"ჩანაწერი ავთენტურიც რომ იყოს, აქ არაფერზეა საუბარი - როცა ორი ბიზნესმენი საუბრობს ერთმანეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე, ამაში რამეა გასაკვირი?" - კვირის პალიტრა

"ჩანაწერი ავთენტურიც რომ იყოს, აქ არაფერზეა საუბარი - როცა ორი ბიზნესმენი საუბრობს ერთმანეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე, ამაში რამეა გასაკვირი?"

"როცა ორი ბიზნესმენი საუბრობს ერთმანეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე, ამაში რამეა გასაკვირი? ერთადერთი ქვეყანა მე რაც ვიცი, რომელსაც სანქციები აქვს დაწესებული ევტუშენკოვისთვის, არის ავსტრალია", - ასე ეხმიანება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც თითქოს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი ოლიგარქი, Sistemas-ს დამფუძნებელი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ.

კობახიძის თქმით, არავინ იცის, ჩანაწერი ავთენტურია თუ არა. მისივე თქმით, ხელისუფლების პოზიცია, რომ რუსეთთან არ წყვეტენ სავაჭრო ურთიერთობებს, ოფიციალურად ცნობილია.

„ავთენტურია თუ არა, ეს არავინ იცის. რომც იყოს ავთენტური, აქ არაფერზეა საუბარი. საუბარია სავაჭრო ურთიერთობებზე. თქვენ იცით, რომ საქართველოს ოფიციალურად აქვს დაფიქსირებული ამაზე პოზიცია, საქართველო ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან. ხდება პროდუქტის ექსპორტირება და იმპორტირება, ეს არის ჩვენი გაცხადებული პოზიცია, ამაში არც კანონსაწინააღმდეგოა რაიმე და არც სხვა პრინციპებთან მოვდივართ წინააღმდეგობაში. გარდა ამისა, პროდუქტის იმპორტირება მხოლოდ ადგილობრივი მოხმარებისთვის. მე შეგახსენებთ, უკრაინაც ინარჩუნებს გარკვეულ სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან, ხდება რუსეთიდან გაზის მიღება უკრაინაში, მათ შორის საკუთარი მოხმარებისთვის და შემდეგ ხდება ამ გაზის ტრანზიტით გადაცემა ევროკავშირის ქვეყნებისთვის. აქედან გამომდინარე ის, რომ საქართველო სავაჭრო ურთიერთობებს ინარჩუნებს, ამაში არაფერია არც კანონსაწინააღმდეგო და არც ამორალური, მითუმეტეს, იმ პირობებში, როცა უკრაინაც ინარჩუნებს.

რაც შეეხება გამოძიებას, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტი, თუ შეხვედრა იყო ვინმესთან, ამაზე პრემიერი გააკეთებს თვითონ განცხადებას და კომენტარს. ამ ჩანაწერში საქმე ეხება სავაჭრო ურთიერთობებს. როცა ორი ბიზნესმენი საუბრობს ერთმანეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე, ამაში რამეა გასაკვირი? ერთადერთი ქვეყანა, მე რაც ვიცი, რომელსაც სანქციები აქვს დაწესებული ამ პირისთვის, არის ავსტრალია. ეს არის საინტერესო დეტალი“ - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში "კიბერ კმარას" მტკიცებით, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერი ვრცელდება. სატელეფონო საუბრის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, ისინი თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ. ჩანაწერში ნახსენებია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელი, რომელზეც სავარაუდოდ, ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ მის მიერ გამოგზავნილ წარმომადგენელს სწორედ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. აღნიშნულის საპასუხოდ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი, ივანიშვილს სთხოვს, რომ მის წარმომადგენელს თავად ის შეხვდეს.

IPN