"თუ გსურთ საქართველოში პოლარიზაციის დაწევა, მაშინ არ შეიძლება ყოფილი პრეზიდენტი გვყავდეს ციხეში" - კვირის პალიტრა

"თუ გსურთ საქართველოში პოლარიზაციის დაწევა, მაშინ არ შეიძლება ყოფილი პრეზიდენტი გვყავდეს ციხეში"

რუსეთის მთავრობის სტრატეგია საქართველოს მიმართ არის ქვეყნის დესტაბილიზაცია და დისფუნქციური პოლიტიკური კლიმატის შექმნა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს სრულად ფუნქციონალური დემოკრატიის მიღწევის გზაზე დაბრკოლებები შეექნას. ეს წლებია, გრძელდება, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მადლობა ჩვენს კოლეგებს ანგარიშის მომზადებისთვის, რომელიც წარმოადგენს სრულ მიმოხილვას იმ მნიშვნელოვანი საკითხებისა, რაც საქართველოში არსებობს. რასაც ჩვენ ვაცნობიერებთ და ჩვენმა კოლეგებმა იციან არის ის, რომ ქართველები იზიარებენ იმ ღირებულებებსა და მისწრაფებებს, რომელსაც ყველა ჩვენგანი წარმოადგენს ამ ღირსეულ ორგანიზაციაში.

საქართველოს საზოგადოებაში ევროატლანტიკური ამბიციები მკაფიოა, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე არიან ყოველდღე. რუსეთის მთავრობის სტრატეგია საქართველოს მიმართ არის ქვეყნის დესტაბილიზაცია და დისფუნქციური პოლიტიკური კლიმატის შექმნა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს სრულად ფუნქციონალური დემოკრატიის მიღწევის გზაზე დაბრკოლებები შეექნას. ეს წლებია, გრძელდება,“ - აღნიშნა ქართველმა პარლამენტარმა.

მან ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ არსებული პოლარიზაციის შემცირება შეუძლებელია იმ პირობებში, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია.

„ფაქტობრივად, როდესაც ვსაუბრობ პოლარიზაციაზე, სრულად ვეთანხმები კოლეგებს, რომ ქვეყანაში უკიდურესი პოლარიზაციაა, თუმცა ამავე დროს ხაზი უნდა გავუსვა რამდენიმე საკითხს. თუ გსურთ პოლარიზაციის დაწევა, მაშინ ჩვენ არ შეიძლება ყოფილი პრეზიდენტი გვყავდეს ციხეში. არ შეიძლება საქართველოში პოლიტიკური პატიმრობა გვქონდეს და გვქონდეს ოლიგარქიული სისტემა, რომელიც ჩრდილს აყენებს საქართველოს. მიხეილ სააკაშვილი 2008 წელს აფრთხილებდა მსოფლიოს, რომ უკრაინა და ევროპა სერიოზული საფრთხის წინაშე იდგა - ახლა ციხეშია. ჩემო კოლეგებო, მოგიწოდებთ და გთხოვთ, ჩაერთოთ, როგორც ევროპის საბჭოს წარმომადგენლები, პრობლემის ჰუმანიტარული გადაწყვეტისთვის, მის გადასაყვანად, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად უარესდება. ჩვენ შეგვიძლია სიტუაციის დეპოლარიზაცია, როდესაც არ გვეყოლება პოლიტიკური პატიმრები“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, საქართველო არამარტო გარე საფრთხეების წინაშე დგას, არამედ, დეკანოიძის თქმით, ქვეყანაში შიდა საფრთხეებიც არსებობს.

„როდესაც ვსაუბრობთ გამოწვევებზე, საქართველო დგას არა მხოლოდ გარედან მომავალი საფრთხეების წინაშე, არამედ შიდა საფრთხეების წინაშეც. დიახ, სამართალი, რომელიც ძალიან პოლიტიზებულია, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტები და მმართველი პარტია, რომლებიც შერწყმულია ერთმანეთთან. მე, როგორც კანდიდატმა, რომელიც ადგილობრივ არჩევნებში ვმონაწილეობდი, თავად ვნახე ეს.

ეს თვე ისტორიული იყო საქართველოსთვის, ჩვენ განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირის წევრობაზე. ეს გავაკეთეთ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ნამდვილად ვოცნებობ, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, მაგრამ ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ თქვენი მხარდაჭერა და დახმარება, რომ გავთავისუფლდეთ ოლიგარქიისგან, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა ევროპულ ქვეყანაში, არის ნომერ პირველი პრობლემა და გამოწვევა საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის,“- აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

მან დარბაზში მსხდომ უკრაინელებსაც მიმართა და ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის პოზიციის მიუხედავად, ქართველი ხალხი უკრაინელების გვერდით დგას.

„ბოლოს, ვიცი, რომ დარბაზში არიან უკრაინელი კოლეგები. მინდა, ვუთხრა მათ, რომ უკრაინისადმი ჩვენი მთავრობის პოზიციის მიუხედავად, ქართველი ხალხი უკრაინელების ტკივილს საკუთარ ტკივილად თვლის. საქართველოს პარლამენტმა არ მისცა პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვით გამოსვლის საშუალება, მაგრამ მინდა გავუსვა ხაზი, რომ ქართველი ხალხი თქვენს გვერდით დგას და თქვენი ტკივილი ჩვენი ტკივილია, თქვენი ევროპული მომავალი - ჩვენი ევროპული მომავალია“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ინტერპრესნიუსი