"სასტავში" ყველაზე წესიერი კაცი ეგ ყოფილა…" - რას წერს ივანიშვილი-ევტუშენკოვის სავარაუდო ჩანაწერზე გია ხუხაშვილი? - კვირის პალიტრა

"სასტავში" ყველაზე წესიერი კაცი ეგ ყოფილა…" - რას წერს ივანიშვილი-ევტუშენკოვის სავარაუდო ჩანაწერზე გია ხუხაშვილი?

საზოგადოების ყურადღება სოციალურ ქსელში გავრცელებულმა აუდიოჩანაწერმა მიიპყრო, რომელშიც რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრება. სატელეფონო საუბრის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, ისინი თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ. ჩანაწერში ნახსენებია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელი, რომელზეც, სავარაუდოდ, ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ მის მიერ გამოგზავნილ წარმომადგენელს სწორედ ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა. აღნიშნულის საპასუხოდ, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს, რომ მის წარმომადგენელს თავად შეხვდეს. გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერში საუბარია ვინმე დავითზე. მედიის ცნობით, ერთ-ერთი ვერსიით, ის, სავარაუდოდ, დავით იაკობაშვილია, რომელიც საქართველოში რუსული ნაწარმის იმპორტითაა დაკავებული, ასევე, ევტუშენკოვის კომპანია "სისტემის" დირექტორთა საბჭო წევრი იყო.

ჩანაწერი ავთენტურობა მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ერთხმად უარყვეს.

"როცა ორი ბიზნესმენი საუბრობს ერთმანეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე, ამაში რამეა გასაკვირი? ერთადერთი ქვეყანა მე რაც ვიცი, რომელსაც სანქციები აქვს დაწესებული ევტუშენკოვისთვის, არის ავსტრალია", - ასე გამოეხმაურა პარტია :ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც თითქოს "ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი ოლიგარქი, Sistemas-ს დამფუძნებელი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ.

კობახიძის თქმით, არავინ იცის, ჩანაწერი ავთენტურია თუ არა. მისივე თქმით, ხელისუფლების პოზიცია, რომ რუსეთთან არ წყვეტენ სავაჭრო ურთიერთობებს, ოფიციალურად ცნობილია.

„ავთენტურია თუ არა, ეს არავინ იცის. რომც იყოს ავთენტური, აქ არაფერზეა საუბარი. საუბარია სავაჭრო ურთიერთობებზე. თქვენ იცით, რომ საქართველოს ოფიციალურად აქვს დაფიქსირებული ამაზე პოზიცია, საქართველო ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან. ხდება პროდუქტის ექსპორტირება და იმპორტირება, ეს არის ჩვენი გაცხადებული პოზიცია, ამაში არც კანონსაწინააღმდეგოა რაიმე და არც სხვა პრინციპებთან მოვდივართ წინააღმდეგობაში. გარდა ამისა, პროდუქტის იმპორტირება მხოლოდ ადგილობრივი მოხმარებისთვის. მე შეგახსენებთ, უკრაინაც ინარჩუნებს გარკვეულ სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან, ხდება რუსეთიდან გაზის მიღება უკრაინაში, მათ შორის საკუთარი მოხმარებისთვის და შემდეგ ხდება ამ გაზის ტრანზიტით გადაცემა ევროკავშირის ქვეყნებისთვის. აქედან გამომდინარე ის, რომ საქართველო სავაჭრო ურთიერთობებს ინარჩუნებს, ამაში არაფერია არც კანონსაწინააღმდეგო და არც ამორალური, მითუმეტეს, იმ პირობებში, როცა უკრაინაც ინარჩუნებს.

რაც შეეხება გამოძიებას, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტი, თუ შეხვედრა იყო ვინმესთან, ამაზე პრემიერი გააკეთებს თვითონ განცხადებას და კომენტარს. ამ ჩანაწერში საქმე ეხება სავაჭრო ურთიერთობებს. როცა ორი ბიზნესმენი საუბრობს ერთმანეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე, ამაში რამეა გასაკვირი? ერთადერთი ქვეყანა, მე რაც ვიცი, რომელსაც სანქციები აქვს დაწესებული ამ პირისთვის, არის ავსტრალია. ეს არის საინტერესო დეტალი“ - განაცხადა კობახიძემ.

თავად ევტუშენკო "ფორმულასთან“ ადასტურებს, რომ მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ალი უზდენოვი თბილისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

როგორც ვლადიმერ ევტუშენკოვი განმარტავს, ალი უზდენოვმა და პრემიერმა "დასვენებასთან დაკავშირებით" ისაუბრეს. რაც შეეხება ევტუშენკოვის და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობას, ევტუშენკოვი აღნიშნავს, რომ ივანიშვილთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

“ბოლოს ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ დაბადების დღე მივულოცე. ჩანაწერი მილიონი გავრცელებულა, არ ვიცი, ბევრი მაგ ჩანაწერებიდან „ფეიკია“. საქართველოში იყო ალი უზდენოვი, პრემიერსაც შეხვდა. არ მახსოვს როდის, მგონი, მარტში. მიზანი არაფერი პოლიტიკური არ იყო, მგონი, დასვენებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. სჯობს, მას ჰკითხოთ, ნებისმიერ შემთხვევაში ეს იყო რიგითი ვიზიტი. ივანიშვილთან საქმიანი არა, მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს. არც არასდროს მქონია [საქმიანი] მაშინაც კი, როცა ივანიშვილს ბიზნესი ჰქონდა, არც გვქონდა კომუნიკაცია, ყოველთვის ვმეგობრობდით", - აღნიშნა ევტუშენკოვმა, რომლის თარგმანსაც “ფორმულა“ ავრცელებს.

აღნიშნულ ჩანაწერს, სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა:

"მხოლოდ ევტუშენკოვი აღიარებს, რომ შეხვედრა შედგა…ამ სასტავში ყველაზე წესიერი კაცი ეგ ყოფილა…" - წერს ხუხაშვილი.

ვინ არის და რა ვიცით რუს ოლიგარქ ევტუშენკოვზე და რა აკავშირებს მას ქართველ პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებთან?