"შეიცან მტერი, შეიცანი საკუთარი თავი და ათასობით ბრძოლას დაუმარცხებლად ჩაატარებ" - როგორია სადაზვერვო ინფორმაციის მნიშვნელობა რუსეთ-უკრაინის ომში? - კვირის პალიტრა

"შეიცან მტერი, შეიცანი საკუთარი თავი და ათასობით ბრძოლას დაუმარცხებლად ჩაატარებ" - როგორია სადაზვერვო ინფორმაციის მნიშვნელობა რუსეთ-უკრაინის ომში?

უკვე ორ თვეზე მეტია უკრანა წარმოუდეგენელ წინააღმდეგობას უწევს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების თავდასხმას. ანალიტიკოსთა ვერსიით, უკრაინის შესაშური ბძოლისუნარიანობა, ასევე განპირობებულია ამერიკის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული სადაზვერვო ინფორმაციით, რასაც, გარკვეულ შემთხვევებში, გადამწყვეტი მნიშნელობაც კი ჰქონდა. სადაზვერვო ინფორმაციის ეფექტურობასა და გავლენებზე ანალიტიკური ცენტრის "ჯეოქეისის" მკვლევარი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ნიკოლოზ ხატიაშვილი გვესაუბრება:

- თანამედროვე მსოფლიოში შეუფასებელია დროული, საჭირო და ხარისხიანი ინფორმაცია, რადგან ის გახდა საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო, რომლის შედეგადაც გაჩნდა ახალი თაობა, რომელიც მთლიანად ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნოლოგიებით და მეტად სწრაფად ვითარდება, ვიდრე ეს თუნდაც 50 წლის წინ წარმოგვედგინა.

- შეიძლება ითქვას თუ არა, რომ 21-ე საუკუნის ომებში სადაზვერვო ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში იარაღზე ღირებულია?

- სუნ ძის ცნობილი სიტყვებს შეგახსენებთ: „შეიცან მტერი, შეიცანი საკუთარი თავი და ათასობით ბრძოლას დაუმარცხებლად ჩაატარებ“. ამ სიტყვებში ის გულისხმობდა მტრის ისეთივე შესწავლას, როგორც საკუთარი თავის, რადგან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოწინააღმდეგეზე ყოველთვის გვეხმარება მისი სუსტი წერტილების იდენტიფიცირებაში და მათზე შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების შემუშავებაში. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყანას გააჩნდეს ძლიერი სადაზვერვო და კონტრ-სადაზვერვო სამსახურები, რომელთა ეფექტურ მუშაობაზეც დიდწილად დამოკიდებულია ომში წარმატების მიღწევა.

- ამერიკის მიერ უკრაინისთის მიწოდებული სადაზვერვო ინფორმაციის ეფექტურობასა და გავლენებს როგორ შეაფასებთ?

