვითონ აღადგინა.

დღეს, როცა რუსული აგრესია ასეთი სასტიკი ფორმით ვრცელდება უკრაინის ტერიტორიაზე, აღსანიშნავია, რომ საზოგადოება იბრძვის არა მარტო მშვიდობისთვის, არამედ - იცავს ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობასაც. ივანე კავალერიძის ძეგლებიც იმ შეფუთულ ძეგლებს შორისაა, რომლებსაც თითოეულ ქალაქში იცავს მოსახლეობა რუსული აგრესიისგან.

- მის ფილმებზე რას გვეტყვით?

- ივანე კავალერიძემ კინოში მოღვაწეობა ალექსანდრე დოვჟენკოსთან ერთად დაიწყო და რამდენიმე საეტაპო ფილმი შექმნა. მისი ფილმები მონუმენტური ხასიათით გამოირჩევა... საეტაპო ფილმებია - "ღვართქაფი", "შტურმი" და "პრომეთე"...

უკრაინაში პირველი ხმოვანი ფილმი - "ნატალკა-პოლტავკა" ივანე კავალერიძის მიერ არის გადაღებული. მიუხედავად იმისა, რომ კომედიური ჟანრის ფილმია და ბედნიერი დასასრული აქვს, ფილმში ეპოქალური დრამაც არის, დროსთან მიმართებაში. 1936 წელს კიევში შედგა ფილმის პრემიერა და ძალიან საინტერესოა, რომ ამ ფილმის პრემიერა ასევე ნიუ-იორკში, თეატრ "რუზველტში" გაიმართა.

ივანე კავალერიძე, გარდა მისი უმნიშვნელოვანესი შემოქმედებისა, სამოქალაქო აქტივიზმითაც გამოირჩეოდა... მის ფილმში -"პრომეთე" გმირები სამ ენაზე საუბრობდნენ - ქართულად, რუსულად და უკრაინულად... რუსული ხაზით ფილმში მოძალადის და აგრესორის ხასიათი იყო ნაჩვენები, რის გამოც სტალინმა ფილმი აკრძალა და რუსეთში დღემდე არ აჩვენებენ, არქივშიც არ არის... სტალინის სიბრაზის მიზეზი, ერთი შეხედვით, მარტივი იყო, რეალურად კი ფუნდამენტური მიზეზებია: ივანე კავალერიძემ ფილმის დასრულებამდე შამილის ძეგლი დადგა, ასევე, ცნობილია, რომ ივანე კავალერიძის ბაბუა - ნიკოლოზ კავალერიძე შამილთან იბრძოდა.

დოკუმენტური მასალიდან ვიცით, რომ როდესაც ფაშისტური გერმანია უკრაინაში შევიდა, კავალერიძეს კიევის კულტურის სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ივანე გერმანელებთან არ თანამშრომლობდა. კულტურის სფეროში დასაქმებული და მომუშავე ებრალები კიევში კავალერიძის გადარჩენილია. ეს ფაქტიც ხაზგასმულია იუნესკოს განცხადებაში, რომ კავალერიძე, გარდა მისი შემოქმედებითი, მხატვრული, სახელოვნებო წარმატებისა, სამოქალაქო აქტვიზმითაც ძალიან გამოირჩედა... მან თავის დროზე უარი განაცხადა ჰიტლერის ბიუსტის გამოქანდაკებაზე.

ივანე კავალერიძის მრავალმხრივი შემოქმედებითი ცხოვრება ასაკშიც გაგრძელდა, 78 წლისამ შექმნა პროზაული ნაწარმოებები და რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი გამოცემაც დაიბეჭდა: "ვოტმანის ხმალი", "გრიგორი და პარასკევა", "პირველი ხნული"...

მისი შემოქმედების მწვერვალად ითვლება ქანდაკება - "წეროები მიფრინავენ". ქანდაკება, სამწუხაროდ, მხოლოდ მცირე მასშტაბით არის შემორჩენილი. მამაკაცის ძეგლია, რომელიც ერთ ყავარჯენზე დგას და ცისკენ იყურება, ნახევრადგაგლეჯილი თავით. ქანდაკება გამორჩეულია, ერთი მხრივ, მისი მონუმენტალიზმიდან გამომდინარე და მეორე მხრივ - მხატვრული ფორმით... ზუსტად ამიტომაც არის კავალერიძე "უკრაინელ მიქელანჯელოდ" შერაცხული, რადგან ქვაში იმ მასშტაბს აღწევდა, რომ სხეულის მთელი შფოთვა გადმოეცა.

ჩვენთვის კავალერიძის მნიშვნელობა არ არის მხოლოდ ის, რომ მას ქართული სისხლი და ფესვები ჰქონდა. იგი ევროპული ოჯახის შვილია და მისი მასშტაბი ყოვლისმომცველია!

ბიოგრაფია

„კინოში მოღვაწეობა ივანე კავალერიძემ 1920-იან წლებში დაიწყო. მან დოვჟენკოს მხარდამხარ საეტაპო ფილმები შექმნა უკრაინულ კინემატოგრაფში. მისი საავტორო ფილმები შევიდა კინოისტორიაში, როგორც ავანგარდული ექსპერიმენტები. ის იყო საკუთარი ფილმების რეჟისორიც, სცენარისტიც და მხატვარიც – კავალერიძე კინოსთვის ირჩევდა ეპიკურ, მონუმენტურ სიუჟეტებს, ასეთებია: „ღვართქაფი“ (1929), „პერეკოპი“ (1930), „შტურმის ღამეები“ (1931), „კოლიივშჩინა“ (1933), „პრომეთე“ (1935); ივანე კავალერიძემ გადაიღო პირველი უკრაინული ხმოვანი ფილმი - „ნატალკა პოლტავკა“. 1930-იან წლებში ივანე კავალერიძე დისიდენტად შერაცხეს. რეჟისორს ბრალს სდებდნენ სოცრეალიზმის დამახინჯებაში, ბურჟუაზიული წარსულის აღდგენის მცდელობაში, ხალხის მტრებისადმი თანაგრძნობაში.

რიგი მისი ფილმებისა – „კოლიივშჩინა“, „პრომეთე“ – აიკრძალა, ზოგიერთი ქანდაკება - განადგურდა; ხელოვნის თანამშრომლები და სტუდენტები რეპრესირებულები იყვნენ, თავად რეჟისორი საერთაშორისო აღიარების წყალობით გადაურჩა რეპრესიებს... ხელოვნის თამამ, ავანგარდისტულ ნაწარმოებებს – „წეროები მიფრინავენ“, „ბუნტი ციმბირის მაღაროების სიღრმეში“, „რომ გცოდნოდათ, პანიჩებო“ – საბჭოთა წლებში მუზეუმებში არ უშვებდნენ. მიაჩნდათ, რომ ასეთი ხელოვნება გაუგებარი იყო საბჭოთა ადამიანისთვის... ივანე პეტრეს ძე კავალერიძე გარდაიცვალა 1978 წლის 3 დეკემბერს. დაკრძალულია კიევში, ბაიკოვოს მემორიალურ სასაფლაოზე"

(სპეციალურად საიტისთვის)