"კახის თავისი ხელწერა ჰქონდა, რომელსაც ვერავინ გაიმეორებდა... ამხელა კაცი იყო და ბავშვური გული ჰქონდა" - კვირის პალიტრა

"კახის თავისი ხელწერა ჰქონდა, რომელსაც ვერავინ გაიმეორებდა... ამხელა კაცი იყო და ბავშვური გული ჰქონდა"

„ხომ მოვკვდებით ბოლო-ბოლო არა, ყველა?! რაც არ უნდა გამოეწებო, არა, არ მომკლა, არა, არა... ცოტა ხანიც, რა... ხომ მოვა ის, არა?! მიქელ გაბრიელი, აბა, "დავაი"... არა, რა, ცოტა ხანიც, რა, ცოტა ხანიც, ხომ ეტყვი, არა?!

- "დავაი, დავაი"...

- ცოტა ხანიც, რა

- რამდენი ხანი?

- კიდე რა, ხუთი წელი.

- რა ამბავია კაცო, არა, არა, "დავაი"...

ორ საათს მოგცემს, ხომ წაგიყვანს უეჭველი?!

უნდა დაელოდო შენს დროს და ის დრო აუცილებლად მოვა", - ამბობდა ბატონი კახი კავსაძე ერთ-ერთ გადაცემაში... ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, 85 წლის ასაკში ეს დრო მოვიდა. 85 წელი იცხოვრა და ყველა თაობაში უდიდესი სიყვარული დატოვა. 100-მდე როლი ითამაშა კინოში და 50-მდე როლი თეატრში... საუკეთესო სახეები შექმნა...

kavsadze4.jpg

პირველად „ღვინის ქურდებში“ ვნახე. ძალიან შემიყვარდა. იმ დღის მერე, თუკი სადმე, რომელიმე არხზე თვალს მოვკრავდი, დიდი გულისყურით ვუსმენდი და სიამოვნებას ვიღებდი. განსაკუთრებით მისი ცხოვრებისეული გამონათქვამების მოსმენა მიყვარდა. ერთ-ერთი გამონათქვამი კი სამუდამოდ ჩამებეჭდა გონებაში -„არავისი არასდროს არაფერი არ შეგშურდეს და შენ იქნები წარმატებული. იცით, რატომ?! შენს საქმეზე იფიქრებ. როცა გშურს, შენ იქა ხარ, იმის წარმატება გკლავს შენ. ამიტომ, შენ იფიქრე შენს თავზე და გააკეთე ის საქმე, რასაც შენ ფიქრობ, რომ გააკეთო“.

kavsadze.jpg

ყველასათვის საყვარელი მსახიობის - კახი კავსაძის გახსენება მის მეგობარსა და კოლეგას - ბატონ ჯემალ ღაღანიძესა და მისი საუკეთესო მეგობრის - გივი ბერიკაშვილის შვილს - მსახიობ ზურა ბერიკაშვილს ვთხოვეთ.

ჯემალ ღაღანიძე:

- ბატონო ჯემალ, თქვენ და ბატონი კახი კავსაძე სტუდენტობიდან ერთად იყავით, როგორ გაიხსენებთ მას?

- კახიზე სიამოვნებით გაგესაუბრებით. დიახ, სტუდენტობიდან ვმეგობრობდით მე და კახი. რუსთაველის თეატრშიც ერთად მოვხვდით და ბოლომდე იქ ვიყავით. კახი უნიკალური პიროვნება იყო. არავის ჰგავდა. ის იყო ინდივიდი და უნიჭიერესი ადამიანი. სიცოცხლისთვის და სიყვარულისთვის დაბადებული კაცი. თქვენ იცით, კახისა და ბელას რომანის შესახებ, როგორ იყვნენ ერთად და როგორი ძლიერი სიყვარულით უყვარდათ ერთმანეთი.

akaxakavsadzedf.jpg

ყველაფერში განსაკუთრებული ადამიანი იყო, ურთიერთობაშიც, სიყვარულშიც. კახის თავისი ხელწერა ჰქონდა, რომელსაც ვერავინ გაიმეორებდა.

