"აქ ისეთი ბიჭები მსახურობენ, ვისთვისაც სამხედრო ფორმაში ყოფნა დიდი ბედნიერებაა" - კვირის პალიტრა

"აქ ისეთი ბიჭები მსახურობენ, ვისთვისაც სამხედრო ფორმაში ყოფნა დიდი ბედნიერებაა"

თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის აქტიური რეზერვის პროგრამა უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. 18-დან 51 წლამდე ასაკის მოქალაქეები ნებაყოფლობით ოთხწლიან კონტრაქტს აფორმებენ და გარკვეულ გასამრჯელოსაც იღებენ. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ტერიტორიული თავდაცვის სახელმწიფო პროგრამა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

ამ თემაზე რეზერვისტ სიმონ ბ-ის (გვარს მისივე თხოვნით არ ვასახელებთ) ვესაუბრეთ.

- ბავშვობიდან მოყოლებული ვოცნებობდი, სამხედრო ფორმა ჩამეცვა. მახსოვს, ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში ყოფნისას, სოფლად დანგრეულ ქუჩაზე სამხედრო ტექნიკის კოლონამ ჩამოიარა. შთაბეჭდილება იყო სასწაული და დაუვიწყარი - ტანკები, საარტილერიო დანადგარები და ა.შ. ვიდექით პატარები გზის პირას და ჯარისკაცებს ხელს ვუქნევდით დაუღალავად. ისინიც გვიღიმოდნენ და ფორმის ოქროსფერ სამკერდე სანიშნეებს გვიყრიდნენ. მთელი ომი გვქონდა გაჩაღებული ბავშვებს მის "დასათრევად". მეც შემხვდა მაშინ ულამაზესი, დიაგონალურად გადაჯვარედინებული ოქროსფერი სამხედრო სანიშნე, მთელი ბავშვობა შეუფასებელ რელიკვიასავით ვინახავდი...

მერე სასკოლო სამხედრო გაკვეთილებისას ოცეულის მეთაური ვიყავი. ხანდახან კლასს არასწორად კი მოვუწოდებდი დერეფნიდან სასწავლო ოთახში გადაადგილებისას, მაგრამ არა უშავს, მასწავლებელი მაინც არ მიბრაზდებოდა, - ნელ-ნელა ისწავლიო, მეუბნებოდა. სკოლიდან ყოველწლიურად რაიონულ სამხედრო შეჯიბრებაზე, ე.წ. ზარნიცაზეც დავდიოდით, სადაც ასევე მეთაური ვიყავი. იქვე სპორტულ შეჯიბრებებშიც ვმონაწილეობდით - სირბილში, სიმაღლეზე ხტომაში არაერთხელ საპრიზო ადგილი მაქვს დაკავებული. სამხედრო პაექრობებშიც მოწინავე პოზიციებზე ვიყავით.

შემდეგ უკვე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რომ ჩავირიცხე 1991 წელს, მახსოვს, ჭავჭავაძის გამზირზე, ზვიად გამსახურდიას მიერ შექმნილი ეროვნული გვარდიის მებრძოლების მორიგეობა ძალიან მომწონდა. ვუყურებდი ტროლეიბუსიდან და ოცნებად მქონდა, ეს ლამაზი სამხედრო ფორმა მეც ჩამეცვა. ამაზე მამაჩემს დაველაპარაკე და ვთხოვე, სწავლასთან ერთად, გვარდიაშიც ვიმსახურებ-მეთქი. მაშინ კატეგორიული უარი მითხრა: შეუძლებელია, ეს ორი მნიშვნელოვანი საქმე ერთმანეთს შეუთავსო, ჯერ ისწავლე და მერე, რაც გინდა, ის ქენიო. ფორმის ჩაცმა ისევ ოცნებად დამრჩა...

უნივერსიტეტის სამხედრო კათედრა გავიარე და უმცროსი ლეიტენანტის წოდებაც მივიღე. 1996 წელს კანონმდებლობა შეიცვალა და როგორც თადარიგის ოფიცერი სავალდებულო სამხედრო სამსახურში აღარ გავუწვევივართ.

- აქტიურ სარეზერვო სამსახურში როგორ მოხვდით?

