"შვილის საფლავიდან მოდიოდნენ, როცა მანქანა დაეჯახათ... ორივე ადგილზე დაიღუპა" - კვირის პალიტრა

"შვილის საფლავიდან მოდიოდნენ, როცა მანქანა დაეჯახათ... ორივე ადგილზე დაიღუპა"

აღდგომას, 24 აპრილს, კახეთში, სოფელ ტიბაანში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 8 წლის მოზარდის მდგომარეობა ისევ მძიმეა, ბავშვი თბილისში, კლინიკაში რჩება და ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად. ამ დრომდე კლინიკაშია მოტეხილობებით ბავშვის დედა. უმძიმესია ასევე 83 წლის მოხუცის მდგომარეობა, რომელიც, ასევე, მანქანაში იჯდა და ის წნორის საავადმყოფოდან თბილისში გადმოიყვანეს.

უმძიმესი ავტოავარია აღდგომას, სოფელ ტიბაანში მოხდა. იმ დღეს ცოლ- ქმარი, 69 წლის შალვა მოლაშვილი და მისი მეუღლე, 64 წლის ციური მოლაშვილი ორი წლის წინ გარდაცვლილი ქალიშვილის საფლავიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როცა ავტოავარია მოხდა.

"კვირის პალიტრა" მეტი დეტალის გარკვევას შეეცადა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, "ტოიოტა პრიუსის" საჭესთან მყოფი 35 წლამდე ახალგაზრდა დიდი სისწრაფით მიდიოდა და "07" მარკის ავტომობილს ისე ძლიერად შეეჯახა, რომ ცოლ-ქმარი ადგილზე დაიღუპა... მათთან ერთად მანქანაში მყოფი ოჯახის სხვა წევრები სხვადასხვა დაზიანებით კლინიკებში გადაიყვანეს.

"მათ შვილი ჰყავთ გარდაცვლილი. განადგურებული, შვილმკვდარი მშობლები იყვნენ. შვილის საფლავზე ყოფილან, იქიდან ბრუნდებოდნენ. მანქანაში უკან შვილიშვილი, მეორე შვილი და ბებია, ციურის დედა ისხდნენ, ამ დროს მოხდა ავარია. სავარაუდოდ, იმ ავტომობილის მძღოლი ნასვამი იყო. ისეთი სისწრაფით შეეჯახა, მანქანიდან მათი ამოყვანაც გაჭირდა. სასწრაფო ძალიან მალე მოვიდა, ცოლ-ქმარს ადგილზევე ჩაუტარეს გადაუდებელი დახმარება, მაგრამ ორივე ადგილზე იყო გარდაცვლილი. მათი 8 წლის შვილიშვილი ახლა თბილისშია გადაყვანილი. ყველა ვლოცულობთ, რომ ბავშვი გადარჩეს. კიდევ ერთი დაშავებული ციურის ასაკოვანი დედაა, ისიც საავადმყოფოშია", - ამბობს ადგილობრივი.

კიდევ ერთი ადგილობრივი მამაკაცი, რომელიც ავტოავარიის ხმაზე ქუჩაში გავიდა, ამბობს, რომ მანქანიდან დაშავებულების ამოყვანაში მონაწილეობდა.

"ეს ოჯახი, ძირითადად, წნორში ცხოვრობდა, თუმცა ჩვენს სოფელში, ტიბაანშიც აქვთ ბინა და იქ მათი გარდაცვლილი ქალიშვილი ცხოვრობდა. თავად ციური ტიბაანელია და მისი მშობლების სახლიც მათი ბინის გვერდზეა. როგორც ჩანს, შვილის საფლავზე იყვნენ ყველანი ერთად და ციურის დედა, 83 წლის ქალბატონი მოჰყავდათ საფლავიდან უკან, სახლში. მათი შვილის საფლავიც წნორშია და იქიდან ბრუნდებოდნენ. ცოლ-ქმარი, შალვა და ციური მანქანაში, წინ ისხდნენ, უკან იჯდა მათი შვილი, 8 წლის შვილიშვილი და ციურის დედა. ავარია რომ მოხდა იქ გავედი ხმაურზე და ძალიან მძიმე სიტუაცია დამხვდა. ერთმანეთს იყო შეჯახებული "პრიუსი" და "07", დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ორივე მანქანა ერთმანეთს იყო ჩაჭიდებული.

ცოლ- ქმარი ადგილზევე იყვნენ გარდაცვლილები.

შალვას რომ დავხედე, თითქოს სიცოცხლის ნიშანწყალი ეტყობოდა, ციურის მკვდრის ფერი ედო და ეტყობოდა, რომ არ იყო ცოცხალი. ბავშვი უგონოდ ეგდო ძირს, ამბობენ სახის ძვლები აქვს მოტეხილიო, მძიმედ იყო, სასწრაფომ წაიყვანა, ამბობენ, გადარჩებაო. როგორც ვიცი, ამ ბავშვის დედას ლავიწის ძვალი ჰქონდა გატეხილი, მისი ბებო კი სულ დამტვრეული იყო. 83 წლის არის შალვას სიდედრი და მე ავწიე ხელით, მანქანიდან რომ გადმოვიყვანეთ.

გვინდოდა, დრო არ დაგვეკარგა სასწრაფოს მოსვლამდე და გადავწყვიტეთ, ჩვენ ჩაგვეყვანა მანქანით წნორის საავადმყოფოში, მოხუცი რომ ავწიე, ხელში ვიგრძენი, რომ ძვლები დამტვრეული ჰქონდა. გუშინ სოფელში ითქვა, რომ დამძიმდა და გადაიყვანეს თბილისში, მანამდე წნორის კლინიკაში იყო", - ამბობს ადგილობრივი.

ჩვენი ინფორმაციით, მეორე მანქანის მძღოლიც ადგილობრივია. ეს ფაქტი ტიბაანში დაგვიდასტურეს.

"მეორე მანქანის მძღოლიც ადგილობრივია, 35 წლის ბიჭია. მართალია, მე ხმაურზე მალევე გავედი ქუჩაში და მონაწილეობა მივიღე დაშავებულების მანქანიდან გადმოყვანაში, მაგრამ როცა მივედი, ის ბიჭი მე ადგილზე არ დამხვედრია. წაიყვანეს თუ თვითონ წავიდა იქიდან, არ ვიცი. ის იყო "პრიუსით" და შალვა თავისი "07" მარკის ავტომობილით. როგორც ვიცი, ეს ბიჭი გურჯაანის საავამდყოფოშია ნევროლოგის დაკვირვების ქვეშ.

ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და ბრალეულობა ალბათ გაირკვევა. კარგად ვიცნობდი გარდაცვლილ ცოლ-ქმარს, ახალგაზრდა შვილი გარდაეცვალათ, 35 წლამდე ასაკის გოგო. საოცრად კარგი ხალხი იყვნენ. ნორმალური, მშრომელი ოჯახი ჰქონდათ. თავად შალვა ხელოსანი კაცი იყო.

ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა და ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას. ცხედრები წნორში გადასვენეს, რადგან, ძირითადად, სახლამდე 200- 300 მეტრი ჰქონდათ დარჩენილი, როცა ეს ავარია მოხდა. მიზეზზე მე ვერ ვილაპარაკებ. ალბათ, გამოძიება დაადგენს მიზეზს", - ამბობს ადგილობრივი.

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

"კვირის პალიტრა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ უმძიმეს ფაქტზე და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახსა და ახლობლებს...

(სპეციალურად საიტისთვის)