"გულს გწყვეტთ, მაგრამ ყველამ პატივი ეცით ჩემს გადაწყვეტილებას, მე უნდა წავიდე..." - სურამში გაუჩინარებული 20 წლის ბიჭი ბათუმში იპოვეს - კვირის პალიტრა

"გულს გწყვეტთ, მაგრამ ყველამ პატივი ეცით ჩემს გადაწყვეტილებას, მე უნდა წავიდე..." - სურამში გაუჩინარებული 20 წლის ბიჭი ბათუმში იპოვეს

სურამში ორი დღეა, 20 წლის გიორგი კობალაძეს ეძებენ. ბიჭის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მან სოციალურ ქსელში რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თვითმკვლელობაზე საუბრობს და თავისი ცხოვრების დეტალებს ჰყვება.

„ყველას მოგესალმებით, ჩემს ნათესავებს, ჩემს ახლობლებს, ჩემს საყვარელ ადამიანებს, თუ ამ ვიდეოს ნახულობთ, ე.ი. მე აღარ ვარ, გარდაცვლილი ვარ. ალბათ ყველა იტყვის, ეცოცხლა ცოტა ხანს და ეს რატომ გადაწყვიტაო, მაგრამ ჩემი სისულელეებით ცხოვრება გავიფუჭე. განა ვინმეს ვალი მაქვს და ვინმე მოსაკლავად დამდევს, არა, მაგრამ მე უეჭველი ვიცი, გადაცდომა გავაკეთე. ვერ მოვიქეცი ისე ადამიანურად, როგორც მე შემეფერებოდა. აზარტული თამაში დავიწყე, ათასი ფული დავხარჯე. წინა ხელფასის ნახევარი ჩემებს მივეცი, ნახევრით ვითამაშე, წავაგე და გადასახადები ვერ გადავიხადე. რაც ჩემი სისულელეებით მქონდა ბანკში ვალი, ვერ გადავიხადე. ვიცი, ამ გადაცდომებით გავლოთდები, აღარავის შევუყვარდები, ნერვიულობას გადავყვები, ამიტომ მირჩევნია, დაგემშვიდობოთ. გული ნუ დაგწყდებათ. იმიტომ, რომ აქამდე ბედნიერი კაცი ვიყავი.

დღეს დილას ჯარში წამოვედი, იქ უნდა გამოვცხადებულიყავი, მაგრამ ვერ გამოვცხადდები, ახლა აქ ვარ, სურამის რომელიღაც ტყეში, პირველი სკოლიდან არის ამოსახვევი, აქედან ავტობანი მოჩანს, რომ რამე იყოს, ადვილად მიპოვით, ოღონდ - მიპოვით მკვდარს. არ ინერვიულოთ.

დედას მივმართავ, პირველ რიგში, ვიცი, მაგრად გიყვარვარ, მეც არანაკლებ მაგრად მიყვარხარ, ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ, დედას ვფიცავ. ჩემს დებს და ჩემს დისშვილებს მაგრად ეწყინებათ, რომ არ დავემშვიდობე, მაგრამ არ მინდოდა, რამე ეგრძნოთ. ძალიან ცუდად ვარ, იმიტომ, რომ თქვენი დანახვა ამიერიდან აღარ შემეძლება. ეს ყველაფერი არც გოგოს გამო არ არის, არც ვალის გამო, არც ვინმე მაშანტაჟებს და მკლავს ან მოკვლით მემუქრება, ეს ყველაფერი მე გადავწყვიტე. ერთს გთხოვთ, ნუ იტირებთ ჩემ გამო...

ჩემს მეგობრებს ვეტყვი, ძალიან მაგრად მიყვარხართ და გულს გწყვეტთ, მაგრამ ყველამ პატივი ეცით ჩემს გადაწყვეტილებას, მე უნდა წავიდე..."

მეორე ვიდეოში გიორგი ისევ დედას მიმართავს და პატიებას სთხოვს. ამ ჩანაწერიდან ისიც ირკვევა, რომ დედამ ის ობლად გაზარდა.

"მიხარია, რომ დედამიწაზე 20 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი, ბედნიერება მქონდა, ხალხი გვერდში მედგა, მაგრამ ყველაფერი მე გავიფუჭე. ბევრი უაზრო რაღაცები გავაკეთე. ლოთობას გადავყევი, ვალები დავიდე, ფულები დავხარჯე. 480 ლარის შეჭმით ბანკის ვალები ვეღარ გადავიხადე. დღეს ბოლო დღეა, აზრი არ აქვს. ვერაფერს მივაღწევ, ვერც ვიშოვი, ვერც გადავიხდი. ასე რომ, ნუ იდარდებთ. არ ინერვიულოთ.