- სოციალურ ქსელში თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის განცხადება ვნახე მიღებაზე. უცბად აღმოვაჩინე, რომ ამისთვის ყველა საჭირო კრიტერიუმს ვაკმაყოფილებდი. ცხოვრებაში კიდევ ერთი რეალური შანსი მიჩნდებოდა, ჩემი სამშობლოს სამხედრო ფორმა ჩამეცვა. სასწრაფოდ დავიწყე საბუთების შეგროვება. მთაწმინდის კომისარიატმა ჩემი დოკუმენტები ძლივს გამოძებნა არქივიდან და გადმომცა. მივიტანე ყველაფერი ორთაჭალაში, ეროვნულ გვარდიაში. მერე გორის ჰოსპიტალში სამხედრო-სამედიცინო და ფსიქოლოგიური შემოწმებაც ჩაგვიტარეს. 2019 წლის სექტემბერში დამირეკეს და მითხრეს, რომ ოქტომბრის დასაწყისში უკვე ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე უნდა მივსულიყავი პირველი ერთკვირიანი შეკრების (სწავლების) გასავლელად. ოცნებამ რეალურ ელფერი შეიძინა.

- პროგრამა კონკრეტულად რას ითვალისწინებს?

- 4-წლიანი ანაზღაურებადი სარეზერვო სამსახური მოიცავს წლის განმავლობაში 45-დღიან ინტენსიური საბრძოლო მომზადების პერიოდს, რომელიც თანაბრად 12 თვეზე ნაწილდება. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ნაკადს ხუთწლიან კონტრაქტზე გვაქვს ხელი მოწერილი და ვადა შემდეგ შეიცვალა - სამხედრო საკონტრაქტო სამსახურის ოთხწლიან ვადას გაუთანაბრდა. თანაც, აქ მომსახურე სტუდენტებიც პროგრამას უმაღლესში სწავლასთან ერთად დაასრულებენ. რეზერვისტები გავდივართ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკული მომზადების კურსს. აღნიშნული კურსის მთავარი ამოცანა რეზერვისტისთვის ქვედანაყოფის საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარ-ჩვევების შესწავლაა.

ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში მოქალაქეები ვსარგებლობთ სამედიცინო მომსახურებით, ასევე უზრუნველყოფილნი ვართ სოციალური და სამართლებრივი დაცვით. რაც შეეხება სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ.

რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. ტერიტორიულ რეზერვში დღესაც იღებენ თბილისის, მცხეთის, კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს 18-დან 51 წლამდე, მათ შორის სტუდენტებს 18-დან 22 წლამდე. მათი გასამრჯელო ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20% შეადგენს, ხოლო ქვედანაყოფში ყოფნისას ხელფასს სრულად აიღებენ... უშუალოდ ჩვენს ასეულს რაც შეეხება, უკვე მესამე წელია, ვმსახურობთ, ამჟამად - გვარდიის ერთ-ერთ საველე საწვრთნელ ბაზაზე. წლის დასაწყისიდან თვეში ორი დღით, შაბათ-კვირას ვიკრიბებით, ასევე, წლის განმავლობაში ორჯერ (გაზაფხულსა და შემოდგომაზე) ინტენსიური მომზადების რვადღიანი შეკრებები გვაქვს. თითქმის ყველა სწავლებას გავდივართ, რაც კი საკონტრაქტო სამსახურით შეიძლება იყოს გათვალისწინებული: სროლები, სხვადასხვა ტიპის, მათ შორის სამაშველო ოპერაციები და ა.შ. დედაქალაქის სიახლოვეს აქტიური რეზერვისთვის მუდმივი ბაზის რემონტი სრულდება და ალბათ უახლოეს მომავალში იქ გადავალთ. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, რეზერვისტების მოტივაციაზეც აისახება.

მოგეხსენებათ, რეზერვის წინა სავალდებულო სისტემამ ნაკლებად გაამართლა, როდესაც წლის განმავლობაში 14 თუ 21 დღით იკრიბებოდნენ და მოვალეობის მოხდის შთაბეჭდილებას ქმნიდა ეს ყველაფერი. შემდგომში გამოჩნდა კიდეც ამის უარყოფითი შედეგები. როგორც ჩანს, მთავრობამ ეს გამოცდილება გაითვალისწინა და რეზერვის პროგრამა რადიკალურად შეცვალა. ამაში აშშ-სა და ევროპის წამყვანი ქვეყნების გვარდიების დიდი გამოცდილებაც გაზიარებულია. აქ უმთავრესი მაინც სამსახურის ნებაყოფლობითობაა. ყველა საკუთარი ნებით მოდის, მათ შორის სტუდენტები. და ყველაზე მთავარი: აქ ისეთი ბიჭები მსახურობენ, ვისთვისაც სამხედრო ფორმაში ყოფნა ყველაზე დიდი ბედნიერებაა. ალბათ ეს განწყობა გვარდიის ამ პროგრამის სიცოცხლისუნარიანობის საწინდარია.

