"ბრაზილიის ტყეები რომ იწვოდა და ივანიშვილმა მილიონი გადარიცხა, უკრაინის ქალაქები რომ იწვის, რატომ არ გადარიცხა 1 დოლარი?" - კვირის პალიტრა

"ბრაზილიის ტყეები რომ იწვოდა და ივანიშვილმა მილიონი გადარიცხა, უკრაინის ქალაქები რომ იწვის, რატომ არ გადარიცხა 1 დოლარი?"

გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ძალიან საგანგაშო საუბარი. საიდუმლო არ არის და არც არავის უკვირს, რომ ივანიშვილი მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის ხელისუფლებასთან და მის საფინანსო წრეებთან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც თითქოს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი ოლიგარქი, Sistemas-ს დამფუძნებელი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ.

მისივე თქმით, ეს აუდიოჩანაწერი წინა შემთხვევებთან შედარებით განსხვავებული შინაარსისაა.

„არაერთი საუბარი მოგვისმენია მათ შორის რუსეთის ელჩთან, მაგრამ ეს ჩანაწერი არის აბსოლუტურად განსხვავებული შინაარსის. თქვენი პარტიის ლიდერმა განაცხადა, მერე რა ავთენტურიც რომ იყოს, რაღაც ბიზნესებზე საუბრობენო, ბიზნესებზე კი არ საუბრობენ, საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, საქართველოს არ აქვს კონსტიტუცია. კონსტიტუცია, სასამართლო, პროკურატურა, ეს პარლამენტი ემორჩილება ერთ ადამიანს და ასევე, არ წყვეტს პრემიერ-მინისტრის დამამცირებელ ეპითეტებს, მის მიერ დასმული ადამიანის მიმართ. ამბობს, „ის ახალგაზრდა კაცია“, როგორც მოსამართლესთან თქვა, რაც გინდა ის დაუძახეთ, გინდ მდივანი დაუძახეთ, გინდ თანაშემწე, რაც გინდა ის დაუძახეთ, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეშევრდომი და მე მას ვავალებდი რაღაც ტექნიკური საკითხების მოგვარებას, როგორიცაა აეროპორტში სტუმრების დახვედრა და რაღაც წერილების მიმოწერა. ამ ფორმის შინაარსია. რა ახალგაზრდა კაცია, ახლა ჩავიხედე ვიკიპედიაში და 40 წლის კაცია. ქართველი პოეტები მუდამ ახალგაზრდები რომ იყვნენ კომუნისტების დროს და 40 და 50 წლის პოეტს ახალგაზრდა პოეტებად მოიხსენიებდნენ, ეგ ამბავია. მაგრამ ახალგაზრდად როცა მოიხსენიებ, რაღაც შეღავათს უწესებ. თუ მაინცდამაინც კარგად ვერ დაწერა, ის ხომ პერსპექტიულია, ახალგაზრდაა და მერე გამოაჩენს თავს. ამ საუბარშიც ასე იყო, ახალგაზრდაა, როგორც მინდა ისე წამოვარტყამ თავში ხელს და მივიდეს ის ვიღაცაა, სანქცირებული ოლიგარქის მოადგილე და მერე ეს ფეხქვეშ გაეგება და მოგემსახურებათ როგორც გეკადრებათ. ეს გავიგეთ ჩვენ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, ჩანაწერში საუბარი იყო ასევე რაღაც სქემების აგებაზე.

„აქ საუბარი იყო რაღაც სქემების აგებაზე, ხორბალზე, ბევრს მიაჩნია, რომ ხორბალი სინონიმია ფულის, მაგრამ თუ მართლა ხორბალია, გაიხსენეთ ორი წლის წინ რა ჩაიდინეთ, 2019 -ში, რა მიტინგები და მანქანებით გამოსვლები იყო, როდესაც ავტომობილით ხორბლის შემოტანას უკრძალავდით საქართველოში და ბრძანება რომ გამოსცა პრემიერ-მინისტრმა, ხორბალი შეიძლება შემოტანილი იყოს მხოლოდ გემით და მატარებლითო. ანუ ვიღაცამ ხორბლის ბიზნესი „დააპრივატა“. ბოლოს იძულებული გახდით გაგეუქმებინათ ეს. იქნებ მართლაც ხორბალზე ჩალიჩობს ამ ომის დროს. უკრაინაში ხორბალს იპარავენ თურმე რუსები და ეს ფაქტები ახლაცაა მედიაში. რა ხორბალი, რის ხორბალი, ერთი სოლიდარობის სიტყვა არ უთქვამს. ბრაზილიის ტყეები რომ იწვოდა და მილიონი რომ გადარიცხა, უკრაინის ქალაქები რომ იწვის, რატომ არ გადარიცხა ერთი დოლარი? მისთვის ხომ არც მილიონია ბევრი და არც ერთი დოლარი, მაგრამ სოლიდარობის გამოხატვა არ უნდა. არ არის ბიძინა ივანიშვილი ფორმალურად ვალდებული პოლიტიკური განცხადება აკეთოს და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადოს, მაგრამ ფულით მაინც ხომ შეეძლო? არ აკეთებს. რატომ არ აკეთებს, ძალიან კარგად ვიცით“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში "კიბერ კმარას" მტკიცებით, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერი ვრცელდება. სატელეფონო საუბრის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, ისინი თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ. ჩანაწერში ნახსენებია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელი, რომელზეც სავარაუდოდ, ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ მის მიერ გამოგზავნილ წარმომადგენელს სწორედ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. აღნიშნულის საპასუხოდ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი, ივანიშვილს სთხოვს, რომ მის წარმომადგენელს თავად ის შეხვდეს.

IPN