დამმარხეთ ჩემი მშობლის გვერდით და იქ ვიქნები, ან არ ვიცი, მიწაში ჩამაგდეთ, უბრალოდ. არანაირი დიდი გრანდიოზული გასვენებები.

დედა მაპატიე, ვიცი, მაგრად დაგწყდება გული. ასევე, ჩემს დებს მივმართავ და ჩემს დისშვილებს, რომლებსაც ბოდიში მინდა მოვუხადო. ძალიან მაგრად მიყვარხართ და ყოველთვის მეყვარებით, მაგრამ მე ასე გადავწყვიტე. ნუ იტირებთ ჩემ გამო. მე პირიქით გამიხარდება, თუ მაგრად იქნებით...

ყველას გაუკვირდება ჩემი აქედან წასვლა, მაგრამ ნელ-ნელა შეეჩვევით, ყველაფერი კარგად იქნება. ნუ იდარდებთ, მე მამაჩემთან ვიქნები, ისედაც 8 წლიდან არ მყავს და მომენატრა.

ჩემს მეგობრებს ბოდიში მინდა მოვუხადო, უფრო ხშირად უნდა ყოფილიყვნენ ჩემ გვერდით, უფრო გამიხარდებოდა...“, – ამბობს სულისშემძვრელ ვიდეოჩანაწერში 20 წლის გიორგი კობალაძე.

მას ამ დრომდე ეძებენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ არ უპოვიათ. როგორც სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე წერს, იმ ადგილს მიაგნეს, სადაც მან ეს ვიდეოები ჩაწერა, მაგრამ გიორგი იქ არ დახვდათ.

"ამ ეტაპზე, გიორგი ნაპოვნი არ არის, არანაირი კვალი არ ჩანს. ერთადერთი, ნაპოვნია თოკი და დროშა, რომელსაც გიორგის სახელი და გვარი აწერია. ტელეფონი გათიშულია. რაც შეეხება მის ვალს, 450 ლარს, გაირკვა, რომ ვალები იმაზე მეტი აქვს, რასაც ვიდეოში ამბობს. ყველას მოგმართავთ, ვისაც როგორ შეგიძლიათ ისე დავუდგეთ მის ოჯახს და ვილოცოთ, რომ აუცილებლად დაგვიბრუნდეს", - წერს ერთი-ერთი ადამიანი.

სოციალური ქსელი აჭრელებულია კომენტარებით, ყველა სთხოვს გიორგის, რომ თვითმკვლელობის უდიდესი ცოდვა არ ჩაიდინოს და გამოჩნდეს. ხალხი ითხოვს, გაიხსნას ანგარიშის ნომერი და საზოგადოების გვერდში დგომას სთავაზობენ, წერენ, რომ მას ფინანსურადაც დაეხმარებიან და პრობლემების მოგვარებაში დახმარებას სთავაზობენ.

საქმეში ჩართულები არიან სამაშველო სამსახურები და სამართალდამცველები. ბიჭის ძებნა გრძელდება.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით მერის წარმომადგენელს დაბა სურამში. მისი თქმით, სამძებრო სამუშაოები ისევ გრძელდება. სამართალდამცველებთან ერთად, ბიჭს ნათესავები და ადგილობრივები ყველგან ეძებენ, მაგრამ ჯერჯერობით მის კვალს ვერსად მიაგნეს.

"ძალიან გთხოვთ ყველას, იქნებ ვინმემ სადმე დაინახეთ ან სადმე შეგხვდათ, შეგვატყობინეთ.

პოლიცია, ოჯახი, ყველა ეძებს, მთელი სურამი", - წერს მისი ბიძაშვილი.

ცოტა ხნის წინ, სოციალური ქსელის მომხმარებელმა ბესო დვალიშვილმა ახალი ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც ის წერს, რომ სურამში გაუჩინარებული ბიჭი ბათუმში მასთან ერთადაა.

”დღევანდელი ვიდეო რომ დადოო. ჩემთან ერთადაა!

გამწარებული ბიჭი გზაში გადამეყარა, ვნახე! ჩემთანაა. ეძებს ოჯახი გაავრცელეთ, რომ ოჯახმა ნახოს და შემეხმიანონ.

დამირეკეთ 558 97 03 03 დროულად გაავრცელეთ…” – ვკითხულობთ პოსტში.

როგორც ონლაინ რადიო Fortuna.ge წერს, ბესო დვალიშვილმა მათთან საუბარში აღნიშნა, რომ ახლობლები უკვე დაუკავშირდნენ ბიჭს და იციან რომ იგი ცოცხალია.

„რაც მთავარია, ბიჭი ჯანმრთელია“. – ამბობს ბესო ჩვენთან საუბარში.

მისივე ინფორმაციით, ამ წუთებში ადგილზე სიტუაციის შესასწავლად ბათუმის პოლიციიდან მივიდნენ.

(სპეციალურად საიტისთვის)