- სადაზვერვო ინფორმაციასა და ძლიერ სპეცსამსახურებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი გააჩნიათ როგორც ომში, ასევე, მთლიანად ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში. მეორე მსოფლიო ომის დასრულებასა და ცივი ომის მსვლელობაში უდიდესი როლი გააჩნდათ სპეცსამსახურებს, რომლებიც ერთი მხრივ ახორციელებდნენ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებას მტრის შესახებ, ხოლო მეორე მხრივ სხვადასხვა ღონისძიებების გზით, მტრის შეკავებას, როგორც ლეგალური, ასევე, არალეგალური მეთოდებით. სწორედ ცივი ომის დროს განვითარდა ბევრი სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო მეთოდი, რომელიც დღესაც აქტიურად გამოიყენება სპეცსამსახურების მიერ. სწორედ ცივი ომის პერიოდში, ჩამოყალიბდა აშშ-ის თანამედროვე სპეცსამსახურების დიდი ნაწილი, რომლებიც ათეულობით წელია ეფექტურად უმკლავდებიან როგორც შიდა, ასევე საგარეო საფრთხეებს. თანამედროვე მსოფლიოში აშშ-ს ჰყავს ყველაზე ძლიერი სპეცსამსახურები, რომელთა სახელთან დაკავშირებულია არაერთი წარმატება. უკრაინის შემთხვევაშიც, აშშ-ის დაზვერვა ძალზე ეფექტურია. თუ გავიხსენებთ უკრაინაში ომის დაწყებამდე აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებებს, რომლებიც სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით საუბრობდნენ, რომ რუსეთი გეგმავდა უკრაინაზე თავდასხმას, ხოლო რუსეთი ჯიუტად უარყოფდა ამ ფაქტს, დავინახავთ, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებს წინასწარ ჰქონდათ ობიექტური ინფორმაცია. ასევე, ომის მსვლელობისას, არაერთხელ მოგვისმენია მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია რუსული ჯარების აქტივობების შესახებ, რომელიც ძირითადად სიმართლე იყო. ამასთან, ომის მსვლელობისას დავინახეთ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს რუსეთის ჯართან ბრძოლებში, ისინი თვისობრივად უფრო მაღალ საფეხურზე იმყოფებიან. ამ წარმატებაშიც, რა თქმა უნდა, სადაზვერვო ინფორმაციას აქვს დიდი მნიშვნელობა. რთულია საუბარი, თუ კონკრეტულად რა სახის ინფორმაციას აწვდის აშშ-ის დაზვერვა უკრაინის შესაბამის სამსახურებს, რადგან ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია, თუმცა ფაქტებიდან და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების ოფიციალური განცხადებებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ის მიერ მიწოდებულ სადაზვერვო ინფორმაციას უდიდესი როლი მიუძღვის უკრაინის წარმატებულ საბრძოლო მოქმედებებში.

- რუსეთ-უკრაინის ომის დღევანდელი მოცემულობა რა დასკვნების საფუძველს გვაძლევს, ინფორმაციული თვალსაზრისით ვინ უფრო მომზადებული შეხვდა ომს?

- კრემლის ამოცანას თავიდანვე წარმოადგენდა უკრაინაში შეჭრა და კიევის სწრაფი დამარცხება, უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების ჩანაცვლება მარიონეტული რეჟიმით და ფაქტობრივად, მთელი უკრაინის მოქცევა გავლენის ქვეშ. მოსკოვში ეგონათ, რომ უკრაინელი ხალხის დიდი ნაწილი მხარს მათ დაუჭერდა და სიტუაციაც ქვეყნის შიგნით ადვილად დარეგულირდებოდა, ანუ ე.წ „მარტივ გასეირნების“ მოლოდინი ჰქონდათ. ის ფაქტი, რომ რუსებმა ვერ შეძლეს რეალური სურათის დანახვა და უკრაინაში შეჭრის ისეთი ფორმებით დაგეგმვა, რომელიც წარმატებას მოუტანდა, რუსული აგენტურული ქსელის სისუსტესა და უკრაინის კონტრდაზვერვის კარგ მუშაობაზე მიუთითებს. უკრაინის ომმა ძალიან ბევრ ასპექტში წარმოაჩინა რუსული სპეცსამსახურების არაეფექტურობა, როგორც სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებისა და ანალიზის, ასევე, სამხედრო მოქმედებების დაგეგმვის, ლოგისტიკის, გადაწყვეტილებების მიღებისა და სხვა მიმართულებებით. სწორედ სპეცსამსახურების წარუმატებლობამ განაპირობა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის, ე.წ „ეფესბეს“ მაღალჩინოსნების დაპატიმრებები და თანამდებობებიდან გათავისუფლებები. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინა გაცილებით უფრო მომზადებული აღმოჩნდა ვიდრე რუსეთი. რაც შეეხება უშუალოდ საინფორმაციო ომს, ამ შემთხვევაშიც უკრაინა გაცილებით უფრო მაღლა დგას ვიდრე რუსეთი. ომის მსვლელობისას ვრცელდებოდა სხვადასხვა სახის ომთან დაკავშირებული ნარატივები, როგორც უკრაინის, ასევე, რუსეთის მხრიდან, თუმცა საბოლოო ჯამში, უკრაინული ნარატივები ყოველთვის თანხვედრაში იყო დასავლური ქვეყნების ნარატივებთან. მაგალითისთვის მოვიყვან ბუჩაში მომხდარ ტრაგედიას. რუსეთი ცდილობდა ეს ყველაფერი თავისი ნარატივის ქვეშ მოექცია, და საზოგადოებისთვის ისე მიეწოდებინა ეს მოვლენები, თითქოს ეს სისატიკე უკრაინელებმა ჩაიდინეს, თუმცა უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა და საინფორმაციო საშუალებებმა აქტიურად იმუშავეს და რუსულ დეზინფორმაციულ ნარატივს გასაქანი არ მისცეს. მარტივად რომ ვთქვათ, რუსულ პროპაგანდას და ფეიკ ნიუსებს, უკრაინა უპირისპირებს რეალურ და ნამდვილ ინფორმაციას, რაც ყოველთვის წარმატების მომტანია.

