"უკრაინის სამხედროები ვალდებულები არიან, მშვიდობიანი მოქალაქეები გამოუშვან...ისინი მოქმედებენ როგორც ტერორისტები, როგორც "ისლამური სახელმწიფო" - კვირის პალიტრა

"უკრაინის სამხედროები ვალდებულები არიან, მშვიდობიანი მოქალაქეები გამოუშვან...ისინი მოქმედებენ როგორც ტერორისტები, როგორც "ისლამური სახელმწიფო"

ვლადიმერ პუტინმა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიუ გუტერეშთან შეხვედრისას კიევის ქმედებები "ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებს შეადარა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

"უკრაინის ხელისუფლებისგან გვესმის, რომ იქ [მარიუპოლში] არიან სამოქალაქო პირები. ასეთ შემთხვევაში, უკრაინის შეიარაღებული არმიის სამხედრო მოსამსახურეები ვალდებულები არიან, ისინი გამოუშვან. თუ არა და ისინი მოქმედებენ როგორც ტერორისტები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, როგორც ისლამური სახელმწიფო სირიაში, რომელიც ეფარება სამოქალაქო მოსახლეობას. ყველაზე მარტივი, რაც უნდა გაკეთდეს - გამოუშვან ეს ადამიანები. რა არის ამაზე მარტივი“, - აცხადებს კრემლის ლიდერი.

მან მშვიდობიანი მოსახლეობის ცოცხალ ფარად გამოყენებას დანაშაული უწოდა.

პუტინმა დასძინა, რომ რუსეთის მხარე კონტაქტში იმყოფება მათთან, ვინც დარჩა “აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე. კომბინატი სრულად არის იზოლირებული და იქ საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი იძულებული იყო ეღიარებინა დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკები“, რათა შეეწყვიტა კიევის მიერ მოწყობილი გენოციდი. მისივე თქმით, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც კიევმა უარი განაცხადა მინსკის შეთანხმებები შეესრულებინა.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს იძულებითი ზომაა, რათა შეწყდეს ადამიანთა ტანჯვა, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. სამწუხაროდ, ჩვენი კოლეგებმა დასავლეთში ირჩიეს, ეს ყველაფერი არ შეემჩნიათ“ , - განაცხადა პუტინმა.

მანვე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ორივე „რესპუბლიკა“ - დონეცკი და ლუგანსკი გახდა დამოუკიდებელი საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების ანალოგიით კოსოვოსთან დაკავშირებით.

"პირადად წავიკითხე გაეროს საერთაშორისო სასამართლოს ყველა დოკუმენტი კოსოვოს სიტუაციასთან დაკავშირებით. ბრწყინვალედ მახსოვს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელშიც წერია, რომ უფლების რეალიზების შემთხვევაში, რომელიც უკავშირდება თვითგამორკვევას, ამა თუ იმ სახელმწიფოს ესა თუ ის ტერიტორია არ არის ვალდებული ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართოს თავისი სუვერენიტეტის ნებართვისთვის. ეს ითქვა კოსოვოსთან დაკავშირებით და ამაში მდგომარეობს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება და თქვენ მიერ იყო მხარდაჭერილი ეს გადაწყვეტილება“ - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით დონეცკისა და ლუგანსკის „რესპუბლიკებს“ ასევე ჰქონდათ უფლება, რადგან შესაბამისი პრეცენდენტი უკვე იყო შექმნილი.

"ინტერპრესნიუსი"