"თბილისი - ქალაქი ევროპის განაპირას, სადაც ათი ათასობით რუსი გაიქცა უკრაინაში რუსეთის ჯარის შეჭრის შემდეგ" - რას წერს უცხოური გამოცემა - კვირის პალიტრა

"თბილისი - ქალაქი ევროპის განაპირას, სადაც ათი ათასობით რუსი გაიქცა უკრაინაში რუსეთის ჯარის შეჭრის შემდეგ" - რას წერს უცხოური გამოცემა

„ვერონიკა ნიკულშინას - [ფემინისტური პროექტის] Pussy Riot-ის ცნობილ აქტივისტს ერთი დიდი სურვილი აქვს - ვლადიმერ პუტინის სიკვდილი. „იმედი მაქვს, რომ მას თავისივე გარემოცვიდან ვიღაც მოკლავს“, - ამბობს იგი. – „ეს ჩემი ყველაზე საუკეთესო სურვილია“. 24 წლის მხატვარი და მოდელი ამჟამად რუსული დიასპორის იმ დისიდენტური ნაწილის წარმომადგენელია, რომელიც შედარებით უსაფრთხო და მყუდრო საქართველოში გაიქცა - რუსეთის სამხრეთ საზღვართან მდებარე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში“, - ნათქვამია ავსტრალიის სამაუწყებლო კომპანია ABC news-ის მიერ ეთერში გაშვებულ ვრცელ რეპორტაჟში, რომლის ტექსტური ვერსია ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სათაურით - „ქალაქი ევროპის განაპირას, სადაც ათი ათასობით რუსი გაიქცა უკრაინაში რუსეთის ჯარის შეჭრის შემდეგ“ (ავტორი - ერიკ კემპბელი).

პუბლიკაციაში გადმოცემულია იმ რუსეთის მოქალაქეების ცხოვრება, რომლებიც თავიანთი სამშობლოდან ხელისუფლების სავარაუდო რეპრესიებს გაერიდნენ და თავშესაფარი საქართველოში ჰპოვეს. მათგან ერთ-ერთს ფემინისტი ქალი ვერონიკა ნიკოლშინა წარმოადგენს, რომელსაც გაზეთის ჟურნალისტი ესაუბრება. იგი საქართველოში გასული წლის ივლისში ჩამოვიდა - მას შემდეგ, რაც მრავალჯერ გამოსცადა „რუსული საპატიმროს სიკეთე“.

როგორც სტატიის ავტორი წერს, დღეისათვის საქართველოში, დაახლოებით, 30 ათასამდე რუსეთის მოქალაქე იმყოფება. მათი ნაწილი ქვეყანაში უკრაინის მოვლენებამდეც ცხოვრობდა, მაგრამ მიგრანტთა რაოდენობამ განსაკუთრებით იმატა ომის დაწყების შემდეგ.

„ომმა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის მიმართ მკაცრი რეპრესიებიც გამოიწვია: ომის საწინააღმდეგო პროტესტები ჩახშობილი იქნა, პოლიციამ კი ათასობით ადამიანი დააპატიმრა. დამოუკიდებელი მასმედიის საშუალებები დაიხურა. გამკაცრდა კანონებიც: ის, ვინც ოფიციალური ინფორმაციისაგან განსხვავებულ ცნობებს გაავრცელებს ან ტერმინ „სპეცოპერაციის“ ნაცვლად „ომს“ იტყვის, მას 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ამის გამო უამრავი ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, აქტივისტი და ხელოვნების მოღვაწე იძულებული გახდა, რუსეთი დაეტოვებინა. ვლადიმერ პუტინის თქმით, ისინი - ყველანი „სამშობლოს მოღალატეები და ნაძირლები არიან... ასეთი პირებისაგან რუსული საზოგადოების გაწმენდა რუსეთს უფრო გააძლიერებს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

„რუსეთის ბევრმა მოქალაქემ თავი დასავლეთ ევროპას და ჩრდილოეთ ამერიკას შეაფარა, მაგრამ ძირითადი რაოდენობა მაინც იმ ქვეყნებში წავიდა, სადაც რუსებისათვის ვიზას არ ითხოვენ - თურქეთში და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში - სომხეთში, ყირგიზეთში, ყაზახეთში და საქართველოში.

თბილისი ცოტა მოუვლელი, მაგრამ მაინც თვალწარმტაცი ისტორიული ქალაქია, რომელიც ევროპის განაპირას მდებარეობს და უცხოელებს მაგნიტივით იზიდავს. თბილისში, ევროპასთან შედარებით, ცხოვრება ბევრად იაფია. ქალაქი ცნობილია თავისი კულტურული ტრადიციებით, ეროვნული სამზარეულოთი, ღვინითა და სტუმართმოყვარე მოსახლეობით. „თბილისი - სუპერმაგარია“, - ამბობს ვერონიკა, - იმიტომ, რომ აქ თავისუფლებაა, ფართო დემოკრატიაა და მიუკერძოებელი, ობიექტური ადამიანები არიან“.

