ვინ არის და რა ვიცით რუს ოლიგარქ ევტუშენკოვზე და რა აკავშირებს მას ქართველ პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებთან? - კვირის პალიტრა

ვინ არის და რა ვიცით რუს ოლიგარქ ევტუშენკოვზე და რა აკავშირებს მას ქართველ პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებთან?

საზოგადოების ყურადღება სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ახალმა აუდიოჩანაწერმა მიიპყრო, რომელშიც რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრება. სატელეფონო საუბრის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, ისინი თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ. ჩანაწერში ნახსენებია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელი, რომელზეც, სავარაუდოდ, ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ მის მიერ გამოგზავნილ წარმომადგენელს სწორედ ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა. აღნიშნულის საპასუხოდ, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს, რომ მის წარმომადგენელს თავად შეხვდეს. გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერში საუბარია ვინმე დავითზე. მედიის ცნობით, ერთ-ერთი ვერსიით, ის, სავარაუდოდ, დავით იაკობაშვილია, რომელიც საქართველოში რუსული ნაწარმის იმპორტითაა დაკავებული, ასევე, ევტუშენკოვის კომპანია "სისტემის" დირექტორთა საბჭო წევრი იყო.

მოგვიანებით ცნობილი ხდება, რომ კომპანია "სისტემის" დირექტორთა საბჭო ორმა წევრმა - დავით იაკობაშვილმა და ანა ბელოვამ დატოვა. რუსულ მედიასაშუალება TASS-სთან კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს მათი პირადი გადაწყვეტილებაა.

რუსული მედიის ნაწილი კი წერს, რომ აუდიოჩანაწერში ნახსენები დავითი კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებული დავით ხიდაშელია. აღსანიშნავია, რომ რუსეთში ყოფნისას, იგი კომპანია "სისტემის" ვიცე-პრეზიდენტი იყო.

ჩანაწერში ნახსენებია ალი უზდენოვიც, რომელიც რუსი ბიზნესმენი და ევტუშენკოვის კომპანიის ვიცე-პრეზიდენტია.

აღ­ნიშ­ნულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერს, პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე გამოეხმაურა:

"აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი არის სი­სუ­ლე­ლე. კაც­მა არ იცის, აუთენ­ტუ­რია თუ არ არის აუ­თენ­ტუ­რი. ამის გა­და­მოწ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჩვენ არა­ვი­თა­რი ფორ­მით არ გვაქვს. ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა, რა იყო წყა­რო, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვია, ვერ იქ­ნე­ბო­და ქარ­თუ­ლი მხა­რე. სა­ინ­ტე­რე­სოა, ხომ არ იყო წყა­რო "ტვ პირ­ვე­ლის­თვის“ რუ­სუ­ლი მხა­რე, რო­დე­საც ამ ჩა­ნა­წერს იღებ­და, თუ ეს ჩა­ნა­წე­რი არის ავ­თენ­ტუ­რი. ასეც და ისეც, საქ­მე ეხე­ბა ერთ-ერთ რუს ბიზ­ნეს­მენს, რო­მე­ლიც რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლია რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან. თუ ვინ­მე შეგ­ვიძ­ლია ჩვენ გა­ვიხ­სე­ნოთ რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი რუსი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი­დან ხა­დარ­კოვ­სკის შემ­დეგ, არის ეს კონ­კრე­ტუ­ლი რუსი ბიზ­ნეს­მე­ნი.

რო­დე­საც ასეთ დროს პი­რად სა­უ­ბარს, მათი მტკი­ცე­ბით, აქ­ვეყ­ნებს ტე­ლე­ვი­ზია, ეს მე­ტყვე­ლებს მათ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე და სტან­დარ­ტებ­ზე. ღი­მი­ლის მომ­გვრელ­თან ერ­თად,ეს არის ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნა და ახა­სი­ა­თებს იმ ტე­ლე­ვი­ზი­ებს, რომ­ლე­ბიც გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან ომის პარ­ტი­ას, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში კი რუსმა ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილთან მხოლოდ მეგობრობს:

"ბოლოს ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ დაბადების დღე მივულოცე. ჩანაწერი ბევრი გავრცელებულა, არ ვიცი, ბევრი ამ ჩანაწერებიდან "ფეიკია". ალი უზდენოვი იყო საქართველოში, პრემიერსაც შეხვდა, არ მახსოვს როდის, მგონი მარტში. მიზანი არ იყო პოლიტიკური, მგონი დასვენებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. სჯობს მას ჰკითხოთ, ნებისმიერ შემთხვევაში ეს იყო რიგითი ვიზიტი.