kavsadze1.jpg

ძალიან კეთილი და გულუბრყვილო ბიჭი იყო. ამხელა კაცი იყო და ბავშვური გული ჰქონდა. უსაზღვროდ მოსიყვარულე გახლდათ და ბოლომდე ასე დარჩა. ჩვენ გაცნობის პირველი დღიდან ერთად ვიყავით. განსაკუთრებით კი, რუსთაველის თეატრში მისვლის დღიდან. სულ ერთად გვაწყვილებდნენ, გასტროლებზეც ერთად დავდიოდით, სასტუმროშიც ერთად ვიყავით. ადამიანი მოგზაურობაში იცნობა და სწორედ აქ ჩანდა მისი უსაზღვროდ თბილი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. საოცრად მეგობრული პიროვნება იყო. ერთგულება და ადამიანის დაფასება შეეძლო.

kavsadze2.jpg

ძალიან მშრომელი კაცი გახლდათ, რაც ჩანდა კიდეც მის შემოქმედებაში. საუკეთესო ფილმებში მონაწილეობდა და ყოველთვის უნიკალურად ასრულებდა თავის როლს. მან თავისი ნიჭიერება კინოშიც გამოავლინა და თეატრშიც. მთელი თავისი ცხოვრება სწორედ თეატრს და სცენას მიუძღვნა.

ზურა ბერიკაშვილი:

- მე კახი კავსაძესთან მამა-შვილური ურთიერთობა და დამოკიდებულება მქონდა. მისი ოჯახის წევრად ვთვლიდი თავს, ამიტომ ობიექტური ვიქნები მასზე საუბრის დროს. უთბილესი ადამიანი იყო, უსაზღვროდ ყურადღებიანი, ნიჭიერი. არ ვიცი, როგორ აგიხსნათ, მასთან შეხვედრა დღესასწაული იყო. მასთან ურთიერთობა ეს იყო უდიდესი ფეიერვერკი. კახი ბავშვობიდან მახსოვს მე. განსაკუთრებული ბედნიერება მხვდა წილად, რადგან მის გვერდით ვიდექი ესტრადაზე და მასთან ერთად, პატარ-პატარა როლებიც ვითამაშე. კახის მსგავსი იუმორი, ამბის თხრობა, არა მგონია, ვინმეს შეეძლოს.

kaxi kavsadze.jpg

- ბატონი გივისა და ბატონი კახის ურთიერთობაზე რას გაიხსენებთ?

- მამა და კახი უახლოესი მეგობრები იყვნენ. განსაკუთრებით, ბოლო წლებში, ტყუპივით იყვნენ, სულ ერთად დადიოდნენ და ერთმანეთს არ სცილდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სულ არ ჰგავდნენ ერთმანეთს, უერთმანეთოდ მაინც ვერ ძლებდნენ. ვერც წარმოედგინათ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება. საკმაოდ თბილი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან, ძალიან გაწონასწორებული, ზომიერი ურთიერთობა, არანაირი ზედმეტი ხუმრობა, ხმამაღალი საუბარი არ ახასიათებდათ. უაღრესად დიდ პატივს სცემდნენ ერთმანეთს.

kakhikavsadzedagiviberikashvilirecto.jpg

მახსოვს, როგორ ნერვიულობდა კახი გივის მდგომარეობაზე, როცა მამა იყო ავად. გვერდიდან არ შორდებოდა, საავადმყოფოშიც თავზე ადგა. გარდა ამისა, კახი ძალიან ნერვიულობდა იმაზე, რომ გივი ცოტა ბევრს ქეიფობდა. სულ კუდში დასდევდა. აი, ტომი და ჯერი, რომაა, ისე იყვნენ ესენიც, გივის რომ ეძებდა კახი რესტორნიდან რესტორანში. ძალიან უფრთხილდებოდა, რომ გივის ზედმეტი სასმელი არ დაელია. ხოლო, როდესაც იპოვიდა, აი, იქ იწყებოდა მერე იუმორის დღესასწაული. მართლაც განსაკუთრებული და იშვიათი მეგობრობა აკავშირებდათ მათ.

kavsadze-kaxi2.jpg

ეს მხოლოდ ორი ადამიანის მოგონება იყო ამ უდიდეს პიროვნებაზე. კახი კავსაძეზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, საბედნიეროდ, ბევრი ჰყავს საქართველოს...

"გვეშველება რამე, ბატონო კახი?

- მე მინდა, ჩვენ, სულ ყველას გვიყვარდეს ერთმანეთი, პატივი ვცეთ ერთმანეთს და ალბათ მაშინ ნამდვილად გვეშველება“...

„ნეტავი იქ თეატრი არის?!“ - ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იქ, სადაც ბატონი კახის კეთილი სული განისვენებს, თეატრი ნამდვილად არის...

მარიამ ჭანტურია (სპეციალურად საიტისთვის)