"ხელისუფლება რატომ არ გვიცავს ამ ტიპის პროვოკაციებისგან?!" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება რატომ არ გვიცავს ამ ტიპის პროვოკაციებისგან?!"

უკრაინაში დატრიალებულმა მოვლენებმა ბევრ ადამიანში რუსული სიმღერებისა და რუსული კულტურის მიმართ აგრესია გამოიწვია. ბუჩასა და მარიუპოლის ტრაგედიების შემდეგ ეს ბუნებრივიცაა... როცა უკრაინის ქალაქები იბომბება და უდანაშაულო ბავშვები და ქალები იღუპებიან, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ხალხმრავალი კონცერტებისა და ღონისძიებების გამართვის წინააღმდეგია. დავინტერესდა, რას ფიქრობენ ამ საკითხზე შოუბიზნესის წარმომადგენლები.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

ქეთი გაბისიანი, კომპოზიტორი:

"დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ხელოვანი მწვავედ განიცდის იმას, რაც დღეს უკრაინაში ხდება და ყველას გულში ერთი და იგივე ცეცხლი ტრიალებს. ჩემ ირგვლივ ასეა, ჩემი მეგობრები ამ სიტუაციაზე ძალიან ჯავრობენ და განიცდიან, მაგრამ რა გაკეთდება იმით, რომ ჩვენს საქმეს მოვწყდეთ და კონცერტები არ ჩავატაროთ? მუსიკას ისეთი ძალა აქვს, ავადმყოფ, დავარდნილ ადამიანსაც ფეხზე წამოაყენებს, განსაცდელში მყოფს ორმაგად სჭირდება..."

კახა გოგიძე, მსახიობი:

"რასაკვირველია, ცხოვრება ვერ გაჩერდება და ვერ მოკვდება, მით უმეტეს, რომ უკრაინელებიც ატარებენ კონცერტებს, მაგრამ ჩვენს კაფე-ბარებში ქართველები "ჩორნი ბუმერზე" არ უნდა ცეკვავდნენ. ვერ გამიგია, ჩვენს ქუჩებში "რუსული ფანოღი" რატომ უნდა ისმოდეს, ამით ხომ ხალხს აღიზიანებენ! ხელისუფლება რატომ არ გვიცავს ამ ტიპის პროვოკაციებისგან?!."

გია ჯაჯანიძე, ტელეწამყვანი:

"ადამიანს თუ არ ეგლოვება, ძალით როგორ უნდა იგლოვოს?! მესმის, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში რთული სიტუაციაა, მაგრამ იქნებ ზოგიერთი ადამიანი ასე ცდილობს, დეპრესიაში არ ჩავარდეს და უარყოფით განცდებს მოერიოს? თუ ადამიანს სიმღერა უნდა, იმღეროს, თუ კონცერტზე წასვლა უნდა, წავიდეს, ამით ვინმეს რამეს დაუშავებს?.."

ლიკა ყაზბეგი, სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი:

"ჩემზეც ცუდად იმოქმედა ვიდეომ, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. ძალიან ვაფასებ იმ გოგონას, რომელმაც გადაიღო - ზოგი ამას ყურადღებას არც კი მიაქცევდა. არა მგონია, იმ ბარში, სადაც "ჩორნი ბუმერს" უკრავდნენ და ცეკვავდნენ, ბევრი ქართველი დადიოდეს. უკრაინის ამბები ყველას ძალიან გვთრგუნავს! რასაკვირველია, მეც ადამიანი ვარ, ამ ორ თვეში კიდეც გამიცინია და მეგობრებთან ერთადაც მიხალისია, მაგრამ ვგრძნობ, რომ ეს ღიმილი არ მერგება მანამ, სანამ ბავშვები იღუპებიან..."

ბაკურ ბაკურაძე, პროდიუსერი:

"ქართველი კაცი ჭირშიც მღეროდა, მღეროდა ომში, პანაშვიდზე და საერთოდ, ყველგან. ამიტომ აბსურდად მიმაჩნია მტკიცება, რომ ახლა კონცერტების გამართვა დაუშვებელია. პირიქით, უკრაინის მხარდამჭერი ბევრი კონცერტი უნდა გაიმართოს - ეს ძალიან კარგი გზაა მათ დასახმარებლად. რაც შეეხება რუსული სიმღერების შესრულებას - შემსრულებელმა უნდა გადაწყვიტოს, რას იმღერებს და რას - არა. ამას მომღერალს ვერავინ აუკრძალავს..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 28 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე