"თუ ეს საერთაშორისო ოპერაციაა, მაშინ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის მცდელობა დაიწყოს" - კვირის პალიტრა

"თუ ეს საერთაშორისო ოპერაციაა, მაშინ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის მცდელობა დაიწყოს"

"ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბრის აუდიოჩანაწერს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მართალია, ჯერჯერობით ამ ჩანაწერის ავთენტურობა გარკვეული არ არის, მაგრამ შეფასებები უკვე ისმის.

ამ საკითხს უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამიაც გამოეხმაურა. მან „ტელეგრამის“ გვერდზე განცხადებაც გაავრცელა და ევროკავშირისა და აშშ-ის ხელმძღვანელობას მიმართა, რომ განიხილონ ივანიშვილის აქტივებზე დასავლეთში პერსონალური სანქციების დაწესების საკითხი.

"უკრაინელები და ქართველები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან მოძმე ერები. საქართველოს გამოჩენილმა მოღვაწეებმა ჩვენი მხარდაჭერის ვიდეომიმართვა 24 თებერვლამდეც კი ჩაწერეს, მაშინ, როცა ბევრი ქართველი უკრაინისთვის ფრონტის ხაზზე იბრძოდა. ისინი მხარს უჭერენ უკრაინას და ჩვენს გამარჯვებას ომში. მაგრამ, სამწუხაროდ, ამას საქართველოს ხელისუფლებაზე ვერ ვიტყვით. მიზეზი კი მარტივია - ქვეყნის მთავარ ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს მჭიდრო კავშირები აქვს რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ახლახან გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერებით. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის არსი, უბრალოდ, კრემლის მითითებების შესრულებაა. ეს არის მათი რიტორიკის მიზეზი, რომ არ აღიარონ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები და დაეხმარონ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში. დღეს ივანიშვილი საქართველოს იანუკოვიჩი გახდა. ის და მისი მეგობრები ატარებენ პოლიტიკას უკრაინის მიმართ, რომელსაც ქართველი ხალხი მხარს არ უჭერს. მათ სურთ, ქართველებსა და უკრაინელებს შორის განხეთქილება ჩამოაგდონ. ამის თავიდან ასაცილებლად მივმართავ ევროკავშირისა და აშშ-ის ხელმძღვანელობას, განიხილონ ივანიშვილზე და მის აქტივებზე დასავლეთში პერსონალური სანქციების დაწესება. პასუხისმგებლობას არავინ უნდა გაექცეს - არც ოკუპანტი და არც ის, ვინც მას ეხმარება", - წერს არახამია.

ამ განცხადებას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ქართველი საზოგადოება კიდევ უფრო მეტს გაიგებს არახამიაზე ომის დასრულების შემდეგ.

„მე მახსოვს 6 მარტი, როცა გავრცელდა „ფეიკი“ რძის პროდუქტებთან დაკავშირებით. მაშინაც დავით არახამია გამოეხმაურა ამ „ფეიკს“. ახლაც გავრცელდა კიდევ ერთი გაუგებარი ჩანაწერი, ავთენტურია თუ არა ავთენტური, არ ვიცით, ამასაც არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ იმავე დღეს, რამდენიმე საათში გამოეხმაურა დავით არახამია. ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი - დავით არახამია საქართველოში არის რადიკალურ ოპოზიციაში, უკრაინაში არის ხელისუფლებაში, თან - საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე. ასეთ დროს, ბუნებრივია, არის სრული კოორდინაცია კიევს - ამ შემთხვევაში არახამიას და თბილისს - ამ შემთხვევაშიც არახამიას შორის.

