უკრაინის ცის დასაცავად ნატო ალიანსის წევრებში თვითმავალ საზენიტო დანადგარებს აგროვებს... - კვირის პალიტრა

უკრაინის ცის დასაცავად ნატო ალიანსის წევრებში თვითმავალ საზენიტო დანადგარებს აგროვებს...

რაც უფრო ხურდება რუსეთ-უკრაინის ომი, ის უფრო ფართომასშტაბიანი და ინტენსიური ხდება და მით უფრო მეტი შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის გამოყენებას მოითხოვს, რისთვისაც მებრძოლი მხარეები უკვე სამხედრო საწყობების მიყრუებულ კუთხეებში ათწლელებით მიწყობილი საბრძოლო ტექნიკიდან მტვრის სქელი ფენის ჩამოწმენდასა და ფრონტის ხაზზე გაგზავნასაც არ იზარებენ.

ასე დაიწყო რუსეთმა ყოფილი საბჭოთა სამხედრო საწყობებიდან ძველი ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა თუ „გრადების“ მოძიება, შესაბამისად, უკრაინის არმიასაც სჭირდება დიდი რაოდენობით დამატებითი საბრძოლო ტექნიკა, თუნდაც - მოძველებული ტიპის.

ამიტომაც ნატომ ალიანსის წევრი ქვეყნების საწყობებში იმ ტიპის საბრძოლო ტექნიკის მოძიება დაიწყო, რომელიც ცოტათი მაინც კიდევ გააძლირებდა უკრაინის საჰაერო თავდაცვას.

საერთოდ, რაც უფრო გადაჯერებულია საჰაერო თავდაცვის ძალები ფრონტის კონკრეტულ მონაკვეთზე საზენიტო საშუალებებით, მით უფრო იზრდება შეტევაზე გადმოსული მოწინააღმდეგის ავიაციის მოგერიების შანსი, გარდა ამისა, არსებობს წმინდა ფსიქოლოგიური მომენტიც - როდესაც მფრინავი ხედავს, რომ მისი თვითმფრინავისა თუ შვეულმფრენის მიმართულებით საზენიტო ქვემეხების ტრასირებადი ჭურვების წვიმა მოდის, ხოლო სტარტაღებული და საჰაერო სამიზნისკენ „დაგეშილი“ საზენიტო რაკეტები ცაში კარგად გამოკვეთილ თეთრ „კუდს“ ტოვებენ, ამ პილოტს ნაკლებად მოუნდება ბედის გამოცდა და მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის მოქმედების ზონაში შესვლამდე დაუმიზნებლად ჩამოჰყრის, მოიცილებს ბომბებს და უკან კუდამოძუებული „გაიქცევა“...

ასე რომ, საჰაერო თავდაცვის მოქმედების საბრძოლო ეფექტიანობა მარტო იმით კი არ განისაზღვრება, თუ მოწინააღმდეგის რამდენი თვითმფრინავი ან შვეულმფრენი ჩამოაგდეს, არამედ - მტრის ავიაციის რამდენი საჰაერო იერიში მოიგერიეს ისე, რომ მოწინააღმდეგემ ვერ შეძლო შენი სახმელეთო თუ საზღვაო ობიექტების განადგურება.

ამიტომაც უკრაინის საჰაერო თავდაცვის დანაყოფებისთვის ნატოს შეიარაღებიდან ამჟამად ამოღებული, მაგრამ ბრძოლისუნარიანი საზენიტო საშუალებების გადაცემა აბსოლუტურად გამართლებულია.

იტალიელებმა თავის საწყობებში მოიძიეს და ტექნიკური შემოწმების შემდეგ უკრაინის არმიისთვის საჩუქრად გააგზავნიან SIDAM 25 ტიპის თვითმავალ საზენიტო დანადგარებს.

SIDAM 25 ტიპის დანადგარები იტალიის არმიამ თავის შეირაღებაში 1985 წელს მიიღო და ის დანიშნულებითა და კონსტრუქციით ძალიან წააგავს საბჭოთა ЗСУ-23-4 "Шилка"-ს, რომელიც საბჭოთა არმიის შეიარაღებაში ჯერ კიდევ 1965 წლიდან გამოჩნდა.

იტალიურ „სიდამს“ საბჭოთა „შილკასავით“ საბორტე რადიოლოკატორი არ უყენია, თუმცა საჰაერო სამიზნეების აღმოსაჩენად იყენებს დღის მხედველობის ტელეკამერას და თბოვიზორს, ღამით მფრენი ობიექტების აღმოსაჩენად და მიზანში ამოსაღებად, ხოლო ლაზერული მანძილმზომი ციფრულ ბალისტიკურ გამომთვლელს საჰაერო სამიზნემდე ზუსტ მანძილს ავტომატურ რეჟიმში აწვდის.

ის, რომ იტალიურ „სიდამს“ არ უყენია საბორტე რადიოლოკატორი, შეიძლება უკეთესიცაა, რადგან ის პასიურ რეჟიმში მუშაობს, რადიოტალღებს არ გამოასხივებს და, შესაბამისად, მისი დაზიანება „ჰაერი-რადიოლოკატორის“ ტიპის მართვადი რაკეტით შეუძლებელია. ამასთან, მას შეუძლია საბატარეო რადიოლოკატორიდან მიღებული მონაცემებიც გამოიყენოს.

3-1651039460.jpg
იტალიური SIDAM 25

რაც მთავარია, იტალიურ „სიდამზე“ ოთხი 25 მმ კალიბრის სწრაფმსროლელი „ერლიკონიის“ ქვემეხი აყენია, მაშინ, როდესაც საბჭოთა „შილკას“, ასევე, ოთხი ქვემეხი მხოლოდ 23 მმ კალიბრისაა - 2 მმ-იან განსხვავებას კი საზენტო არტილერიაში არცთუ მცირე მნიშვნელობა ენიჭება...