ათასწლოვანი ქალაქის უძველესი უბნები დღეს რუსი დისიდენტებით არის სავსე, რომლებიც კაფეებში და წიგნის მაღაზიებში იკრიბებიან ან ომის საწინააღმდეგო მიტინგებს აწყობენ. ასე რომ მათ რუსეთში გაეკეთებინათ, პატიმრობა არ ასცდებოდათ“, - ხაზგასმულია სტატიაში.

ავტორი ესაუბრება რუსეთიდან გამოქცეულ ანტონ მიხალჩუკს (არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს), რომლის თქმით, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსეთი, დაახლოებით, 200 ათასმა მოქალაქემ დატოვა. „მე მათ სამ კატეგორიად დავყოფდი: პირველი - ემოციური მიგრანტები, რომლებიც „რკინის ფარდის“ შიშით გამოიქცნენ, მეორე - ისინი, ვინც რუსეთში ბიზნესს ვეღარ განავითარებდნენ და მესამე - ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და ყველა ისინი, ვისაც ხელისუფლებისაგან განსხვავებული პოზიცია აქვთ ანუ დისიდენტები, რომლებიც ახლა, ალბათ, ციხეში ისხდებოდნენ“.

პუბლიკაციაში საკმაოდ ფართოდ არის გაშუქებული რუსული ოპოზიციური ტელეარხის ჟურნალისტების - ეკატერინა კოტრიკაძისა და მისი ქმრის - ტიხონ ძიადკოს თბილისურ-ემიგრანტული ცხოვრება.

ბევრი რუსი ფიქრობს, რომ ისინი რუსეთში მანამ ვერ დაბრუნდებიან, სანამ ქვეყანას ვლადიმერ პუტინი მართავს. „ჩვენ მის სიკვდილს უნდა დაველოდოთ“, - ასეთია მიგრანტების პოზიცია.

„ერთი შეხედვით, საქართველო - სტუმართმოყვარე ქვეყანაა, სადაც რუსები, დროებით მაინც ცხოვრების უფლებით არიან უზრუნველყოფილნი. ბევრი ქართველი იზიარებს მათ ნეგატიურ პოზიციას რუსეთის ჯარის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით. საკმარისია გავიხსენოთ, რომ თვითონ ქართველებსაც კარგად ახსოვთ რუსეთის აგრესია, რომელიც 2008 წელს მოხდა და როცა კრემლმა ქვეყნის ტერიტორიის ერთი მეხუთედი ნაწილის ოკუპირება განახორციელა, სეპარატისტული ანკლავების - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ჩათვლით. ამჟამად რუსეთის ჯარები თბილისიდან ერთი საათის სავალზე იმყოფებიან. მოკლედ რომ ვთქვათ, რუსებს და ქართველებს ომის საწინააღმდეგო პოზიციები აერთიანებთ და საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ.

მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ქართველი მიესალმება ქვეყანაში ათასობით რუსი დისიდენტის თავმოყრას. ქართველები არ იწონებენ რუსეთის მთავრობის პოლიტიკას და ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მოსახლეობაში რუსოფობია გავრცელდეს ანუ შიში და სიძულვილი ყველა რუსის მიმართ. თბილისის ქუჩებში ბევრ ადგილას დაინახავთ ანტირუსულ ლოზუნგებს და წარწერებს. არის ფაქტები რუსების მიმართ არაოფიციალური შეზღუდვების დაწესებისა ბინების გაქირავებისა თუ ბანკში ანგარიშის გახსნის საკითხში.

ამასთან, საქართველო მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმით არ იწონებს და არ უერთდება დასავლეთის მიერ ბოლო დროს გამოცხადებულ ანტირუსულ სანქციებს. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებას გაურბის. თბილისი ცდილობს, ფრთხილი პოლიტიკა გაატაროს თავის გიგანტურ მეზობელთან და სავაჭრო კავშირებს არ წყვეტს. შესაბამისად, ოპოზიციის მიერ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ პრორუსულ პარტიად განიხილება“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

სტატიის დასასრულს ავტორი კვლავ უბრუნდება რუსი ჟურნალისტების ცხოვრებასა და საქმიანობას როგორც რუსეთში (მაგალითად, აწ უკვე დახურული რადიო „ეხო მოსკვის“ თანამშრომელი ტატიანა ფელგენგაუერი ამჟამად მოსკოვშია და, დაპატიმრების შიშის მიუხედავად, „იუთუბში“ გადაცემებს უშვებს), ასევე - საქართველოშიც (ეკატერინე კოტრიკაძე და ტიხონ ძიადკო ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ რუსული კრიტიკული ჟურნალისტიკა გადარჩეს), მაგრამ ყველა კარგად ხვდება იმას, რომ ისინი საზღვარგარეთიდან რუსეთში სიტუაციას ვერ შეცვლიან. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