"მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ ყურადღება არ მოადუნოს საქართველოს მიმართ" - კვირის პალიტრა

"მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ ყურადღება არ მოადუნოს საქართველოს მიმართ"

ეს არის ისტორიული მომენტი - აშშ-ის პრეზიდენტმა მიმართა კონგრესს, რომ უკრაინის დასახმარებლად 33 მილიარდი დოლარი გამოიყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა, ვისაც ის კონგრესში შეხვდა, „არის ძალიან გამხნევებული და ამბობს, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს, რადგან აშშ-მაც გადადგა ეს გადამწყვეტი ნაბიჯი“.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს მიმართ მხარდამჭერ აქტზე, რომელიც სენატში უნდა დამტკიცდეს.

„ეს ჩვენს პარტნიორობას კიდევ უფრო აძლიერებს, ამხნევებს და აღრმავებს. ვთვლი, რომ ამ მომენტში ჩემი გზავნილი კონგრესმენებთან იყო ძალიან მნიშვნელოვანი - იმ დროს, როდესაც მთლიანად აშშ დგას უკრაინის გვერდით და ჩვენც ვართ სრულიად სოლიდარული უკრაინასთან. დღეს ველაპარაკე მაია სანდუს და ვიცი რამდენად მძიმედ დგას სიტუაცია მოლდოვაში. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ თავისი ყურადღება არ შეანელოს საქართველოს მიმართ. ვიცით, რომ უკრაინა პრიორიტეტულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო და მოლდოვაც არ უნდა იყვნენ ძალიან სერიოზული ყურადღების ქვეშ.

ყველაფერზე იყო საუბარი, სხვადახვა სცენარებზე, მაგრამ მე არ გამოვიყენებდი სიტყვას, მოსალოდნელ საფრთხეს. არსებობს სცენარები და ამიტომ არის საჭირო, ჩვენ ვიყოთ ყურადღების ქვეშ და არა იმიტომ, რომ რაღაც პანიკა დაითესოს ამ საფრთხეების მიმართ. დღეს რუსეთი მთლიანად არის ჩართული აგრესიაში უკრაინის მიმართ, ამავე დროს, რაღაც ნერვების ომი აქვს დაწყებული თუნდაც მოლდოვასთან და თუნდაც საქართველოსთან, „სამხრეთ ოსეთის“ ქმედებების შედეგად. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების სრული ყურადღება და მხარდაჭერა, ჩვენ არ უნდა დავიწყოთ,რაღაც პანიკის დათესვა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.