შესაბამისად, საზოგადოებამ ყველაფერი იცის მის შესახებ, თუმცა, ყველაფერი არა, მე მგონია, ომი რომ დასრულდება, კიდევ უფრო მეტს გაიგებს, ცუდ რაღაცებს. დღეს ამის დრო არ არის, რომ ამ საკითხს ღრმად შევყვეთ. არახამიას პირით გააჟღერეს და ტერმინი გამოიყენა - „ქართველი იანუკოვიჩი“. მე მინდა მას ვუთხრა, ქართველი იანუკოვიჩი უნდა მოიკითხოს საკუთარ ხელისუფლებაში, რომელიც არის დღემდე ოფიციალური რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოდან კრიმინალისთვის გაგდებული, ციხეში ჩასმული კრიმინალი სააკაშვილი არის მათი რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი. შესაბამისად, „ქართველი იანუკოვიჩი“ მოიკითხონ თავისთან, უკრაინის ხელისუფლებაში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, აუდიოჩანაწერიც და არახამიას განცხადებაც ბაკურიანის შეხვედრის ლოგიკური გაგრძელებაა. კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ეს აუდიოჩანაწერი „არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის“ დამფუძნებლის, პიტერ აკერმანის ჩამოტანილი იყოს.

„მგონია, რომ ეს ყველაფერი, ე.წ. ჩანაწერი, მერე - არახამიას განცხადება, ლოგიკური გაგრძელებაა იმ შეხვედრისა, რაც ბაკურიანში შედგა. იქ შედგა რევოლუციური შეკრება, „შულავერის კომიტეტის“ მოღალატეობრივი შეკრება, სადაც მათივე აღიარებით განხილულ იქნა ხელისუფლების გადატრიალების გეგმები. მათ იციან, რომ არავითარი ემოციური ფონის შეცვლის რესურსი არ აქვთ და ეჭიდებიან ხავსს, ეს ჩანაწერი იყო მათთვის ერთგვარი ხავსი. იმასაც არ გამოვრიცხავდი, ეს ფარული ჩანაწერები აკერმანის ჩამოტანილი იყოს და ამ შეკრებას პირდაპირ უკავშირდებოდეს. ეს არის ჩემი პოლიტიკური ვარაუდი - ეს ჩანაწერი ლოგიკურად ებმის ბაკურიანის მოღალატეობრივ შეკრებას და შემდეგ იყო არახამიას განცხადება.

არახამია არის „ნაცმოძრაობის“ გარესპიკერი კიევიდან, რომელიც რამდენიმე საათის ინტერვალით აკეთებს ხოლმე განცხადებებს, თანაც, ერთხელ რომ გააკეთებ ასეთ "ფეიკზე" განცხადებას და ფეხი რომ წაგიცდება, მეორე ჯერზე, ბუნებრივია, უფრო ფრთხილად ხარ, ნული სიფრთხილე იყო მისი მხრიდან და ამას აქვს მარტივი მიზეზი - ამ ჩანაწერების შემქმნელიც და შემდეგ - გამავრცელებელიც არის ერთი და იგივე ძალა - „ნაცმოძრაობა“, რომელსაც წარმოადგენს არახამია,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო დროს, უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების შეფასება ექსპერტ მამუკა არეშიძეს ვთხოვეთ.

- ბატონო მამუკა, დავით არახამია ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს, რა შეფასებებს მისცემთ ამას?

- უსიამოვნოა ამის შეფასება, იმიტომ, რომ ჩვენ, საზოგადოება, სულ ვცდილობთ, უკრაინელების გვერდით ვიყოთ, მათ დავეხმაროთ, ეს იქნება ჰუმანიტარული თუ მორალური თვალსაზრისით, და ამ ფონზე ძალიან უსიამოვნო განცხადებები ისმის იქიდან. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, გარკვეული სცენარის ნაწილია, რომელიც დაიწყო მარტის პირველი რიცხვებიდან და დღემდე გრძელდება. ივანიშვილს სანქციაც რომ დაუწესდეს, რა შეიცვლება ამით?

- შესაძლებელია, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქცია დაუწესდეს?

