ფრთოსან "კალიბრებს" რუსეთი უკრაინას წყალქვეშა ნავებიდანაც ესვრის... - კვირის პალიტრა

ფრთოსან "კალიბრებს" რუსეთი უკრაინას წყალქვეშა ნავებიდანაც ესვრის...

უკრაინული ხომალდსაწინააღმდეგო "ნეპტუნებით" რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვის შემდეგ სხვა რუსული სამხედრო ხომალდები სიფრთხილეს იჩენენ, დისტანციას იცავენ და, ძირითადად, ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროსთან, სევასტოპოლის პორტის ტრავერსზე დრეიფობენ.

პრინციპში, უკრაინული „ნეპტუნი“ ამ სიშორეზეც შეიძლება მისწვდეს რუსულ სამხედრო ხომალდებს, მაგრამ ეს მანძილი, 270-280 კმ-ი, ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი „ნეპტუნისთვის“ მაქსიმალურია და მეტი შანსია, ის დროულად აღმოაჩინონ და ჩამოაგდონ.

თავის მხრივ, რუსეთი აგრძელებს უკრაინის ქალაქებისა და სტრატეგიული ობიექტების დაბომბვას საზღვაო ბაზირების „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტებით, რომელთა სტარტი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ახალი თაობის ფრეგატებიდან და მცირე სარაკეტო ხომალდებიდან წარმოებს.

რუსეთის შავ ზღვის ფლოტში სამი ასეთი ფრეგატი („ადმირალი გრიგორევიჩი“, „ადმირალი ესენი“ და „ადმირალი მაკაროვი“) და ოთხი მცირე სარაკეტო ხომალდი („ვიშნი ვოლოჩიოკ“, „ორეხოვო-ზუევო“, „იგუშეტია“ და „გრაივორონი“) ირიცხება, რომლებზეც რვა-რვა უნივერსალური ვერტიკალური გასაშვები მოწყობილობაა დამონტაჟებული ფრთოსანი „კალიბრების“ სტარტისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ჩაძირული რუსული სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ აღიქმებოდა რუსული სამხედრო აგრესიის სიმბოლოდ უკრაინის (მანამდე, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კი - საქართველოს) წინააღმდეგ, „მოსკვას“ ბორტიდან არც ერთი სარაკეტო დარტყმა არ განხორციელებულა, რადგან მას შეიარაღებაში „კალიბრები“ არ ჰქონდა. მისი რვატონიანი, 16 ცალი ზებგერითი ფრთოსანი „ვულკანი“ ათასი კმ-ის სიშორიდან ამერიკული ატომური ავიამზიდების ჩასაძირად იყო განკუთვნილი, მათ შორის - ბირთვული ქობინების გამოყენებითაც.

2-poto-1651135602.jpg
„კალიბრის“ წყალზედა სტარტი რუსული ფრეგატიდან

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შვიდ წყალზედა სამხედრო ხომალდს ერთ ზალპად 56 ერთეული ფრთოსანი „კალიბრის“ გაშვება შეუძლია, უკრაინის ტერიტორიაზე ობიექტების ზუსტად დასაბომბად, რაც ომის ორი თვის განმავლობაში მათ არა ერთხელ გაუკეთებიათ, თუმცა ეს ყველაფერი არ არის.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დიდი ხანი, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ერთადერთი, „ალროსას“ ტიპის ექსპერიმენტალური დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავის იმედზე იყო, რომელიც ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან და რუს სამხედრო მეზღვაურებს ვერც საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომში დაეხმარა, თუნდაც ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტების ჩაკეტვაში.

მაგრამ, 2014 წლიდან დაწყებული, ანუ ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ, კრემლმა რამდენიმე წელში თავისი შავი ზღვის ფლოტი „ვარშავიანკას“ პროექტის ექვსი ახალი დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავით („ნოვოროსიისკი“, „როსტოვ-ნა-დონუ“, „სტარი ოსკოლ“, „კრასნოდარ“, „ველიკი ნოვგოროდ“ და „კოლპინო“) აღჭურვა, რომელთა მთავარი უპირატესობა იმაშია, რომ წყალქვეშ ცურვის დროს სატორპედო აპარატებიდან ფრთოსანი „კალიბრების“ გაშვებაც შეუძლიათ.

ოღონდ ეს „კალიბრები“ კონსტრუქციულად მცირედით განსხვავდებიან იმ „კალიბრებისგან“, რომელთა სტარტი წყალზედა ხომალდის უნივერსალური ვერტიკალური გასაშვები მოწყობილობიდან ხდება.