ბიძინა ივანიშვილთან საქმიანი არა, მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა მაქვს. საქმიანი ურთიერთობა არც არასოდეს მქონია, მაშინაც კი როცა ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ბიზნესი, არც კომუნიკაცია მქონია, ყოველთვის ვმეგობრობდით", - ამბობს "ფორმულასთან" რუსი ბიზნესმენი.

აღსანიშნავია, რომ ცნობილი რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, იმ ბიზნესმენთა სიაში მოხვდა, რომელთაც ევროკავშირმა სანქციები დაუწესა.

რუსი ბიზნესმენი 1948 წლის 25 სექტემბერს სმოლენსკის ოლქში დაიბადა. მომავალი ბიზნესმენის მამა ადგილობრივი რძის ქარხნის დირექტორი იყო, ამავე ქარხანაში მუშაობდა ბიზნესმენის დედაც.

სწავლობდა ქიმიურ-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, მოგვიანებით კი ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაასრულა.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად ის ქარხანაში ხელოსნად მუშაობდა, შემდეგ კი ამ ქარხნის დირექტორიც გახდა.

1993 წელს შექმნა საინვესტიციო კომპანია „სისტემა“. 2018 წლის მონაცემებით, ევტუშენკოვი ფირმის აქციების 61,7%-ის მფლობელი იყო. აღსანიშნავია, რომ ამ სააქციო კომპანიის შემადგენლობაშია რუსეთის ბაზარზე არსებული რამდენიმე უდიდესი კომპანია. „სისტემის“ მფლობელობაშია МТС-ის საკონტროლო პაკეტი, კლინიკების ქსელი „მედსი“, ასევე - უდიდესი ინტერნეტ-მაღაზია OZON-ის 33%, სავაჭრო ქსელი „Детский мир“, სასტუმროების ქსელი „კოსმოსი“. კომპანიის მფლობელობაში იყო ნავთობკომპანია „ბაშნეფტი“. კომპანიათა აქციებით ვაჭრობდნენ, როგორც მოსკოვის, ასევე - ლონდონის ბირჟაზე.

ევტუშენკოვი Forbes-ის მილიარდერთა სიაში 2003 წელს მოხვდა. იმ დროისთვის მისი ქონება 1,5 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 2008 წელს, ის 71-ე ადგილს 9,1 მილიარდი დოლარით იკავებდა.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ბიზნესმენის მეუღლე ნატალია ნიკოლაევა МТС ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრია. მას ორი შვილი ჰყავს, ტატიანა და ფელიქსი, რომლებიც ბიზნესში არიან ჩართულნი. ევტუშენკოვის ვაჟი სააქციო კომპანიაში მამის მოადგილე იყო.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც რუსი ბიზნესმენი დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების სანქციებში მოჰყვა, ცნობილი გახდა, რომ მან "სისტემის“ დირექტორთა საბჭო დატოვა:

„ვლადიმერ ევტუშენკოვმა კორპორაციის დირექტორთა საბჭო თავისი ნებით დატოვა“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, კომპანიის აქციების 10% მან შვილს, ფელიქსს გადასცა.

BBC-ის ცნობით, 2014 წელს რუს ბიზნესმენს ფულის გათეთრებაში სდებდნენ ბრალს. მას „ბაშნეფტის“ აქციათა საკონტროლო პაკეტის უკანონოდ მითვისებას ედავებოდნენ. გამოძიების ცნობით, „ბაშნეფტის“ აქციათა პაკეტი საინვესტიციო კომპანია „სისტემის“ საბაზრო ფასზე 500 მილიონი დოლარით დაბალ ფასად მიჰყიდეს. მილიარდერს მაშინ ბრალი წაუყენეს, ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. მოგვიანებით, აქციები სახელმწიფოს დაუბრუნდა, შემდეგ ის „როსნეფტმა“ შეიძინა. 2017 წლის დეკემბერში კომპანია „სისტემამ“, შეთანხმების თანახმად, „ბაშნეფტს“ 100 მილიარდი რუბლი გადაუხადა. ევტუშენკოვის წინააღმდეგ საქმეც შეწყდა.