"რა კითხვებს უნდა გასცეს პრემიერ-მინისტრმა პასუხი პარლამენტში, რისთვის იბარებენ? - რაიმე დანაშაულში გაყო პრემიერმა თავი თუ სკანდალში?" - კვირის პალიტრა

"რა კითხვებს უნდა გასცეს პრემიერ-მინისტრმა პასუხი პარლამენტში, რისთვის იბარებენ? - რაიმე დანაშაულში გაყო პრემიერმა თავი თუ სკანდალში?"

რა კითხვებს უნდა გასცეს პრემიერ-მინისტრმა პასუხი პარლამენტში, რისთვის იბარებენ? - რაიმე დანაშაულში გაყო პრემიერმა თავი თუ სკანდალში? - ასე ეხმიანება ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით პრემიერ- მინისტრის პარლამენტში, ინტერპელაციის წესით დაბარებას.

დავითულიანი აცხადებს, რომ ჩანაწერი ავთენტური რომც იყოს, გაუგებარია რა არის გასაკვირი, თუ ივანიშვილი რუსეთში მეგობარს მეგობრულად ესაუბრება. ის ასევე გამოეხმაურა ამ საკითხზე არახამიას განცხადებას და მას "თავხედური" უწოდა.

"ის კაცი (ივანიშვილი) 10 წელი ცხოვრობდა რუსეთში და იქ შეიძლება ჰყავდეს ბიზნესმენი მეგობარი, რომელსაც მეგობრულად ელაპარაკება, რა არის ამაში გასაკვირი, მე არ მესმის!

არახამიამ თქვა, რომ ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესდეს, რაც იყო მისი მხრიდან ძალიან უპასუხისმგებლო და თავხედური განცხადება. მისი საქმე ნამდვილად არ არის, ამ ქვეყანაში რა მოხდება, ვის რა დაუწესდება, თან უმიზეზოდ ამის თქმა არის კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯი. საიდან მოხვდა ეს ვიდეო შეგიძლიათ მითხრათ? ევტუშენკოვი არის რუსეთში, ან "ფსბ"- ს უნდა ჩაეწერა, ან ბიძინა ივანიშვილი უნდა ჩაეწერა საქართველოში ქართულ უშიშროებას, მერე ქართულმა უშიშროებამ გადასცა თუ "ფბს"-მ ოპოზიციურ არხებს?! რა დასავლური დაზვერვა, როგორ უსმენს დასავლური დაზვერვა ევტუშენკოვს რუსეთში, დასავლური სპეცსამსახურები უკანონოდ უსმენენ ვიღაცებს, ამას ამბობთ?! რა კითხვებს უნდა გასცეს პრემიერ- მინისტრმა პასუხი პარლამენტში, დანაშაულთან ჰქონდა რამე შეხება? რისთვის იბარებენ - რაიმე დანაშაულში გაყო პრემიერმა თავი თუ სკანდალში?“ - განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისთვის, „ლელოს" საპარლამენტო გუნდი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იბარებს.

„ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში დაბარებულია საერთაშორისო სანქციების რეჟიმთან მიმართებაში ხელისუფლების პოზიციებზე და სატელეფონო ჩანაწერების შესახებ“, -ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.