უკრაინა ისრაელს ჰბაძავს - არც აღიარებს და არც უარყოფს, ანუ ვინ ააგიზგიზა რუსული ბრიანსკის ორი ნავთობბაზა?! - კვირის პალიტრა

უკრაინა ისრაელს ჰბაძავს - არც აღიარებს და არც უარყოფს, ანუ ვინ ააგიზგიზა რუსული ბრიანსკის ორი ნავთობბაზა?!

25 აპრილის გამთენიისას, რუსული ნახევარმილიონიანი ბრიანსკის მაცხოვრებელთა უდიდესი ნაწილი ლოგინებიდან წამოჰყარა ორმა გამაყრუებელმა აფეთქებამ - ფანჯრების მინებზე ცხვირმიჭყლეტილი ბრიანსკელები შიშით უყურებდნენ ღამეულ ცაში ატყორცნილ ცეცხლის ორ, უზარმაზარ „კოცონს“- იწვოდა ნავთობბაზები...

რა შეიძლება მომხდარიყო?

შემთხვევითობა, როდესაც ერთდროულად აფეთქდა ერთმანეთისგან რამდენიმე კმ-ით დაშორებული ორი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი, ფაქტობრივად, გამორიცხულია.

თანაც, სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში, აფეთქებამდე რამდენიმე წამით ადრე ძალიან კარგად ისმის სპეციფიკური ხმა, რომელსაც, დიდი ალბათობით, თვითმფრინავის რეაქტიული ძრავა გამოსცემს (ამიტომაც რუსულ მასმედიაში დაწყებული მტკიცება, რომ ეს უკრაინელების უპილოტო „ბაირაქტარმა“ გააკეთა, რომელიც შემდეგ ჩამოაგდეს, უსაფუძვლოა - „ბაირაქტარს“ შიდაწვის ძრავა უყენია და სულ სხვა ხმა აქვს ფრენისას) - სავარაუდოდ, ეს ორი აფეთქება გამოწვეული იქნა ზუსტი საჰაერო დაბომბვის შედეგად ანუ ამ რუსულ ქალაქში განმეორებული იქნა ბელგოროდის ვარიანტი, როდესაც 1 აპრილს, ასევე გამთენიისას, ორმა დამრტყმელმა შვეულმფრენმა „მი-24“ „მფრინავმა ნიანგმა“ უმართავი საავიაციო რაკეტების ზალპებით ააფეთქა ნავთობის არანაკლებ რვა, უზარმაზარი რეზერვუარი...

მაშინ უკრაინის ხელისუფლებამ ოფიციალურად არ აღიარა ამ წარმატებული საჰაერო რეიდის „ავტორობა“, ისევე, როგორც დღეს არც აღიარებს და არც უარყოფს, რომ უკრაინის სამხედრო ძალებმა მორიგი ზუსტი საჰაერო დარტყმები მიაყენეს მტრის - რუსეთის ახლო ზურგში მდებარე ნავთობბაზებს, რომლებიდანაც ერთ-ერთი, რუსეთის შეიარაღებული ძალების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის 3783-ე კომპლექსური ბაზის მე-2 ფილიალს ეკუთვნოდა.

ინტერნეტში უკვე საკმაოდ მოიპოვება სათვალთვალო კამერების მიერ ამ ნავთობბაზებში უზარმაზარი რეზერვუარების აფეთქებისა და ხანძრის კადრები, რითაც შეიძლება დარწმუნებით თქმა, რომ უკრაინამ თავისი ჩრდილოეთი საზღვრიდან სულ რაღაც ასიოდე კმ-ზე დაშორებულ რუსულ ბრიანსკს შურისძიების მორიგი დარტყმა მიაყენა, რუსული რაკეტებით უკრაინული ნავთობბაზების თითქმის ყოველდღიური განადგურების საპასუხოდ.

უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკა - არც აღიაროს და არც უარყოს თითქმის ბოლომდე ცხადი მოქმედების შედეგი, ძალიან წააგავს ისრაელის სახლმწიფოს მიერ ათწლეულებით დამკვიდრებულ პრაქტიკას: თელ-ავივი ოფიციალურად თითქმის არასოდეს აღიარებდა და არც აღიარებს წერტილოვან საჰაერო დარტყმებს მეზობელი არაბული ქვეყნების ტერიტორიებზე, თუმცა ადგილობრივი ბავშვებიც კი უკვე ხმაზე სცნობენ ისრაელის გამოშვებულ რაკეტებს.

