"როგორი ვარიანტები დარჩა კიდევ ვლადიმერ პუტინს" - რას წერს BBC - კვირის პალიტრა

"როგორი ვარიანტები დარჩა კიდევ ვლადიმერ პუტინს" - რას წერს BBC

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სის“ რუსულმა სამსახურმა (BBC russian) თავისი ვებ-გვერდის რუბრიკაში, რომელშიც უკრაინის მოვლენები ონლაინ-რეჟიმში შუქდება, გამოაქვეყნა კორესპონდენტ ფრენკ გარდნერის სტატია სათაურით - „როგორი ვარიანტები დარჩა კიდევ ვლადიმერ პუტინს - კიევში საელჩოების დაბომბვიდან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებამდე“. სტატიაში გაანალიზებულია რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობა და მოცემულია სიტუაციის განვითარების ერთგვარი პროგნოზი:

„პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშკარად შეშფოთებულია იმით, რომ იმედები გაუცრუვდა - ნატომ უკრაინისათვის სასიკვდილო იარაღის მიწოდება დაიწყო. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის არმია არაეფექტიანად მოქმედებს, ეს ფაქტიც დამატებით ხელს უშლის მისი გეგმების რეალიზებას - უკრაინის მოსკოვის კონტროლქვეშ დაბრუნების თაობაზე.

რაც დრო გადის, ვლადიმერ პუტინის გაფრთხილებები დასავლეთის მიმართ სულ უფრო მკვეთრი და მკაცრი ხდება, მაგრამ, თავის მხრივ, უკან არც ნატო არ იხევს, რომელიც პირიქით - კიდევ უფრო აძლიერებს უკრაინისადმი გრძელვადიან სამხედრო მხარდაჭერას.

ასე რომ, მოდი, განვსაზღვროთ: კიდევ რა ვარიანტები დარჩა ვლადიმერ პუტინს სამომავლო მოქმედებისთვის? ვფიქრობთ, რომ სიტუაციის სერიოზულობის მომატებასთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტის ნაბიჯები ამგვარი იქნება:

· სარაკეტო დარტყმების გაძლიერება იმ იარაღის გასანადგურებლად, რომლებსაც უკრაინა დასავლეთისაგან იღებს;

· სარაკეტო დარტყმები უკრაინის სამეთაურო და სამთავრობო ცენტრებზე კიევში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იქ დასავლეთის ოფიციალური წარმომადგენლები არიან;

· სარაკეტო დარტყმები დასავლეთის ქვეყნების საელჩოებზე კიევში და მათ საკონსულოებზე ლვოვში (რაც ომის სწრაფ ესკალაციას გამოიწვევს);

· თავდასხმა დასავლეთის (ნატოს) იმ ავიაბაზებზე და საწყობებზე, საიდანაც უკრაინას იარაღი მიეწოდება (ეს ნაბიჯიც ომის ესკალაციის გამომწვევი იქნება);

· ქიმიური იარაღის გამოყენება უკრაინის სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში და ამის დაბრალება უკრაინელებისათვის;

· მასშტაბური კიბერშეტევა დასავლეთის იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც აქტიურად ეხმარებიან უკრაინას;

· უკრაინის საჰაერო სივრცეში ტაქტიკური ბირთვული ქობინის გაშვება და აფეთქება. ამ დროს შეიძლება ფეხბურთის მოედნის ფართობის მქონე რაღაც ობიექტი განადგურდეს, მაგრამ მისი სტრატეგიული ეფექტი უდიდესი იქნება იმდენად, რამდენადაც ამით დაირღვევა 77-წლიანი გლობალური ბირთვული ემბარგო. გარდა ამისა, აფეთქება გამოიწვევს სოკოსებურ ღრუბელს და რადიაციულ ნალექებს;

და რა შეგვიძლია ვთქვათ იმაზე, რაზედაც ლაპარაკი ყველას ეშინია - ბირთვული დარტყმების სრულმასშტაბიან განხორციელებაზე ორივე მხარის - რუსეთისა და ნატოს მიერ?

თავდაცვისა და დაზვერვის ბრიტანელი ექსპერტების შეფასებით, ვლადიმერ პუტინის ამჟამინდელი შენიღბული ბირთვული მუქარები მხოლოდ რიტორიკას წარმოადგენს, რომლის მიზანი ნატოს დაშინებაა, რათა ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინისადმი დახმარება შეწყვიტოს. ამასთან, ექსპერტები თვლიან, რომ თუ დონბასის ბრძოლები ისე არ განვითარდება, როგორც ვლადიმერ პუტინს აქვს დაგეგმილი, მაშინ კრემლს, ამა თუ იმ ფორმით, ომის ესკალაციის ცდუნება გაუჩნდება. რუსეთის პრეზიდენტი თავს იმის ნებას არ მისცემს, რომ ჩიხში შესული სიტუაცია გააჭიანუროს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