"სააკაშვილს უარყოფითი კატაბოლური მდგომარეობა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი ინელებს საკუთარ თავს - ამ მდგომარეობის მიზეზი შეიძლება იყოს დეპრესია" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილს უარყოფითი კატაბოლური მდგომარეობა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი ინელებს საკუთარ თავს - ამ მდგომარეობის მიზეზი შეიძლება იყოს დეპრესია"

ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრის, ექიმ თენგიზ წულაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს უარყოფითი კატაბოლური მდგომარეობა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი ინელებს საკუთარ თავს, კუნთოვანი მასა მკვეთრად მცირდება, რის გამოც მისი მდგომარეობა გაუარესებულია.

„22 აპრილს გახლდით პენიტენციურ დაწესებულებაში, მოვინახულეთ მიხეილ სააკაშვილი და რაც ვნახეთ, სუსტად გამოიყურება. ჩვენ გავეცანით ისტორიის მონაცემებს, ვნახეთ გარკვეული დარღვევები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პაციენტს უარყოფითი კატაბოლური მდგომარეობა აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმი ინელებს საკუთარ თავს ანუ ის ცილები, რომელიც მას არ მიეწოდება გარედან, ორგანოებისა და კუნთების დაშლის საშუალებით იღებს ამ ცილებს, შესაბამისად, კუნთოვანი მასა მკვეთრად მცირდება და ამიტომაა ადამიანის მდგომარეობა გაუარესებული. ჩვენი აზრით, ამ მდგომარეობის მიზეზი შეიძლება იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, დეპრესია, რამაც მოგვცა, საბოლოო ჯამში, ანორექსია, მადის დაქვეითება. ამჟამად ის იღებს თავისი რეგულარულად მოხმარებად ნორმის კალორიის დაახლოებით ¼-დან 1/3-მდე ანუ 600-800 კალორიას დღეში, რომელშიც პრაქტიკულად ცილა არ შედის და ცილოვანი შიმშილის ფონზე კუნთის მასა მკვეთრად შემცირებულია. ასევეა, გამოხატული წამოდგომისას წნევის ვარნდა, გონების დაკარგვის წინარე მდგომარეობა, რასაც მოსალოდნელია გონების დაკარგვაც მოყვეს. აღნიშნული სიტუაცია ერთგვარ მანკიერ წრესაც აყალიბებს. მდგომარეობა გაუარესებულია და გაუარესებული მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად აუარესებს თავის ფსიქოლოგიურ სტატუსს. ჩვენ სულ ვიძლეოდით რეკომენდაციებს ნეიროფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციაზე. მართალია, ციხეში ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა, სამედიცინო კონსულტაციები უტარდება, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს გარემო საკმარისი არ არის იმისთვის, რომ სრულად ჩატარდეს ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია, მათ შორის ვერ ხდება შეთანხმება პაციენტსა და ციხის მკურნალ სამედიცინო პერსონალს შორის. ის უარს ამბობს შეგნებულად თუ შეუგნებლად ცილოვანი საკვების მიღებაზე, რასაც მოსდევს ცილოვანი შიმშილი და ამ წუთში ამას ჰქვია პროტეინ დეფიციტური მანუტრიცია“, - განაცხადა წულაძემ.

IPN