"ჩემი სამყარო რუსულმა რაკეტამ დაანგრია" - რას ჰყვება ოდესაში მოკლული სამი თვის ბავშვის მამა - კვირის პალიტრა

"ჩემი სამყარო რუსულმა რაკეტამ დაანგრია" - რას ჰყვება ოდესაში მოკლული სამი თვის ბავშვის მამა

23 აპრილს იური გლოდანი სახლიდან მაღაზიაში ახალი გასული იყო, უეცრად მორიგი სარაკეტო შეტევის ხმა რომ მოესმა. ის სასწრაფოდ სახლისკენ წავიდა და დაინახა, რომ მისი საცხოვრებელი კორპუსი ცეცხლში იყო გახვეული, ყვირილით სთხოვდა პოლიციელებს, სახლში შეეშვათ. კიბეებზე სასწრაფოდ აირბინა და ოთახში შესულმა გარდაცვლილი მეუღლისა და სიდედრის ცხედრებს მოჰკრა თვალი. ისინი რუსულმა რაკეტამ იმსხვერპლა.

მოგვიანებით მაშველებმა იურის სამი თვის გოგონა - კირაც გარდაცვლილი იპოვეს.

უკრაინაში უკვე ორი თვეა, ომია და ყოველ დღე ადამიანებს დიდ მწუხარებასთან უწევთ გამკლავება, თუმცა ოდესაში დატრიალებულმა ერთი ოჯახის ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა.

kira6-1651047647.jpg
ვალერია გლოდანი

ამ ამბავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა:

„როგორ უქმნიდა კირა საფრთხეს რუსეთს? როგორც ჩანს, ბავშვების მკვლელობა - რუსეთის ფედერაციის ახალი ეროვნული იდეაა“, - განაცხადა ზელენსკიმ უკრაინელებთან საღამოს მიმართვისას.

ოდესაზე სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლი კიდევ 5 ადამიანი გახდა.

kira4-1651047647.jpg
ვალერია და კირა

გასულ კვირას იური დანგრეულ სახლში მივიდა, რათა ის ნივთები წამოეღო, რაც სარაკეტო იერიშს გადაურჩა - ფოტოალბომი, მეუღლის ხელნაწერი წერილები და სხვა... ნანგრევებში მან შვილის დამტვრეული ეტლიც იპოვა.

„ყველაფერს, რაც იქ არის, გადაყრიან, როგორც ნაგავს. ჩემთვის, ჩემი მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის კი ყოველ ნივთს დიდი მნიშვნელობა აქვს“.

იური და მისი მეუღლე ვალერია ერთად 9 წელი იყვნენ.

„ის ძალიან კეთილი ადამიანი იყო, სიცილი უყვარდა, სულ იღიმოდა, ყველაფერში სიხარულს პოულობდა, ბედნიერი იყო. მას ძალიან უყვარდა ეს ქალაქი, ოდესა მისი საყვარელი ადგილი იყო. კომუნიკაციის საოცარი ნიჭი ჰქონდა - საოცრად ესაუბრებოდა ხალხს და ძალიან კარგად წერდა... ვერც კი წარმოიდგენთ, რა კარგად წერდა! ვერ წარმოიდგენთ, რა კარგი დედა იყო. ის იყო კარგი დედა, კარგი შვილი, კარგი მეგობარი - საუკეთესო თვისებებით, სხვა ასეთ ადამიანს, ვერავის ვიპოვი“, - იხსენებს მეუღლეს იური.

kira-1651047647.jpg
იური და კირა

როგორც თავად ამბობს, პატარა კირა იანვარში, ომის დაწყებამდე ორი თვით ადრე დაიბადა.

„მშობიარობას ვესწრებოდი, ბედნიერებისგან ვტიროდი, როცა შვილი შეგვეძინა. ძალიან მიჭირს იმის გააზრება, რომ ჩემი გოგონა ცოცხალი აღარ მყავს, არც ცოლი, არც სიდედრი... იმ დღეს ჩემთვის მთელი სამყარო მოკვდა, ჩემი სამყარო რუსულმა რაკეტამ გაანადგურა. სამწუხაროდ, მსგავსი რამ მხოლოდ ჩემს ოჯახს არ შეემთხვა“.

kira7-1651047648.jpg

იურის სურს, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს მისი ოჯახის შესახებ.

„ეს მთელი უკრაინის, მთელი ოდესის მწუხარებაა. ეს მთელი ცივილიზებული სამყაროს ტრაგედიაა, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლე ღირებულია, რადგან 21-ე საუკუნეში, როცა ადამიანთა შორის კომუნიკაცია ასეთ დონეზეა, როცა კულტურა ასე მაღალ დონეზეა, შეუძლებელია, რომელიმე სახელმწიფო მსგავს აგრესიას, ასეთ ომს აწარმოებდეს და ამგვარ მკვლელობას სჩადიოდეს. უბრალოდ ანადგურებდეს სხვა ქვეყანას“, - ამბობს კირას მამა.

სამი თვის გარდაცვლილი გოგონას მამამ ჟურნალისტებს ბავშვის საფენები გადასცა:

„ეს ჩვენ უკვე აღარ გვჭირდება, წაუღეთ სხვა ბავშვებს, საქველმოქმედო ორგანიზაციებს“. (წყარო)