"ერთი კილო პამიდვრისთვის, კაცი გარეთუბნის გზას დასდგომია..." - კვირის პალიტრა

"ერთი კილო პამიდვრისთვის, კაცი გარეთუბნის გზას დასდგომია..."

პოლიტიკურ პროცესებზე და ცრუ ადამიანებზე ბევრი მაქვს დასაწერი და სათქმელი, მაგრამ დღესაც რომ არ მითხრან - რა სულ ნეგატიურ ამბებზე წერო, არადა ნეგატიურობა აქ არაფერ შუაშია, ჩვენ, ხალხს რეალური ადამიანები მოგვენატრა ყველა სფეროში ხომ ასეა? ამიტომ, დღეს რამდენიმე საინტერესო ამბავს გავიხსენებ თქვენთან ერთად.

შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ „სანკტ-პეტერბურღის სამეცნიერო აკადემიის წევრი უფროსი ბროსე, რომელიც ასე მცოდნეა საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურისა, ამჟამად თავად ილია ჭავჭავაძის შესანიშნავ მოთხრობას „კაცია-ადამიანს’ სთარგმნის ფრანცუზულს ენაზედ და აბეჭდინებსო“ ამას „დროება“ 1876 წლის აპრილის ბოლოს წერდა. იმავე წელს სხვა გაზეთში ბროსე წერდა: „კაცია ადამიანი“ მშვენივრად დაწერილი, იუმორით გაჟღენთილი ზნე-ჩვეულებების ამსახველი ნაწარმოებია“ უფრო მოგვიანებით კი მისი ხსოვნის დღის აღნიშვნისთვის ილია ჭავჭავაძემ მიიღო საფრანგეთის განათლების მინისტრის ჟორჟ ლეგის მადლობის წერილი.

ახლა გადმოვინაცვლოთ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში. ამ პერიოდში გამოკვეთილია ფუტურიზმის მიმდევარ ხელოვანთა მომძლავრებული დეკადენტური უაზრობის მხილება და გაკრიტიკება. უკვე ძალზე საგანგაშო და აქტუალური ჩანს - სატირული ჟურნალის თითქმის ყველა ნომერში მთელი გვერდები და ხშირად ჟურნალის გარეკანიც კი ეთმობა ევროპაში ფესვგადგმული ფაშიზმის დეტალურ გაშუქებას, მაშინ, როდესაც სამამულო ომის დაწყებამდე ჯერ კიდევ მთელი ხუთი წელია დარჩენილი. როგორც შემდგომ გამოირკვა ეს ნაადრევი განგაში არცთუ უსაფუძვლო აღმოჩნდა.

ამ ყველაფრის ფონზე კი სხვადასხვა ყოფითი პრობლემები ზოგს გასართობად ეჩვენებოდა, მაგრამ ჩანს ადამიანებს ცხოვრებას გვარიანად უმწარებდა. „ერთი კილო პამიდვრისთვის, კაცი გარეთუბნის გზას დასდგომიაო...“ მოკლედ, თუ გადაინაცვლებთ 1936 წელს, დანამდვილებით აღმოაჩენთ, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მაშინაც ზუსტად ისეთივე პრობლემებით იყო შეპყრობილი, რითაც დღეს არის არაერთი.

მოდით აქვე სხვა ტენდენციებსაც გადავხედოთ. რადგანაც, 1939 წელს საქართველო გასაბჭოების 15 წლისთავს აღნიშნავდა, ამასთან დაკავშირებული ჟურნალები ერთ სამარცხვინო ფაქტსაც შეახსენებდნენ მკითხველს, რომ რევოლუციის გარიჟრაჟზე მენშევიკებმა ხალხისადმი საკუთარი დაპირებების საწინააღმდეგოდ, ისევ თავადსა და ვაჭარს გაუწყვეს სუფრა სალხენად.

ერთ დროს მოდური მიმდინარეობები, როგორიცაა ფუტურიზმი, მართალია სრულიად აღმოიფხვრა, მაგრამ სინამდვილის ფორმალისტური ასახვა აქა-იქ მაინც წამოჰყოფდა ხოლმე თავს.

ფუტურისტული პოეზიის ეტალონად წარმოდგენილია ნიკოლოზ ჩაჩავას ლექსი, რომელიც 1925 წელს გამოცემულ კრებულ: „ლიტერატურასა და სხვაში“ ყოფილა დაბეჭდილი“

მკერდი

ხერდი

ქონდარს წიბური

ეგდო

ხენდრო

ერდო წიდური...

უნდა აღინიშნოს, რომ ნიკოლოზ ჩაჩავას თითქმის ასეთივე ხასიათის ფუტურისტული ლექსი „ კომში, კომში კომარა“ საფუძვლად დაედო ანსამბლ „მზიურის“ პოპულარულ საბავშვო სიმღერას, რომელსაც 1970-იან წლებში ქეთინო დეკანოზიშვილი ასრულებდა).

„ცხადია, საბჭოთა მკითხველი ამას ვერ გაიგებდა, მკითხველს კი არა, თვით ავტორსაც გაუჭირდებოდა თავისივე ნათქვამის მიხვედრა...“ - წერდა მაშინდელი საბჭოთა პრესა.

აქვე მძაფრ კრიტიკას იმსახურებდა საბავშვო წიგნებში არარეალისტურად შესრულებული ნახატები. ჟურნალის ერთ-ერთი ნომრის გარეკანზე დახატულია ცხოველთა საპროტესტო დემონსტრაცია, სადაც ცხოველებს მიაქვთ ტრანსპარანტები: „მოვითხოვთ ბოლო მოეღოს ჩვენს დამახინჯებას“, „დაგვხატეთ როგორებიც ვართ“ „ძირს ხალტურა“ ...

თურმე მაშინდელი „ნიანგის“ პასუხისმგებელი რედაქტორია სანდრო ეული, რომელსაც ფსევდონიმად „ყუმბარა“ აურჩევია. საერთოდ, იმ დროს, ავტორთა უმეტესობა ფსევდონიმით იბეჭდებოდა -მაგალითად, დონი (მხატვარი დავით ნაცვლიშვილი), მედუზა (მწერალი სიმონ გაჩეჩილაძე) და სხვა, რათა ვინმე წერას ატანილს ჩასაფრება და მათთვის „ნიანგის“ კალმის წართმევა არ მოენდომებინა.

მაშინ, როდესაც მწერალთა სასახლეში ფორმალიზმის წინააღმდეგ გაცხარებულნი კამათობდნენ, თბილისის სამკერვალო ფაბრიკები ახალი, მოდური მიმდინარეობით დაინტერესებულან და წელში ძლიერ ვიწრო ტანსაცმელს კერავდნენ..

ჩანს 1936 წელს საზოგადოების ერთი ნაწილი წარმატებით უძღვებოდა სარჩო-სანოვაგის მოპოვების საქმეს, ხოლო სხვანი სხვადასხვა მოდის ტენდენციებს. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კი მაშინაც, ზუსტად ისეთივე პრობლემებით იყო შეპყრობილი, რითაც დღეს არის არაერთი. მოკლედ, აი ეს არის თითქმის ერთი საუკუნის წინანდელი პრესის მთავარი საკითხები.