- ამ ადამიანს არაფერი უთქვამს ავთენტურობაზე და პირდაპირ ჩანაწერზე ისაუბრა. ასეთი ტიპის ჩანაწერი უამრავია "იუთუბის" სივრცეში, როგორც ერთი მხრის, ისე - მეორე მხრის დისკრედიტაციისთვის. ჩვენ გაუთავებლად ამ პოლიტიკური ძალების ომს ვუყურებთ. თუ არ დამტკიცდა ავთენტურობა, ლაპარაკი იმაზე, რომ ეს რეალურია, არ შეიძლება. მაგრამ მეორე მხრივ, ისეთი მდგომარეობაა შექმნილი, უკვე აღარავის აინტერესებს ავთენტურობის გარკვევა. ამით განწყობები იქმნება. ყველაზე მძიმეა, რომ საზოგადოების გახლეჩის პროცესი ძალიან ღრმად არის წასული. თუ, ვთქვათ, მართლა შედგა ასეთი საუბარი, საუბრის შინაარსია მთავარი, მიუხედავად იმისა, რომ პირადი კონტაქტები შეიძლება ჰქონდეთ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, ეს სანქცირებულია თუ არ არის სანქცირებული, აქ ლაპარაკია, რამდენადაც მივხვდი, მარცვლეულის მოწოდების საკითხში ჩართულობაზე. მნიშვნელოვანია, ჩაერთნენ თუ არ ჩაერთნენ ამაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, თუ რა მოხდა, ეს არავის აინტერესებს, მთავარია, უარყოფითი განწყობა შეიქმნას, მთავარია, დისკრედიტაცია მოხდეს.

- ირაკლი კობახიძემ ისიც თქვა, ავთენტურიც რომ იყოს, აქ არაფერზე არ არის საუბარიო. შინაარსზე თქვენ რას იტყვით?

- უსიამოვნოა თავისთავად, რომ ასეთი ფორმა მიეცა ამას, თორემ ძალიან კარგად ვიცი, რომ საუბრები მოსკოვთანაც, კონკრეტულ პირებთანაც სულ არის სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან - ვთქვათ, პოლიტიკური ძალების. კობა ნაყოფია, რა, არ ელაპარაკება თავის პარტნიორებს? თავის ბიზნესწილებს არ იცავს რუსეთში? ერთ-ერთი ფანჩატურის მონაწილე, ფანჩატურიდან პირდაპირ მოსკოვში წავიდა მაშინ, იმიტომ, რომ იქ ბიზნესი ჰქონდა. არ მინდა, მისი სახელი და გვარი დავასახელო. ასეთი რამეები ხდება, უბრალოდ, ამ ყველაფერს მეტოქეების დისკრედიტაციისთვის იყენებენ, უსიამოვნოა, მაგრამ გადამწყვეტი არ არის. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეს კაცი რეპრესირებული იყო. მართლაც იყო რეპრესირებული, შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი ევტუშენკოვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის რეჟიმის წინააღმდეგია და რუსს მხარს არ უჭერს. მაგრამ თუ ფაქტებზე ვსაუბრობთ, ასეთი ფაქტიც იყო. გარდა ამისა, მას საქართველოში თავის დროზე ბიზნესიც ჰქონდა და - თავისი ინტერესებიც. მოიძიეთ კარგად, ამ ბიზნესის ნაწილი ვის ეკუთვნის ოპოზიციაში. მოკლედ, ყველას ბიოგრაფიაში შეიძლება მოვიძიოთ ისეთი რამ, ომამდე თუ ომის შემდგომ, მე ვგულისხმობ 2008 წლის აგვისტოს ომს, რომელიც საკმაოდ უსიამოვნო მოსასმენი იქნება. მთავარია ითქვას რამე დისკრედიტაციისთვის, ეს მეთოდია, მერე იმის გარკვევა და ძიება, სიმართლეა თუ ტყუილია ეს, როგორც წესი, არ ხდება და არც არავის აინტერესებს. ადამიანები, საზოგადოება მიეჩვია ტყუილს, ნიჰილიზმს, სიტუაციის სათავისოდ მორგებას. პრაქტიკულად, პირველად ინფორმაციას იღებენ და მერე უკვე აღარ აინტერესებთ ამის იქით რა ხდება.