საგულისხმოა, რომ კიევის მიერ ოფიციალურად არაღიარებულ საავიაციო-სარაკეტო თავდასხმებს რუსული ბელგოროდისა და ბრიანსკის ნავთობბაზებზე ადამიანების მსხვერპლი არ მოჰყოლია, რაც შეიძლება იმითაცაა განპირობებული, რომ საჰაერო დარტყმები გამთენიისას, სპეციალურად არასამუშაო საათებში ხდება.

თუმცა ღამის სიბნელეში რუსული ქალაქების ნავთობბაზების აგიზგიზებას სხვა, ფსოქოლოგიურ-პროპაგანდისტული მომენტიც ახლავს, რადგან ღამით ბევრად შთამბეჭდავად გამოიყურება ცაში მაღლა ატყორცნილი ხანძრის ალები და ამის ამსახველი ვიდეოკადრები უფრო ეფექტიანად გამოიყურება.

2-1650961065.jpg
რუსულ ქალაქებში ნავთობბაზების ღამით ამფეთქებლები რუსეთის მოსახლეობას აჩვენებენ, რომ ომი მათი ქვეყნის ტერიტორიაზედ გადავიდა...

რუსეთს, რომელიც „მსოფლიო ბენზოკოლონკადაა“ ცნობილი, შეიძლება ბევრად არაფრით დააზარალებს რამდენიმე, თუნდაც მსხვილი ნავთობბაზის განადგურება, მაგრამ ფსიგოლოგიური თვალსაზრისით ამას ორმხრივი შედეგი მაინც მოაქვს - რუსულ ქალაქებში მოგიზგიზე ნავთობბაზების ვიდეოკადრების ხილვით უკრაინელები გულს იოხებენ, ორთვიანი დაუნდობელი რუსული დაბომბვების სანაცვლოდ, ხოლო თავად რუსეთის მრავალმილიონიან მოსახლეობაში (რომლის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს თავისი პრეზიდენტის - პუტინის სამხედრო აგრესიას მეზობელი ქვეყნების მიმართ) ნელ-ნელა ჩნდება განცდა, რომ, თურმე, ომი ორმხრივი ყოფილა და უკრაინის დაუსჯელად დაბომბვა არ გამოვა - საპასუხო დარტყმებს ჯერ უკრაინის მოსაზღვრე რუსული ქალაქები მიიღებენ, შემდეგ კი...

პ.ს. საინტერესოა, რომ თავად რუსეთიც არაფრის დიდებით არ აღიარებს ბელგოროდისა და ბრიანსკის ნავთობბაზების უკრაინის საჰაერო თავდასხმების შედეგად აფეთქების ფაქტებს (შეიძლება იმიტომაც, რომ ასე ნაქები რუსული საჰაერო თავდაცვის სისუსტე სახეზეა), სამაგიეროდ, თითქმის ყოველდღე აცხადებს, რომ უკრაინელების მიერ გასროლილმა მორიგმა ჭურვმა საზღვრისპირა რუსულ სოფელში სახურავები დააზიანა.

26 აპრილის დილიდან რუსეთის ოფიციალური საინფორმაციო საშუალებების მტკიცებით, სამი თავდასხმა განხორციელდა მოლდოვას პრორუსულ, დნესტრისპირეთის სეპარატისტულ „რესპუბლიკაში“.

ჯერ იყო, 25 აპრილს, სეპარატისტული დნესტრისპირეთის დედაქალაქში - ტირასპოლში, ადგილობრივი „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს“ შენობას დღისით, მზისით, „რპგ-22“ და „რპგ-27“ ტიპის ტანკსაწინაღმდეგო ყუმბარსატყორცნებიდან ესროლეს და გამოყენებული სარაკეტო ტუბუსები იქვე ქუჩაში დაჰყარეს...

26 აპრილის დილით კი დნესტრისპირეთში ორი ძლიერი, მეგავატიანი და ნახევრადმეგავატიანი სიმძლავრის რადიოანძის კონსტრუქცია ააფეთქეს, რითაც შეწყდა რუსული პროპაგანდისტული რადიოარხების ტრანსლირება სეპარატისტულ დნესტრისპირეთში.

საგულისხმოა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალურად უარყო რუსეთის ბრალდებები ამ აფეთქებებში და განმარტა, რომ ამ პროვოკაციული მოქმედებებით რუსეთის სპეცსამსახურები ცდილობენ, უკრაინას მეზობელ „დნესტრისპირეთის რესპუბლიკაზე“ თავდასხმის მზადება დააბრალონ.