ეს თვითმავალი საზენიტო დანადგარი გათვლილია 2,5 კმ სიმაღლემდე მფრენი საჰაერო ობიექტების დასაზიანებლად, თუმცა თუკი ზებგერით თვითმფრინავის ჩამოგდება გაუჭირდება, ის დიდ პრობლემას გაუჩენს დაბალ სიმაღლეზე მფრენ რუსულ შვეულმფრენებს, მათ შორის - ნაწილობრივ შეჯავშნულ „ალიგატორებსაც“, რომლებიც უკრაინელებს დღეისთვის 12-ზე მეტი აქვთ ჩამოგდებული, რაც შესაბამისი ვიდეოფოტო მასალითაა დამტკიცებული.

უკრაინელებისთვის განკუთვნილი მეორე საჩუქარი უფრო სოლიდურია და, თანაც, მის გადაცემას ის გერმანია აპირებს, რომელიც დღემდე ფეხს ითრევდა და ითრევს უკრაინის არმიისთვის მძიმე საბრძოლო ტექნიკის მიცემაზე.

ეს არის თვითმავალი საზენიტო დანადგარი Gepard-ი, რომელიც ბუნდესვერმა შეიარაღებაში ჯერ კიდევ 1976 წელს მიიღო.

ის გერმანული ძირითადი საბრძოლო ტანკის Leopard 1-ის ბაზაზეა შექმნილი (სხვათა შორის, უკრაინამ შეიძლება ეს მოძველებული ტანკებიც შეისყიდოს უშუალოდ მწარმოებელი ფირმისგან) და ბევრად უფრო ძლიერი, ორი 35 მმ კალიბრიანი „ერლიკონის“ სწრაფმსროლელი ქვემეხითაა აღჭურვილი, რომლებიდანაც გაშვებული ჭურვები უკვე 4 კმ-ზე სწვდებიან მოწინააღმდეგის საფრენ აპარატებს.

ამასთან, საზენიტო „გეპარდი“ აღჭურვილია მიზნის აღმომჩენი და ქვემეხების დასამიზნებელი ორი საბორტე რადიოლოკატორით. მათგან პირველს საჰაერო სამიზნის ადრეული რადიოლოკაციური დაფიქსირება 18 კმ-ის სიშორეზე შეუძლია.

2-1651039431.jpg
ბრიტანული Stormer HVM

თუკი იტალიელები და გერმანელები საკმაოდ „ხანდაზმულ“ საზენიტოებს იმეტებენ უკრაინელებისთვის, დიდი ბრიტანეთი შედარებით „ახალგაზრდა“ Stormer HVM-ებს უმზადებს საჩუქრად უკრაინას.

მეოცე საუკუნის ბოლოს დიდი ბრიტანეთის საარმიო საჰაერო თავდაცვის შეიარაღებაში მიღებული თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, ფაქტობრივად, მუხლუხებიან ჯავშანტრანსპორტიორზე დამონტაჟებულ საზენიტო Starstreak-ების გასაშვებ მობილურ პლატფორმას წარმოადგენენ.

იმ Starstreak-ების, რომელთა შესახებ ჩემს ბლოგში უკვე ვწერდი და ისინი „ერთში სამი“ სახელით მოვნათლე, რადგან ლაზერის სხივით დამიზნებადი სტარტაღებული ერთი საზენიტო რაკეტა სამი ინდივიდუალური ვოლფრამის ისრით ხვდება საჰაერო მიზანს, თუმცა სახმელეთო სამიზნის - ჯავშანტრასპორტიორის ჯავშნის გატანაც კი შეუძლია.

ასეთი საზენტო რაკეტების გასაშვები გადასატანი დანადგარები ბრიტანელებმა უკრაინელ მეზენიტეებს ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მიაწოდეს და ამ უკანასკნელებმაც თავი არ შეირცხვინეს - გავრცელებულ ვიდოკადრებში ჩანს, რომ სწორედ ვოლფრამის ამ ისრების მოხვედრის შემდეგ, როგორ ტყდება კუდი და მიწას ენარცხება რუსული დამრტყმელი შვეულმფრენი „მი-28“ „ღამის მონადირე“...

აღსანიშნავია, რომ თვითმავალ Stormer HVM -ზე დამონტაჟებულია Starstreak-ის ტიპის საზენიტო რაკეტის რვა გასაშვები, რაც მას სერიოზულ ძალად აქცევს ჯგუფური საჰაერო სამიზნეების დასაზიანებლად, მით უმეტეს, რომ ეს საზენიტო დანადგარი აღჭურვილია სითბოვიზური პასიური სისტემით, რომელსაც შვეულმფრენის დაფიქსირება 8 კმ-ზე, ხოლო თვითმფრინავის - 18 კმ-ზე შეუძლია. ლაზერული დამიზნების საზენიტო რაკეტა 5 კმ სიმაღლემდე „მუშაობს“.

4-1651039488.jpg
ნორვეგიელების „მისტრალები“

და ბოლოს, ნატოელ პარტნიორებს არც ნორვეგიელები ჩამორჩნენ და უკრაინელ მეზენიტეებს უკვე გაუგზავნეს ფრანგული წარმოების, „მისტრალის“ ტიპის ასი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, სწორედ ისეთები, როგორებიც რამდენიმე წლის წინ იმავე საფრანგეთიდან საქართველოს თავდაცვის ძალებმა შეიძინეს.