ბეგბედერი საქართველოში ბრუნდება! - შენ რა კითხვას დაუსვამ შეხვედრაზე? - კვირის პალიტრა

ბეგბედერი საქართველოში ბრუნდება! - შენ რა კითხვას დაუსვამ შეხვედრაზე?

3 მაისს ცნობილი ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოში ბრუნდება.

4 მაისს 19:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მკითხველთან შეხვედრას გამართავს.

ის საქართველოს მეუღლესთან ერთად 4-დღიანი ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა მკითხველებთან, მწერლებთან, ტური კახეთში, სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში მონაწილეობა და ძალიან ბევრი ავტოგრაფის გაცემა. ის ქართველ მკითხველს ახალ წიგნს „დამბა ატლანტიკის პირისპირ“ წარუდგენს.

ბეგბედერი პირველად საქართველოში 2016 წელს იყო. მწერალი საქართველოდან დადებითი ემოციებით წავიდა. მასზე შთაბეჭდილება მოახდინა როგორც მკითხველების დიდმა სიყვარულმა, ისე თვითონ ქვეყანამ, მისმა ბუნებამ, სამზარეულომ.

„...რა ლამაზი ქვეყანაა და რა საყვარელი ხალხია. ყოველ თვე დავბრუნდები! გაუმარჯოს საქართველოს და პუტინის დედაც!“ – ასე თქვა საქართველოზე შეყვარებულმა ფრანგმა მწერალმა წლების წინ და, მართლაც, ყოველ თვე ვერა, თუმცა 6 წლის შემდეგ ის საქართველოში ნამდვილად ბრუნდება.

პირველი ვიზიტის დროს ბეგბედერმა მკითხველთან შეხვედრა გამართა „ბიბლუსი გალერეაში“, სადაც ასობით ადამიანი მასთან ფოტო გადასაღებად და ავტოგრაფის გამოსართმევად შეიკრიბა. „ახლა მივხვდი, რას გრძნობს ჯასტინ ბიბერი,“ - სწორედ ასე თქვა მწერალმა შეხვედრაზე. მანამდე კი სანამ მანქანიდან გადმოვიდოდა, მკითხველების რიგი რომ დაინახა, თქვა, ასეთ რაღაცას არ ველოდი, შოკში ვარ, წავალ აფთიაქში, დამამშვიდებელს დავლევ და მოვალო. მართლაც წავიდა აფთიაქში, იყიდა წამალი და დაბრუნდა.

ბეგბედერი ის მწერალია, რომელიც ვერ იტანს გაწერილ გეგმებს და შეხვედრებს. ამიტომ, როდესაც მან დამსწრე საზოგადოებისგან წამოსული სიყვარული იგრძნო, გადაწყვიტა, შეხვედრა არა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაეგრძელებინა, არამედ პირდაპირ ხალხში ჩასულიყო. გადახტა სცენიდან და აუდიტორიას შეერია. ხალხმა ჯებირები მოარღვია, რიგი დაირღვა, რომლის გათვალისწინებითაც უნდა შემოსულიყვნენ, ავტოგრაფი მიეღოთ და გასულიყვნენ. მწერალს სურდა, რომ მკითხველთან ახლოს ყოფილიყო და მთელი პროცესი თავისი სურვილით წარმართა. ჩავიდა გულშემატკივრებთან, დაიწყო ავტოგრაფების დარიგება. თვითონ აკონტროლებდა სიტუაციას. დაიღლებოდა, ამოვიდოდა სცენაზე, შეისვენებდა და ისევ ჩადიოდა.

ბეგბედერი განსაკუთრებით მოიხიბლა ქართული სუფრით და სიამოვნებით დააგემოვნა წითელი ღვინოც. ვიზიტის დროს ის სოციალურ ქსელში აქვეყნებდა ფოტოებს წარწერით I Love Tbilisi.

რამდენიმე წლის შემდეგ კი მწერალი საქართველოში ბრუნდება. ის 3 მაისს 20:00 საათზე ჩამოფრინდება. 4 მაისს 19:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მკითხველთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია და მისვლა ყველა მსურველს შეეძლება. საღამო ამჯერადაც კითხვა-პასუხის რეჟიმშია დაგეგმილი, თუმცა არავინ იცის, ამჯერად რა სიურპრიზებს შესთავაზებს მწერალი მისულ სტუმრებს.

ბეგბედერი მკითხველს ახალ წიგნს „დამბა ატლანტიკის პირისპირ“ წარუდგენს. მისი შეძენა ადგილზევე იქნება შესაძლებელი.

ასე რომ, 4 მაისს 19:00 საათზე ფრედერიკ ბეგბედერი ეროვნულ ბიბლიოთეკაში გელოდებათ. მოიფიქრეთ, რა კითხვას დაუსვამთ მას. ასევე, არ დაგავიწყდეთ მოიმარაგოთ მისი წიგნები და ავტოგრაფი გამოართვათ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ავტოგრაფიანი წიგნი ჩვეულებრივ წიგნზე უფრო კარგი საჩუქარია. მოკლედ, მოემზადეთ 4 მაისს საყვარელ მწერალთან შესახვედრად და დაგეგმილი თუ დაუგეგმავი სასიამოვნო მომენტებისთვის.