- რა მოლოდინები გაქვთ ამ ომის საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით ?

- რთულია კონკრეტულ სცენარზე საუბარი, თუმცა ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ უკრაინამ უკვე მიაღწია დიდ წარმატებას. ამ ომს ძალიან ბევრი შედეგი ექნება როგორც მოკლევადიან, ასევე, გრძელვადიან პერსპექტივაში. ყურადღებას გავამახვილებდი სულ რამდენიმე სამომავლო შედეგზე: პირველი შედეგია, რომ მსოფლიოში არსებობდა მითი, რომლის მიხედვით რუსეთს გააჩნდა თანამედროვე სტანდარდების სამხედრო შეიარაღება და უძლეველი ჯარი, რომლის დამარცხებაც შეუძლებელი იყო. ამ აზრს ასევე ამყარებდა ის გარემოება, რომ ყოველწლიურად იხარჯებოდა მილიარდობით დოლარი რუსეთის ჯარის მოდერნიზაციასა და გაძლიერებაზე. უკრაინის ომმა ეს მითი რამდენიმე დღეში დაანგრია. სამხედრო თვალსაზრისით უკრაინამ უდიდესი ზარალი მიაყენა რუსეთის ჯარს, რასაც ალბათ რუსეთიც არ ელოდებოდა. მატერიალურ-ტექნიკური დანაკარგების პარალელურად, უკრაინამ მოახდინა რუსული ჯარის დემორალიზაციაც. ამ გარემოებებიდან გამომდინარე შეგვიძლია ორი მნიშვნელოვანი დასკნა გამოვიტანოთ. პირველი ის, რომ თუ მართლა იხარჯებოდა მილიარდობით დოლარი რუსული ჯარის მოდერნიზებაზე, მაშინ რატომ არ აისახა ეს რუსულ შეიარაღებაზე?! ამაზე პასუხი თქვენთვის მომინდია. და მეორე ის, რომ რუსული ჯარის უძლეველობის მითი არის მხოლოდ და მხოლოდ რუსული პროპაგანდის პროდუქტი. მეორე შედეგად შეგვიძლია მივიჩნიოთ ევროპის კონსოლიდაცია. ბოლო წლების განმავლობაში ევროპაში გააქტიურდნენ ევროსკეპტიკოსები და პოპულისტები, რომლებიც მუდმივად ეჭვის ქვეშ აყენებდნენ ევროპის ერთიანობას და ძირს უთხრიდნენ ევროკავშირს, როგორც ერთიან ინსტიტუტს. განსაკუთრებით ასეთი ჯგუფები გაძლიერდნენ ბრექსიტის შემდეგ. უკრაინაში მიმდინარე ომმა მოახდინა სრულიად ევროპისა და დასავლეთის კონსოლიდაცია. არავინ მოელოდა, რომ ევროპა ასეთი ერთიანი და მტკიცე იქნებოდა. სწორედ ამ ერთიანობამ და სიმტკიცემ დაანგრია ყველა მითი, რომელსაც პოპულისტები და ევროსკეპტიკოსები იყენებდნენ თავიანთი იდეოლოგიის გასავრცელებლად. ჩემი აზრით, სწორედ ამ ომის ერთ-ერთი შედეგი იქნება ევროპაში პოპულიზმის და ევროსკეპტიციზმის დასუსტება. მესამე შედეგად შეიძლება მივიჩნიოთ უკრაინის პოსტკონფლიქტური აღდგენა. უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, დასავლეთის მხრიდან, დიდი ალბათობით, ამოქმედდება ე.წ უკრაინის მარშალის გეგმა, რომელიც გულისხმობს უკრაინის პოსტკონფლიქტურ აღდგენას და გარდაქმნას იმაზე ძლიერ ქვეყნად, ვიდრე ომამდე იყო. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გახდება ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანა, რომელსაც უკვე შეაქვს უდიდესი წვლილი ევროპულ უსაფრთხოებაში. მეოთხე შედეგი, სავარაუდოდ, ევროპის დამოკიდებულების მნიშვნელოვანი შემცირება იქნება რუსულ ნავთობსა და გაზზე. რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებამ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დააყენა ევროპა. რიგ შემთხვევებში, ევროპა ვერ დგამდა მკაცრ ნაბიჯებს რუსეთის მიმართ სწორედ ამ ფაქტორის გამო, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ კარგად გააცნობიერა ეს საფრთხე და აქტიურად დაიწყო მუშაობა რუსეთის გვერდის ავლით, ალტერნატიული ენერგორესურსების მომარაგების გზებზე. ამ მოცემულობაში იხსნება ახალი შესაძლებლობების ფანჯარა საქართველოსთვისაც. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, მას შეუძლია მნიშნელოვანი როლი ითამაშოს კასპიის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნებიდან ევროპაში ენერგორესურსების ალტერნატიული გზების შემუშავებაში, ასევე, ახალი სატრანზიტო დერეფნების განვითარებაში. უკრაინის მიმართ დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ომის მსვლელობაზე. ნათელია, რომ დაწესებული მკაცრი სანქციების ფონზე, რუსეთი დიდხანს ვერ შეძლებს ომის წარმოებას, რადგან ფიზიკურად ამოეწურება ყველა რესურსი. საბოლოოდ ის დამარცხდება უკრაინაში. რუსეთის დამარცხებით ევროპას გაუჩნდება გარკვეული პერიოდი თავისი უსაფრთხოების სისტემის გადასახედად, რადგან რუსეთის დასუსტება არ ნიშნავს მისგან სამომავლო საფრთხეების პრევენციას. შესაბამისად, საჭიროა მომავალზე ფიქრი და ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