- დავით არახამიას განცხადება უპასუხოდ არ დაუტოვებია ჩვენს ხელისუფლებას, კობახიძემ ისიც კი თქვა, მასზე უფრო მეტ ცუდ რაღაცებს გაიგებთო. როგორ ფიქრობთ, უფრო რთულ ფაზაში ხომ არ გადადის ეს დაპირისპირება?

- როგორც ჩანს, მტერს ვახარებთ და ეს დაპირისპირება მართლაც სხვა ფაზაში გადავა. მე არ ვიცი, რას გულისხმობდა ირაკლი კობახიძე არახამიასთან დაკავშირებით. არახამიას რომ ბნელი ლაქები აქვს ბიოგრაფიაში, მეც ვიცი, მაგრამ ამ თემაზე კონკრეტულად არ მინდა ლაპარაკი. საქმე ის არის, რომ ვიღაცას ძალიან აწყობს, დაძაბულობის ხარისხი იზრდებოდეს ჩვენს ხელისუფლებასა და უკრაინის ხელისუფლებას შორის და ვიღაც ამას წარმატებით ახორციელებს.

- რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტის - ზელენსკის განცხადებაც მოვისმინეთ. მანაც ქართველი ხალხი გამიჯნა ხელისუფლებისგან.

- ესეც პიარმეთოდია, ყველა განცხადებაში, რომელიც უკრაინის ხელისუფლებისგან ისმის, მუდმივად არის მცდელობა და დისტანცირება ქართველი ხალხის - საქართველოს ხელისუფლებისგან. იმას არავინ დაგიდევს, რომ ამ ხელისუფლებას თავისი ამომრჩეველი ჰყავს, რომელიც თავის პოზიციას ყოველთვის არჩევნებზე აფიქსირებს. მთავარია, დისტანცირება მოხდეს და საზოგადოების ცნობიერებაში ილექებოდეს, რომ ხელისუფლება ერთია, მაგრამ ქართველი ხალხი - სულ სხვა. კულუარულად კი ლაპარაკობენ ამ თემაზე. სოციალურ ქსელში ჩანს, ხალხს, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს რა სიტყვებით მოიხსენიებენ, ეს თქვენთვის ცნობილია. დაახლოებით, იგივე სიტყვებით მოიხსენიებენ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებსაც და მოკლედ, გაუთავებელი სიბინძურე და ჭუჭყია სოციალურ სივრცესა თუ მედიაში.

- რა უნდა გააკეთოს ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ მეტად არ გაფუჭდეს?

- გარკვეული შეცდომები საქართველოს ხელისუფლებამ უკვე დაუშვა და ამაზე არა ერთხელ მითქვამს. მე განსაკუთრებით ფორმისა და შინაარსის ერთმანეთისგან დისტანცირებაზე ვსაუბრობ. შინაარსი მე მივიღე და პირადად ჩავთვალე, რომ სწორად იქცეოდა საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ ფორმასთან დაკავშირებით დავუწუნე მიდგომები და ამის თაობაზეც იყო საუბარი. თავიდან ჩვენმა ხელისუფლებამ ეს შეცდომა დაუშვა, მაგრამ შემდეგ ფორმაც, მიდგომებიც შეცვალა და გვახსოვს დაგვიანებული, მაგრამ მაინც საჭირო ვიზიტი უკრაინაში. ვიღაცას ეს ვიზიტიც არ მოეწონა და ამის გამო, კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა დისკრედიტაციის ფორმატი. ეს მიმართულია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ რეალურად, ეს არის დისკრედიტაცია საქართველოს წინააღმდეგ. რაც უნდა იძახო, ხალხი სხვაა და ხელისუფლება სხვა, ეს ასე არ გამოდის. ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ არ ვაძლევ ჩემს თავს ამის უფლებას, რადგან ეს გამოიწვევს მეტ უსიამოვნებას საზოგადოებაში.

