"ომი არ მინდა" ლოზუნგით შენ კაპიტულაციის ხელმოწერისთვის ამზადო საზოგადოება, არა მგონია, სწორი პოლიტიკა იყოს" - კვირის პალიტრა

"ომი არ მინდა" ლოზუნგით შენ კაპიტულაციის ხელმოწერისთვის ამზადო საზოგადოება, არა მგონია, სწორი პოლიტიკა იყოს"

3 დღის წინ "იუთუბზე" აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი რუს მილიარდერ ვლადიმერ ევტუშენკოვს ესაუბრება. აუდიოჩანაწერის მიხედვით, სატელეფონო საუბარი 10 და 13 მარტს შედგა. პირველ ჩანაწერში საუბრის თემა ხორბალს ეხება. ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა, რომელსაც დავითი ჩამოიტანს. ამავე დროს, ევტუშენკოვი მის იმდროინდელ მოადგილესთან, ალი უზდანოვთან შეხვედრის შესახებაც საუბრობს.

მეორე ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს მის წარმომადგენელთან შეხვედრას. ივანიშვილი კი ამბობს, რომ ის უკვე ხვდება პრემიერ-მინისტრს, რომელიც „ახალგაზრდაა და ყველაფერს მიხედავს", თავად კი ქალაქგარეთ არის და ამბობს, რომ ცოტა მოუხერხებელია მასთან შეხვედრა, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ივანიშვილი ევტუშენკოვს დათანხმდა მის წარმომადგენელთან შეხვედრაზე.

ამ ჩანაწერს დიდი ხმაური მოჰყვა და კომენტარის გაკეთება ხელისუფლების წარმომადგენლებს და თავად პრემიერსაც მოუხდათ. ჩანაწერს უკრაინიდან დავით არახამიაც გამოეხმაურა და მან ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა ამერიკასა და დასავლეთს.

პოლიტიკური შეფასებების გაკეთება "კვირის პალიტრამ" ექსპერტ გია ხუხაშვილს ვთხოვეთ:

- როგორც ყოველთვის, ჭეშმარიტება კადრს მიღმა რჩება, ერთი მხარე ახდენს მაქსიმალურად დრამატიზებას და მეორე მხარე ამბობს, არაფერი მომხდარაო. სინამდვილეში არის პრობლემა. ასეთ დროს კითხვები უნდა ისმოდეს, როდესაც სანქცირებული სუბიექტია და არც თუ უბრალო მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელია, რომელიც განსაკუთრებულ კონტროლზეა დღეს გლობალური გაგებით აყვანილი. აბსოლუტურად ლეგიტიმურია ეს კითხვები, მით უმეტეს, როდესაც ასეთი კომუნიკაცია ხელისუფლებასთან ხდება და ამ გლობალურ ომში, მოგეხსენებათ, სანქციები არის მთავარი იარაღი. ეს დასავლეთისთვისაც ძალიან სენსიტიური თემაა და ამ კითხვებზე უნდა მივიღოთ პასუხი ხელისუფლების მხრიდან, უნდა გვითხრან, რასთან გვაქვს საქმე, რაზეა საუბარი.

რაც შეეხება წმინდა პოლიტიკურ ჭრილს, არის მორალური ნაწილიც, როცა ყველამ თავისი დასკვნა, შეფასება უნდა გააკეთოს. საკითხი თავისთავად საყურადღებოა, თუმცა ჩვენ წინასწარ რომ ვისაუბროთ, კრიმინალთან გვაქვს საქმე, ესეც არ შეიძლება, რადგან არ ვიცით, რეალურად რაზე იყო საუბარი, რა როგორ იყო და ა.შ. სხვა საკითხია, ჩვენს პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ტყუილი არის პოლიტიკის ნაწილი, ეს განცდა არის და დადასტურებულიც იქნება, რომ შეხვედრა შედგა პრემიერ-მინისტრსა და ვლადიმერ ევტუშენკოვის წარმომადგენელს შორის, პრემიერ-მინისტრი კი ამას უარყოფს. როდესაც ჩნდება ეჭვი, რომ პრემიერ-მინისტრი ტყუილს ამბობს, ეს თავისთავად პრობლემაა, ან რაში სჭირდება ასეთი ტიპის ტყუილი მას, გაუგებარია.

- გუშინ გაკეთებული პრემიერის განცხადებები ურთიერთგამომრიცხავიც იყო...

- ეს უკვე მისი ინტელექტის პრობლემაა. მაგას რომ ინტელექტუალური პრობლემა აქვს, ეს ყველამ იცის და ცალკე უბედურებაა.

