"აი, ამ მანკიერებას თუ მოვიშორებთ ქართველები, მერე დანარჩენ პრობლემებსაც გავუმკლავდებით" - კვირის პალიტრა

"აი, ამ მანკიერებას თუ მოვიშორებთ ქართველები, მერე დანარჩენ პრობლემებსაც გავუმკლავდებით"

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე­:

- სტუდენტებს პოლიტიკურ ფსიქოლოგიას ვუკითხავ და ვიცი მათი შეხედულებები, პოლიტიკისკენ გახედვაც არ სურთ. უდიდესი ძალისხმევის დახარჯვა მჭირდება იმისთვის, რომ დავანახო სინამდვილეში როგორი საინტერესოა პოლიტიკა. მსოფლიო მასშტაბით ცნობილი პოლიტოლოგი ზბიგნევ ბჟეზინსკი ამბობდა, პოლიტიკა საჭადრაკო დაფააო. მართლაც, პოლიტიკა მიმზიდველი სწორედ წინასწარ გათვლილი და ნაფიქრი ნაბიჯების შედეგად შეიძლება გახდეს. ჩერჩილის სიცოცხლეში ნამოქმედარი შედეგს მისი სიკვდილის შემდეგაც იძლეოდა. ასეთი საინტერესო და მომხიბლავია სინამდვილეში პოლიტიკა. ქართული პოლიტიკის დღის წესრიგი კი ოპონენტების გაშავებაა. გამარჯვებულია ის, ვინც უკეთ მოახდენს ოპონენტის დისკრედიტაციას. ისეთმა მნიშვნელოვანმა პრობლემამაც კი ვერ გვაიძულა სახელმწიფოებრივად აზროვნება, ეგოს დათრგუნვა, როგორიც რუსეთ-უკრაინის ომია.

ყველაფრის მიუხედავად, ვფიქრობ, ქართული პოლიტიკა ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ვითარდება. ისეთი დროც იყო, ქართველებს­ რუსეთის­ გუბერნიად ყოფნა ჩვეულებრივ ამბად რომ მიაჩნდათ. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ კომუნისტურმა პარტიამ რუსეთში არსებობა განაგრძო. დღემდე­ არსებობს ზიუგანოვის პარტია, საქართველოში კი გაქრა. საქართველომ ერთიანობა გამოიჩინა ქვეყნის ორიენტაციაში,­ ყველამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ დასავლეთისკენ უნდა აგვეღო კურსი. ის, რაც ახლა უკრაინელებში ძალიან მოგვწონს, თავგანწირული ბრძოლა, ჩვენთვისაც არ არის უცხო. ასეთი თავგანწირვით იბრძოდა საქართველო 90-იან წლებშიც, 2008 წელსაც. რუსეთთან ბრძოლაში უკან არასდ­როს დაგვიხევია. თუმცა ვნახეთ, რა მოხდა 90-იან წლებში. სოხუმის დაცემის გამო ქართველებს კოდორის ხეობაში ურთულესი გზის გავლამ მოუწიათ მხოლოდ იმიტომ, რომ სამეგრელოს მიმართულებით იოლად გასავლელ გზაზე სხვა პოლიტიკური ხედვის ქართველები ტყვიას ესროდნენ თანამემამულეებს. ასეთი იყო მაშინ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი. ახლა ერთმანეთს მაინც აღარ კლავენ პოლიტიკოსები, სხვადასხვა პოზიციის მქონე რიგითი ადამიანები. ქართველებმა ბევრი რამ ჩვენს თავში უნდა გავაცნობიეროთ, საკუთარი მანკიერება დავინახოთ. ძალიან ცუდია, როდესაც ქართველები ერთმანეთის დასაბეზღებლად მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქში დარბიან. ეს უცხოელებთან ძალიან ცუდად წარმოგვაჩენს. აი, ამ მანკიერებას თუ მოვიშორებთ, მერე დანარჩენ პრობლემებსაც გავუმკლავდებით. წაიკითხეთ სტატია სრულად