- როგორ ფიქრობთ, ამ ჩანაწერის ავთენტურობის საკითხი გაირკვევა?

- ეცდება ვინმე გაარკვიოს? ეჭვი მეპარება, რომ ვინმე ამას გაარკვევს. მთავარი ამოცანა ავთენტურობის საკითხი ხომ არ არის, მთავარი ამოცანა დისკრედიტაციაა, პირველი ნათქვამის ეფექტია.

- მოსალოდნელია მსგავსი შინაარსის ჩანაწერები ისევ გამოჩნდეს?

- ყოველთვის არის ამის ალბათობა. პოლიტიკა დღეს ფარული ჩანაწერებით კეთდება და - არა მარტო საქართველოში ხდება ეს, მსოფლიოში მიღებული ფორმაა, სამწუხაროდ, პოლიტიკური ტრენდია. თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ განსაკუთრებულ ქვეყანას, რომელიც დემოკრატიულობაზე დებს თავს. სხვაგან არსად ხდება გარკვევა იმისა, ეს არის თუ არა ავთენტური, რეალურად ასე იყო თუ არა.

- დავით არახამიას მხრიდან გაკეთებული ასეთი განცხადებები და მწვავე კრიტიკა იმითაც ხომ არ არის გამოწვეული, რომ ის ქართველია. ასე ძალიან ამიტომ ხომ არ განიცდის ამ ურთიერთობებს, რადგან დღეს უკრაინის ხელისუფლებაშია?

- არა, არახამია არის სახელით და გვარით ქართველი, თორემ ვიცით, როგორი ტიპის ქართველია და არც მალავს ამას, თუმცა ახლა უცებ მოინდომა ქართველობა და განაცხადა რამდენჯერმე, რომ ის უხერხულ მდგომარეობაში ვარდება თავისი ქართველობის გამო, საქართველოს ხელისუფლების საქციელიდან გამომდინარე. ეს ფსევდონათქვამია. მე არ ვიცი, რა შეფასება მივცე ამას. არახამია ამ პარტიაში, სადაც ახლაა, მოგვიანებით მოხვდა, თორემ მანამდე მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის ერთ-ერთი წევრი იყო და ძალიან ახლოს არის მათთან, ვინც ახლა უკრაინაშია. რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მხოლოდ "ნაცმოძრაობის" წევრები, რომლებიც არიან უკრაინის ხელისუფლებაში, ქმნიან ამინდს, საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო ნარატივს, რასაკვირველია, ამაზე სხვებიც მუშაობენ, თუნდაც ისინი, ვისაც ხელს აძლევს ასეთი ტიპის ჩანაწერები, თუ ეს რეალურია, ან შექმნილ ჩანაწერს უდებენ. ზოგიერთი მათგანი ისეთ მაღალ თანამდებობაზეა უკრაინის სპეცსამსახურებში, ამის გაკეთების საშუალებაც აქვთ. არახამიას მხრიდან ამის გახმოვანება არ გამკვირვებია. გარდა იმისა, რომ ვითომ ქართველობაზე დებს თავს და საქართველოს ბედი აწუხებს, ის სააკაშვილის გარემოცვის გუნდის წევრი იყო და კავშირები ისევ აქვს.

- გაქვთ იმის მოლოდინი, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურება ამ ჩანაწერების ამბავს?

- არ მგონია, ივანიშვილი ამას გამოეხმაუროს. არც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მოიკლავენ თავს ამ თვალსაზრისით. კობახიძის განცხადება მოვისმინეთ და შეიძლება კიდევ ვინმემ ასეთი შინაარსის განცხადებები გააკეთოს, მაგრამ ჩვენ ხომ მთავარი გვაინტერესებს - რეალურად რა მოხდა. ესეც გვაინტერესებს დღეს და ხვალ ახალი საინფორმაციო მიზეზი გამოჩნდება და ყველა იმაზე გადავერთვებით. ასეთი ამბები არ ირკვევა. მართლა ელაპარაკა თუ არა, ის კი არ მაინტერესებს, მაინტერესებს, რა ილაპარაკეს რეალურად. ჩვენ მოგვისმენია ასეთი ბევრი ჩანაწერი. რაც ალასანიამ ილაპარაკა ქართველ ხალხზე, არა აუდიოჩანაწერში, არამედ - ვიდეოჩანაწერში, იმასაც კი არ მოჰყოლია შესწავლა, იმაზეც კითხულობდნენ, ავთენტურია თუ არაო და მერე არავის დაუწყია ამის შესწავლა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს ეფექტისთვის ხდება და ამას პირველი ნათქვამის ეფექტი ჰქვია.