3-poto-1651135648.jpg
„კალიბრის“ სტარტი წყალქვეშა ნავიდან

წყალქვეშა ნავის 533 მმ-იანი სატორპედო აპარატიდან წყალქვეშ ჯერ ხდება „კალიბრის“ შემცველი ტორპედოს გაშვება, ამის მერე ტორპედოს ნაწილი სცილდება „კალიბრს“, რომელიც წყლიდან „ამოყვინთვის“ შემდეგ ფრენას აგრძელებს, როგორც ჩვეულებრივი ფრთოსანი რაკეტა.

„ვარშავიანკას“ პროექტის რუსულ დიზელისძრავიან წყალქვეშა ნავებს 533 მმ კალიბრის ექვსი სატორპედო აპარატი აქვთ, ხოლო თავად ტორპედოების მარაგი 18 ერთეულს აღწევს, რომელთა ნაცვლად 24 სიღრმული საზღვაო ნაღმის წაღებაც შეუძლიათ.

ტორპედოების მარაგის შემცირების ხარჯზე შეიძლება ფრთოსანი „კალიბრების“ არსენალის გაზრდა, ითვლება, რომ „ვარშავიანკას“ პროექტის წყალქვეშა ნავი შეიძლება შეიარაღებული იყოს „კალიბრის“ არანაკლებ ოთხი რაკეტით.

წყალქვეშა ნავიდან „კალიბრის“ გაშვება, ტაქტიკური თვალსაზრისით, უფრო მომგებიანია, რადგან სტარტის მომენტი ისე არ დემასკირებს, როგორც წყალზედა ხომალდიდან გაშვების შემთხვევაში, თუმცა წყალქვეშა სტარტის ვარიანტის „კალიბრი“ კონსტრუქციულად უფრო რთულია და ბევრად მეტიც ღირს - 6 მლნ დოლარამდე.

4-poto-1651135725.jpg
„კალიბრი“ ზღვის ტალღების თავზე ფრენისას...

ამ რუსული წყალქვეშა ნავების ეკიპაჟებს შეუძლიათ არ უფრთხოდნენ უკრაინულ ხომალდსაწინააღმდეგო „ნეპტუნებს“, ახლოს მიცურდნენ უკრაინის შავი ზღვის სანაპიროსთან და წყალქვეშა მდგომარეობიდან განახორციელონ „ფრთოსანი „კალიბრების“ სტარტი.

ასე რომ, გამოდის, რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა თავისი შვიდი წყალზედა ხომალდიდან და ექვსი წყალქვეშა ნავიდან ერთდროულ ზალპად არანაკლებ 80 ფრთოსანი „კალიბრის“ სტარტი შეიძლება განახორციელოს...

თავად რუსული ფრთოსანი „კალიბრები“, რომლებმაც ომის განმავლობაში უკრაინელ სამხედროებს არა ერთი ზუსტი მტკივნეული დარტყმა მიაყენეს (ისევე, როგორც არაზუსტი დარტყმების გამო სამოქალაქო ობიექტებზე აფეთქებებისას ათობით, შეიძლება ასობითაც კი, მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე შეიწირეს), რამდენიმე ტიპისაა და ის ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდშია შექმნილი, ამერიკული ფრთოსანი „ტომაჰავკის“ საპირწონედ.

სხვადასხვა დანიშნულების „კალიბრები“ (ხომალდსაწინააღმდეგო, სახმელეთო სამიზნეების საწინააღმდეგო და წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო) ერთმანეთისგან განსხვავდებიან თავიანთი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებით, რომელთა ზუსტი მონაცემები გასაიდუმლოებულია, მიახლოებით კი იმის თქმა შეიძლება, რომ „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტა ორ ტონამდე იწონის, მიფრინავს 300 კმ-ზე შორს (ზოგიერთი მონაცემით - 1,5 ათასს კმ-ზე შორსაც კი), დაახლოებით, 900 კმ/სთ სიჩქარით ზღვის ზედაპირიდან 20 მ-ის, ხოლო მიწის ზედაპირიდან 50-150 მ-ის სიმაღლეზე და დასამიზნებლად იყენებს ინერციულ სისტემასა და რადიოლოკაციური დამიზნების თავაკს, ხოლო სამიზნეზე ზუსტად მოხვედრისთვის კი კორექციას ახდენს ამერიკული „ჯი-პი-ესის“ (რაც უკრაინასთან ომის პერიოდში ეტყობა გამორიცხულია) ან რუსული „გლონასის“ ნავიგაციის თანამგზავრული სისტემის საშუალებით. რაკეტის საბრძოლო ქობინის მასა შეიძლება 400 კგ-ს აღემატებოდეს.

რუსული „კალიბრის“ აღმოჩენა და ჩამოგდება რთულია, მაგრამ არა - შეუძლებელი, რაც უკვე რამდენჯერმე დაამტკიცეს უკრაინელმა მეზენიტეებმა, მათ შორის, თანამედროვე ბრიტანული გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გამოყენებით...