"თუ ვინმე გარედან უკრაინის საკითხში ჩარევას შეეცდება, პასუხი ელვისებური იქნება" - კვირის პალიტრა

"თუ ვინმე გარედან უკრაინის საკითხში ჩარევას შეეცდება, პასუხი ელვისებური იქნება"

თუ ვინმე გარედან უკრაინის საკითხში ჩარევას შეეცდება, ჩვენი პასუხი ელვისებური იქნება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.მისივე თქმით, ყველა გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორ მოახდენს მოსკოვი ამ სიტუაციაში რეაგირებას, უკვე მიღებულია.

"თუ ვინმე გარედან უკრაინის [საკითხში] ჩარევას შეეცდება, ჩვენი პასუხი ელვისებური იქნება. ჩვენ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი [პასუხისთვის], რომლითაც ვერავინ დაიკვეხნის. ჩვენ ამით ტრაბახს არ ვაპირებთ, გამოვიყენებთ მათ საჭიროების შემთხვევაში", - განაცხადა პუტინმა.

სანქტ-პეტერბურგში რუს დეპუტატებთან სიტყვით გამოსვლისას, კრემლის ლიდერმა ისიც აღნიშნა, რომ დასავლეთს რუსეთის დაყოფა სხვადასხვა ნაწილად სურდა.

მანვე დასავლური ქვეყნები იმაშიც დაადანაშაულა, რომ მათ უკრაინას რუსეთთან კონფლიქტში უბიძგეს.

პუტინის თქმით, რუსულმა რუბლმა, საბანკო სისტემამ, სატრანსპორტო სექტორმა და მთლიანად ეკონომიკამ ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გაუძლო. კრემლის ლიდერი რუსეთის იზოლაციის მცდელობებისთვის პასუხის გაცემის პირობაც დადო.

"ინტერპრესნიუსი"