- თქვენ გაქვთ ურთიერთობები უკრაინელებთან, მათი განწყობა როგორია, პირად საუბრებში რას ამბობენ?

- მათი განწყობა ძალიან ცუდია. პრაქტიკულად, მოხდა ის, რაც ამ ჯგუფს უნდოდა, რომ მომხდარიყო. არახამია იქნება, თუ სხვა ვინმე, უნდოდათ შეექმნათ უარყოფითი დამოკიდებულება საზოგადოებისა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ჯერჯერობით საქართველოს მიმართ არა, დისტანცირება მოხდა. ითვლება, რომ ვინც იბრძვის უკრაინაში, ყველა მიხეილ სააკაშვილის მომხრეა, ქართველი ხალხი დგას მათ უკან და საქართველოს ხელისუფლებას უზურპირებული აქვს ხელისუფლება, ასე ფიქრობენ. უკრაინაში რამდენიმე ბლოგერს და ჟურნალისტს სხვანაირი მიდგომა აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით და მათ უხდებათ ამ თემაზე ბრძოლების გადატანა, რომ ეს განწყობები შეიცვალოს. მათ შორის, ერთი ქართული წარმოშობისაა, გვარად - ჩილაჩავა. რაც შეეხება საქართველოში ჩამოსულ დევნილებს, მათაც შევხვდი, ვისაუბრეთ და ბევრი რამ მათთვისაც მოულოდნელი იყო. მიხვდნენ, არ ყოფილა საქმე ისე, როგორც იქ იგებდნენ. იქ ასეთი განწყობაა, ქართველი ხალხი არის ჩვენი ძმა და გადასარევია. მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი კარგია, გადასარევია და პრორუსულმა მთავრობამ უზურპირება მოახდინა ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით და დაიღუპა საქართველო. ვინც მეტ-ნაკლებად ჩახედულია, მათ უფრო მეტი იციან, ვინც სოციალურად გაჭირვებულია, უბედურ დღეშია, იმან არც იცის, რა ხდება რეალურად და იცის ის, რომ ქართველი ხალხი ეხმარება და საქართველოს ხელისუფლება არა. იმდენად ცუდი სურათია, რომ ეს ყველაფერი, საბოლოოდ, ყველაფერი ქართულის წინააღმდეგ მოქმედებს.

- ეს ხომ არ დააზარალებს ჩვენს ქვეყანას?

- თუ ეს საერთაშორისო ოპერაციაა, მაშინ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ აქ ხელისუფლების შეცვლის მცდელობა დაიწყოს. ეს იგრძნობა ზოგიერთი იქაური და რუსეთიდან გაქცეული ექსპერტების შეფასებაშიც. ერთმა ცნობილმა ექსპერტმა ისიც თქვა, ორ-სამ კვირაში დამთავრდება ყველაფერი, როგორც უკრაინაში, ასევე - საქართველოში და მოლდოვაშიო. საქართველოში შეიცვლება ხელისუფლებაო, მოკლედ თქვა, მოლდოვა გადარჩება, უკრაინა გაიმარჯვებს და საქართველოში ხელისუფლება შეიცვლებაო. ამას ამბობს ერთ-ერთ ცნობილი რუსი ექსპერტი, რომელიც პუტინის ხელისუფლებისგან გაქცეულია და ამერიკაშია.

(სპეციალურად საიტისთვის)