"ერთხელ, ჟერარ დეპარდიე შემოვიდა, უცბად მისი სახელი ვერ გავიხსენე და "ბატონი ობელიქსით" მივმართე. ამაზე ორივეს გაეცინა" - კვირის პალიტრა

"ერთხელ, ჟერარ დეპარდიე შემოვიდა, უცბად მისი სახელი ვერ გავიხსენე და "ბატონი ობელიქსით" მივმართე. ამაზე ორივეს გაეცინა"

ვინ არის პარიზის პრესტიჟული ყვავილების მაღაზიის ქართველი დირექტორი

პარიზის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მე-18 საუკუნის შენობა დგას, რომლის პირველ სართულზე მრავალწლოვანი ისტორიის მატარებელი, ვინტაჟური სტილის ყვავილების მაღაზიაა ძველი ავეჯითა და პირვანდელი სახის ხელშეუხებელი ინტერიერით. მისი სტუმრები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები არიან, მათ შორის: მთავრობის წევრები, ბიზნესმენები, მსახიობები, მაღალი მოდის ინდუსტრიის თანამშრომლები და ა.შ. ამ პრესტიჟული მაღაზიის კრეატიულ დირექტორს ბექა ცერცვაძეს 20 აპრილს 23 წელი შეუსრულდა.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

ბექა მეოთხე წელია, საფრანგეთში ცხოვრობს. იქ ენის შესასწავლად გაემგზავრა, თბილისში ჟურნალისტიკას ეუფლებოდა და ამ კუთხით აპირებდა პროფესიული კარიერის გაგრძელებას, მაგრამ პარიზში ფლორისტთა სკოლაში მოხვედრისა და მისი დასრულების შემდეგ მისი გეგმები შეიცვალა.

61-1651127272.jpg

"გამიმართლა, რომ საქართველოდან ვიყავი, არავინ იცოდა, ეს ქვეყანა სად იყო და ვფიქრობ, ამან დააინტერესათ. შემდეგ უკვე სწავლის პროცესში გაკვეთილებზე ჩემი მასწავლებლები 10-15 წუთს მითმობდნენ, რომ საქართველოზე მელაპარაკა, მათ შორის - სიმბოლოებზეც. 9 აპრილის ფოტოებს ვაჩვენებდი და მოვუყევი, რომ რუსთაველზე ამ დღეს ყოველთვის ტიტები და მიხაკები მიგვაქვს. აღდგომის ტრადიციებზეც ვუამბობდი, როცა ხორბალს ვზრდით, კვერცხებს ენდროთი ვღებავთ. არც კი იცოდნენ, რომ ენდრო მცენარეა და მისი ფესვები წითელ ფერს გამოჰყოფს. მთელი სწავლების განმავლობაში ინფორმაციას ვცვლიდით, ისინი მე მასწავლიდნენ, მე კი ფლორისტებს იმ ინფორმაციას ვაწვდიდი, რაც თითქმის ყველამ იცის საქართველოში..."

5-copy-1651127290.jpg

"სამ მოდის სახლთან ოფიციალური კონტრაქტი გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება, ყოველკვირა მოგვიწიოს მათი ოფისებისა და შოურუმების გაფორმებამ. მოდის სახლებს შორის ერთ-ერთი „შანელია“; კონტრაქტის მიხედვით, დანარჩენი ორის დასახელების უფლება არ მაქვს, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. რაც შეეხება ცნობილ ადამიანებს, თავიდან ბევრს ვერც კი ვიცნობდი. ერთხელ, ჟერარ დეპარდიე შემოვიდა. ჩემმა უფროსმა გადაკოცნა, მოიკითხეს ერთმანეთი, მეგობრობენ. ის იმავე ქუჩაზე, ჩვენს მაღაზიასთან ახლოს ცხოვრობს. უცბად მისი სახელი ვერ გავიხსენე და ფილმიდან „ასტერიქსი და ობელიქსი“, "ბატონი ობელიქსით" მივმართე. ამაზე ორივეს გაეცინა (იღიმის). მას ჩვენგან დაახლოებით 10 მეტრში, პარიზში ერთ-ერთი საუკეთესო თევზის მაღაზია აქვს, სადაც კვირაში ერთხელ 2 საათით თავად დგება დახლთან, ხალხს თევზს უწონის ან იქვე ჯდება და ამით თავის შოუს აკეთებს..."

"ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ცნობილმა მწერალმა, მილან კუნდერამ, მადლობის ნიშნად თავისი წიგნი მაჩუქა ავტოგრაფით, სადაც წერს: იცეკვე და იბედნიერე მთელი შენი ცხოვრებაო. ის და მისი მეუღლე ვერა კუნდერა არაჩვეულებრივი ადამიანები არიან. ორივე ძალიან ხანდაზმულია, სახლიდან ვეღარც გამოდიან..."

91-1651127306.jpg

"ჩემი უფროსი 40 წელია, ფლორისტია და უკვე პენსიაზე გადის, დაიღალა. ბოლო დროს ბარათებიდან თავისი სახელი ამოიღო და მხოლოდ მაღაზიის დატოვა, რომ ყვავილების თაიგულები მხოლოდ მის სახელთან არ ასოცირდებოდეს. ამით თითქოს „ადგილი დამიტოვა“, რომ ჩემი ხაზი გამეგრძელებინა. სხვათა შორის, ხალხი თაიგულზე რომ იტყოდა, რა ლამაზიაო, ის პირველი იყო, ვინც ხაზგასმით ეუბნებოდა: „ეს ბექამ გააკეთა“.

4-copy-1651127325.jpg

ლიდერობის კუთხით განვითარებაში ის ბევრი რამით დამეხმარა და მასწავლა. ხშირად ვუხდი მადლობას, რადგან დიდი თავისუფლება მომცა. ახლა უკვე შეიძლება, რამდენიმე კვირა მაღაზიაში აღარც მოვიდეს, ნელ-ნელა გაერიდა ყოველდღიურობას, რადგან მენდობა და ასეთი შემთხვევა წლების განმავლობაში არასოდეს ჰქონია. მისი ოჯახიდან არავის აინტერესებს ყვავილები და უნდა, რომ მისი ბიზნესი გავაგრძელო..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 28 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.

ანა კალანდაძე