"საქართველოს ხელისუფლება გასაკვირად ადეკვატურად იქცევა... სააკაშვილი თავად დააკავეს, სანქციებს მხარი არ დაუჭირეს" - რას წერს მარგარიტა სიმონიანი
ცნობილი რუსი ჟურნალისტი მარგარიტა სიმონიანი, რომელიც კრემლის პოლიტიკის ღია მხარდამჭერია, "ტელეგრამის" პირად გვერდზე წერს, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ადეკვატურად იქცევა:
"საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ამ სიტუაციაში გასაკვირად ადეკვატურად იქცევა.
სააკაშვილი, რომელიც ჩვენს მშვიდობისმყოფელებს ესვროდა, თავადვე დააკავეს, არც სანქციებს შეუერთდნენ, რიტორიკაც უფრო მშვიდი აქვთ, ვიდრე ზოგიერთ ჩვენს ОДКБ-ს წევრს.
ხომ არ გაგვეუქმებინა მათთან საჰაერო კავშირებზე აკრძალვა? ისინი ამას ძალიან ელიან", - წერს სოციალურ ქსელში სიმონიანი.
აღსანიშნავია, რომ ამ პოსტით სიმონიანი "სპუტნიკ საქართველოს" ცნობას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ "საქართველოს ხელისუფლება არ განიხილავს ოპოზიციის ინიციატივას ბუჩაში მოწყობილი პროვოკაციის გენოციდად აღიარების შესახებ". (წყარო)