უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის სამ რეგიონში აფეთქებების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება - კვირის პალიტრა

უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის სამ რეგიონში აფეთქებების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება

უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის სამ რეგიონში დღეს დილით აფეთქებების ხმა ისმოდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, აფეთქებას ხანძარი მოჰყვა ბელგოროდის ოლქის სოფელ სტარაია ნელიდოვკაში, უკრაინის საზღვრის ჩრდილოეთით დაახლოებით 10 მილის დაშორებით მდებარე საბრძოლო მასალის საცავში. ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა ან დაღუპულა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ისმოდა კურსკის ოლქშიც. გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის ცნობით, აფეთქებებთან დაკავშირებული დეტალები ზუსტდება, თუმცა არავინ დაშავებულა ან გარდაცვლილა. მისი თქმით, აფეთქებებამდე ორი დღის ადრე ოლქის სოფელ ბოროვსკოიეში რუსმა სამხედროებმა ორი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ქალაქ ვორონეჟის შილოვოს რაიონში მცხოვრებმა მოსახლეობამ დღეს, ადგილობრივი დილის 4:40 საათზე ორი ძლიერი აფეთქების ხმა გაიგო.

„შემთხვევის ადგილზე სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჯგუფები იმყოფებიან. ელოდებიან საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელსაც“, - განაცხადა რაიონის სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა რუსულ მედიასთან საუბარში.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საზღვრისპირა ტერიტორიებზე მდებარე საწვავის საცავებსა და სამხედრო ობიექტებზე თავდასხმაში უკრაინული მხარე არაერთხელ დაადანაშაულა. უკრაინის სამთავრობო უწყებების განცხადებით, ბრალდებების მიზანი „ანტიუკრაინული განწყობის გაღვივებაა.“

IPN