"პუტინის ომი უკრაინაში მეზობელი საქართველოს "ბედს წყვეტს": არსებობს რეალური საფრთხე" - კვირის პალიტრა

"პუტინის ომი უკრაინაში მეზობელი საქართველოს "ბედს წყვეტს": არსებობს რეალური საფრთხე"

ბრიტანული „დეილი ექსპრესის“ (The Daily Express) დღევანდელ, 27 აპრილის ნომერში დაბეჭდილია სტატია საქართველოს შესახებ სათაურით - "პუტინის ომი უკრაინაში მეზობელი საქართველოს "ბედს წყვეტს": არსებობს რეალური საფრთხე" (ავტორი - ჯოელ დეი).

პუბლიკაციაში ნაჩვენებია საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის დამოკიდებულება რუსეთ-უკრაინის ომთან და დასავლეთის მიერ დაწესებული ანტირუსული სანქციების მიმართ. ამასთან დაკავშირებით მიმოხილულია ქართველი საზოგადოების წარმომადგენლების - პოლიტიკოსების და ექსპერტების თვალსაზრისები. აქვე შევნიშნავთ, რომ ავტორმა იმავე თემაზე „დეილი ექსპრესში“ სტატია რამდენიმე დღის წინათაც გამოაქვეყნა.

გთავაზობთ დღევანდელი სტატიის მოკლე შინაარსს:

როგორც ცნობილია, დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების ფონზე, გაისმის საყვედურები, რომ საქართველო ჩრდილოელ მეზობელთან კვლავ აგრძელებს ეკონომიკურ ურთიერთობებს. „მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, ის ფაქტი, რომ საქართველოს რუსეთთან ეკონომიკური კავშირები მთლიანად არ გაუწყვეტია, „არც უკანონოა და არც ამორალური“. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ იმავეს აკეთებენ ევროპის ქვეყნებიც, რომლებიც რუსულ გაზს ყიდულობენ, შესაბამისად, თბილისის პოზიცია „არანაირ პრინციპებს არ ეწინააღმდეგება“.

საქართველომ, რა თქმა უნდა, დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საზოგადოება თბილისის ქუჩებში საპროტესტო აქციაზე გამოვიდა. საქართველოსა და რუსეთს შორის ამჟამად რთული დამოკიდებულებაა: თბილისმა მოსკოვთან ჯერ კიდევ 2008 წელს გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა, როცა რუსეთის არმიამ საქართველოს წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. დღემდე საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული.

„ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის დასრულებას ისეთივე სერიოზული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, როგორც თვით უკრაინისათვის“, - ამბობს ნათია სესკურია, ლონდონის თავდაცვითი კვლევების გაერთიანებული სამეფო ინსტიტუტის (RUSI) უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მისი თქმით, საქართველოს ბედი ამჟამად უკრაინაში წყდება - ომის შედეგები პირდაპირ გავლენას მოახდენს ვლადიმერ პუტინის სამომავლო გეგმებზე რუსეთის მეზობლის მიმართ.

„დეილი ექსპრესის“ კითხვაზე, არის თუ არა რეალური რუსეთის შეჭრის საფრთხე საქართველოში, ნათია სესკურია პასუხობს: „ვიმედოვნებ, რომ - არა, მაგრამ გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენი ბედი უკრაინაში წყდება. ჩვენ არ ვიცით, როგორ დასრულდება ეს ომი. არ ვიცით, რა კომპრომისებზე დათანხმდებიან მეომარი მხარეები. თუ უკრაინა ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს, მაშინ, ვფიქრობ, არსებობს იმის რეალური საფრთხე, რომ ჩვენგანაც იგივეს მოითხოვენ. არ ვფიქრობ იმას, რომ უახლოეს ხანში რუსეთი აუცილებლად ისევ შემოიჭრება საქართველოში, მაგრამ „მშვიდი ძილის“ შესაძლებლობა ჩვენ მაინც არ გვექნება. ჩვენ ვხედავთ რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფებს, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან დისლოცირებულნი. შესაბამისად, ეს გვაძლევს ფიქრის საფუძველს, რომ პროვოკაციები ყოველ მომენტში შეიძლება მოხდეს. „მცოცავი ოკუპაცია“ ისევ გრძელდება, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს, ასევე ხელს უწყობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის გაღრმავებასაც“, - აცხადებს ექსპერტი.

საქართველოს ახალგაზრდობა რუსეთის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას იჩენს და მზერას დასავლეთს აპყრობს. საზოგადოების ასეთი ხედვა გავლენას ახდენს ხელისუფლებაზეც - მარტში საქართველოს მთავრობამ ვადაზე ადრე წარადგინა განაცხადი ევროკავშირში მიღების მიზნით, მოლდოვასთან ერთად - მას შემდეგ, რაც უკრაინამ დაჩქარებულად მოითხოვა ევროკავშირში გაწევრება. საინტერესოა, რომ განაცხადის წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე იგივე ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ „შესაძლოა ეს ნაბიჯი საქართველოსთვის კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს, რადგან მომავალი ორი წლის განმავლობაში ბევრი პირობის შესრულება მოგვიწევსო“.

როგორც ნათია სესკურია ამბობს, ხელისუფლების პოზიციის ცვლილება [საზოგადოების ზეწოლის] პირდაპირ შედეგს წარმოადგენს: „საქართველოს ახალმა თაობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხელისუფლებას მისი ხმა გაეგონა: ომის გამო ქართველმა საზოგადოებამ წარსულის გადაფასება და მომავლის გააზრება დაიწყო“.

პუბლიკაციის დასასრულს ავტორის მიერ მოკლედ არის გადმოცემული საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ყოფნა უკრაინაში. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