- როგორ შეიძლება შეიცვალოს მსოფლიოს პოლიტიკური წესრიგი ამ ომის დასრულების შემდეგ და სად შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო?

- უკრაინის ომმა დაგვანახა, რომ არსებულმა საერთაშორისო სისტემამ ვერ შეძლო უკრაინაში ომის შეჩერება. განსაკუთრებით არაეფექტიანი აღმოჩნდა გაერო და გაეროს უშიშროების საბჭო. ნათელია, რომ თანამედროვე უსაფრთხოების სისტემას ესაჭიროება გადახედვა და ახალი მიდგომების შემუშავება. ახალმა გეოპოლიტიკურმა რეალობამ შესაძლოა, საქართველოსთვის გახსნას შესაძლებლობების ფანჯრები, რომლებიც დააჩქარებენ ქვეყნის გაწევრებას ევროკავშირსა და ნატოში. ევროპის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ერთ-ერთ მთავარ ბერკეტად შეგვიძლია განვიხილოთ ნატოს გაფართოება, მასში ფინეთის, შვედეთის, საქართველოსა და უკრაინის გაწევრების გზით. ასეთი მოცემულობის შემთხვევაში, ფაქტობრივად, შეიკვრება ე.წ რკალი შავი ზღვიდან ბალტიის ზღვის ჩათვლით, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ევროპულ უსაფრთხოებას. ასეთ ვითარებაში შესაძლებელი გახდება ევროპის მიმართულებით ახალი ენერგეტიკული და სატრანსპორტო დერეფნების შექმნა, რომლებიც უსაფრთხოდ მოახდენენ ევროპის ენერგომომარაგებას, რაც ამ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინის ომის შემდგომ, ის მსოფლიო აღარ იქნება, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით ომამდე. ფაქტობრივად ახლა იწერება ისტორიის ახალი ფურცელი, რომელსაც დიდი გავლენა ექნება მთლიანად მსოფლიო სისტემასა და მსოფლიო წესრიგზე.

(სპეციალურად საიტისთვის)

ხათუნა ბახტურიძე