- უკრაინელების მხრიდან მწვავე კრიტიკა ისმის, ამას რა შეფასებას მისცემთ?

- არის ოფიციალური განცხადებები და პირადი მოსაზრებებიც და ესეც უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. არესტოვიჩი, მაგალითად, ხშირად პირად მოსაზრებებს გამოთქვამს, შეიძლება მოგეწონოს ან არ მოგეწონოს, მაგრამ ეს არ არის უკრაინის პოზიცია. მაგრამ ის, რომ მათ აქვთ კითხვები საქართველოს ხელისუფლებასთან, ეს კითხვებიც ლეგიტიმურია. მეც გამიჩნდებოდა მათ ადგილზე ასეთი კითხვები. ქვეყანა არის ომში, ჩვენ დღეს, პრაქტიკულად, სინქრონიზებული უნდა ვიყოთ უკრაინასთან და დასავლეთთან, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ომის შიში აქცია ქვაკუთხედად და არ უერთდება იმ პოლიტიკას, რასაც დასავლეთი აწარმოებს რუსეთთან. ამას ამართლებს იმით, რომ, თურმე, ჩვენ რაღაც ნაბიჯი რომ გადავდგათ, მაშინ აუცილებლად დაიწყება ომი.

თუმცა რატომ დაიწყება ომი, ეს გაუგებარია. რამდენიმე ათეულმა ქვეყანამ დაუწესა რუსეთს სანქციები, მაგრამ ომი არსად დაწყებულა. დღევანდელი ხელისუფლება საზოგადოებაში ამკვიდრებს რუსეთის მიმართ შიშს და ეს აქვს მთავარ პროპაგანდისტულ გზავნილად აღებული, რაც ჩემი აზრით, აზიანებს სახელმწიფო ინტერესს. შესაბამისად, უკრაინის ხელისუფლებას ამაზე აქვს მტკივნეული რეაქცია და ესეც გასაგებია.

რაც შეეხება კონკრეტიკას, სანქციების გვერდის ავლის თემას, ასეთი რომ გაჩნდეს არსებულ სიტუაციაში, ეს არ არის გასაკვირი, შესაძლებელია, გარკვეული ინფორმაციაც ჰქონდათ მათ. ის, რომ რამდენიმე ათასი რუსია საქართველოში ჩამოსული და მათი უმრავლესობა არ ჰგავს ტურისტს, შეიძლება ამანაც გააჩინოს ეჭვები. რა თქმა უნდა, შეიძლება და იმ საკითხმაც, რომ რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტები მკვეთრად გაიზარდა საქართველოში, ესეც შეიძლება გახდეს ეჭვის საფუძველი.

ეს ყველაფერი ხდება და ნაცვლად იმისა, რომ კითხვები არის და ამას უპასუხო, აქედან ულტიმატუმებით ელაპარაკო და შეურაცხყოფილი, წესიერი ადამიანის პოზა მიიღო, არ შეიძლება. შენ უნდა გქონდეს მუდმივი კომუნიკაცია შენს მეგობარ ქვეყანასთან და უნდა გაუქარწყლო, თუ ეჭვები აქვს და უნდა უთხრა და აუხსნა, ეს თუ ასე არ არის. მაგრამ როდესაც შენ მორღვეული გაქვს საზღვარი, ესეც ხომ ჩვენი უსაფრთხოების თემაა და არა - უკრაინის. იმ პირობებში, როდესაც რუსეთს დაწესებული აქვს უმკაცრესი სავიზო რეჟიმი, საქართველოდან ბუზი ვერ შეფრინდება რუსეთში და, ამის პარალელურად, შენ მორღვეული გაქვს ამ ომიანობის დროს მათი მოქალაქეებისთვის საზღვრები, ესეც კითხვის ნიშნებს ბადებს. ასე რომ, რატომ გვიკვირს მათი განცხადებები, გაუგებარია. კი, შეიძლება ზოგიერთი უკრაინელი ჩინოვნიკი ზედმეტს იღებს თავის თავზე, ესეც გასაგებია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ საპრეტენზიო ჩვენს მიმართ არ აქვთ ამ მძიმე ვითარებაში.

ჩვენ გარდა პოლიტიკურისა, მორალური ვალი გვაქვს ამ ქვეყნის, იმიტომ, რომ მათგან ჩვენ უპირობო და ღია მხარდაჭერას სულ ვგრძნობდით. იმათაც იგივე უნდათ და ბრაზობენ, ჩვენ იმავეთი რომ არ ვპასუხობთ. ჰუმანიტარული მიმართულებით ცოტას მაინც რომ ვაკეთებთ, ეს კარგია.

- უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამიაც გამოეხმაურა ამ ჩანაწერებს და ევროკავშირისა და აშშ-ის ხელმძღვანელობას მოუწოდა, განიხილონ ივანიშვილის აქტივებზე დასავლეთში პერსონალური სანქციების დაწესების საკითხი. ამაზე რას იტყვით?

- ეს მის კომპეტენციას სცილდება, მაგრამ განცხადების გაკეთებას ვერ აუკრძალავ, ის აკეთებს ამ განცხადებებს, აქვს ეჭვები, რომ ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობს სანქციების გვერდის ავლის ოპერაციებში. ეს განცხადება ხომ მან გააკეთა ამ ცნობილი ჩანაწერების შემდეგ. აქვს ეს ეჭვები, მეც არ მსიამოვნებს, არახამია რომ ამაზე საუბრობს, იმიტომ რომ საქართველოში უნდა გადაწყდეს და დალაგდეს ამ ტიპის მძიმე თემები. მაგრამ დღეს უკრაინა არის ომში და მათთვის ძალიან მტკივნეულია ყველა თემა, რაც უკავშირდება რუსეთს. მათი რეაქცია ხშირ შემთხვევაში ემოციურიც იყო. ჩვენ რამდენიმე განცხადება მოვისმინეთ უმკაცრესი კრიტიკით, თუნდაც გერმანიის მიმართ, ევროპის ნებისმიერი ქვეყნის მიმართ, გაეროს მიმართ უფრო მწვავე განცხადებებიც იყო, მაგრამ ვხედავთ, ფეხზე დგებიან და ტაშს უკრავენ, ითვალისწინებენ მათ მდგომარეობას. ჩვენი ხელისუფლება კი გადმომდგარია და მათ ლანძღვა-გინებაშია. მათ "ნაცებს" ეძახიან და ამ რიტორიკით პასუხობენ, ეს ღირსეული საქციელია? არა, ეს უღირსი საქციელია.

- პრემიერმა ღარიბაშვილმა ისიც თქვა, ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა უნდათო, ამ საშიშროებას ხედავთ?

- ეს არის პროპაგანდისტული ხაზი. გიჟი უნდა იყოს ქართველი, ომში ჩართვა რომ უნდოდეს. შიში არ უნდა აქციო პოლიტიკის მთავარ იარაღად. შენ ღირსება და პრინციპულობა უნდა შეინარჩუნო. "ომი არ მინდა" ლოზუნგით შენ კაპიტულაციის ხელმოწერისთვის ამზადო საზოგადოება, არა მგონია, ეს სწორი პოლიტიკა იყოს.

- ასეთი ფარული ჩანაწერების გამოტანა ხომ არ იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის იმიჯზე?

- ჩვენი საერთაშორისო იმიჯი ისედაც სავალალო მდგომარეობაშია და ერთით მეტი იქნება ეს თუ ერთით ნაკლები, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ეს არაფერს ნიშნავს. დასავლეთს ჩვენთვის არ სცალია ახლა, თორემ საპრეტენზიო ბევრი აქვთ ჩვენს ხელისუფლებასთან, უბრალოდ, მკაცრად არ აკრიტიკებენ ჩვენს ხელისუფლებას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ უნდათ, კიდევ უფრო მეტად უბიძგონ არასასურველი მიმართულებით. ამ მოცემულობაში ვართ, თორემ იმიჯი სად გვაქვს!

- ხომ არ გაქვთ მოლოდინი რომ ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურება ამ ჩანაწერების სკანდალს?

- მას არ აქვს ეს ვალდებულება. მან შექმნა, სამწუხაროდ, ეს მანკიერი სისტემა, როდესაც აკონტროლებს ხელისუფლებას და არაფერზე პასუხისმგებელი არ არის. ფორმალური ვალდებულება მას ასეთ თემებზე კომენტარები გააკეთოს, არ აქვს. მერე რა, რომ დაურეკეს?! მან შექმნა სისტემა, აქვს ყველაფრის უფლება, მაგრამ პასუხისმგებლობა არ აქვს არაფრის.

- ავთენტურობის საკითხიც აღარ დადგება დღის წესრიგში?

- ავთენტურობის საკითხის განხილვა არასერიოზულია, რადგან თვითონაც არ უარყოფენ ამას. აქ ავთენტურობა არ არის მნიშვნელოვანი, შინაარსია მთავარი, რაზე საუბრობდნენ და ის შეიცავდა თუ არა სანქციების გვერდის ავლის ნიშნებს, - ეს არის დასადგენი, თორემ ავთენტურობაზე ვინღა ფიქრობს.

(სპეციალურად საიტისთვის)