- ამ პროცესს რამდენად უწყობენ ხელს დამსაქმებლები?

- სიმართლე გითხრათ, თავიდან იყო პრობლემები. ზოგიერთი დამსაქმებელი საერთოდ ვერ ხვდებოდა, რასთან ჰქონდა საქმე და რატომ იყო ეს ყველაფერი ხელშესაწყობი. ამის გამო ერთ-ერთმა ჩვენმა რეზერვისტმა დაკარგა სამსახური, სადაც რეალურად, ოჯახის სარჩენ ფულს იღებდა. მოგეხსენებათ, სარეზერვო სამსახურის წოდებრივი სარგოთი (მას ხელფასიც კი არ ჰქვია) ოჯახს ვერაფრით შეინახავ. ის დამსაქმებელი არასწორად მოიქცა, მაგრამ პროგრამა ახალი დაწყებული იყო და საწინააღმდეგო (დამუნათების) მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია.

ახლა მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესებულია, რადგან ეროვნულმა გვარდიამ აქტიური რეზერვის პროგრამასთან დაკავშირებულ შეგნების ამაღლების არაერთი კამპანია ჩაატარა და დღესაც აგრძელებს. სოციალურ ქსელებში აქტივობასთან ერთად, ბუკლეტები პირდაპირ ქუჩებშიც რიგდება ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში, რათა საზოგადოებამ კარგად შეიგნოს ტერიტორიული თავდაცვის პროექტის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. უკრაინის ომიც ნათლად ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი მიდგომა საფრთხის პირობებში მყოფი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დასაცავად, რადგან შეუძლებელია დაამარცხო ერი, რომელიც თავისი მიწის ყოველ გოჯს ასე თავგანწირულად იცავს და ამ მართალ საქმეში მთელი ცივილიზებული სამყარო ეხმარება.

- სწავლებებით კმაყოფილი ხართ?

- დიახ. გეგმური შეკრებების გარდა, დამატებითი (პერიოდულად) სწავლებები იმართება. ნოემბერში "დიდგორი 21"-ის გაერთიანებულ სწავლებაში მივიღეთ აქტიური მონაწილეობა. აქტიური რეზერვის ასეულმა პროფესიონალ სერჟანტ-ინსტრუქტორთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. დასკვნით დღეს მადლობის სერტიფიკატები გადმოგვცეს.

აქვე ცალკე მინდა აღვნიშნო ქართველი სერჟანტების (დღეს ჩვენი ჯარები მათზე დგას, რეალურად ხერხემალია) პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება. ხშირად მიფიქრია, ცოდვაა ის ერი, რომელსაც თუნდაც ასეთი მაგარი სერჟანტები, ოფიცრები ჰყავს და მაინც "ომში დამარცხებულად" ითვლება. რეზერვში მისვლამდე მეგონა, რომ სხვადასხვა საერთაშორისო მისიაში ქართველების გამორჩეულობა ცოტა გაზვიადებული იყო. არა, ბატონებო, ეს გაზვიადებული ამბავი არაა! ჩვენი ჯარისკაცები იქაც ყველაზე მაგრები იყვნენ და ამერიკელ თუ ევროპელ ხუთვარსკვლავიან გენერალს ამ საკითხზე ზედმეტს ვერაფერს ათქმევინებ - ისინი კი დღემდე ქართველების გმირულ სამსახურზე, ოპერაციებზე საუბრებით არ იღლებიან.

და კიდევ: ავღანური სამშვიდობო მისიის დასრულების შემდეგ სამხედროების მცირე ნაწილმა თავდაცვის სისტემა დატოვა. ხშირად ეს მოტივაციის დაკარგვის გამო ხდება - მოგეხსენებათ, არცთუ მაღალი ხელფასებია. ამ ფონზე, აქტიური ტერიტორიული თავდაცვის სისტემას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად. ამაში ყველამ თავისი წილი აგური უნდა დადოს; რადგან მშვიდობა თუ გინდა, ომისთვის მზად უნდა იყო, დღევანდელ სამეზობლოში სხვა გამოსავალი უბრალოდ არაა! უკანასკნელი წლების გამოკითხვებით, ქართული ჯარი, ეკლესიასთან ერთად, ჩვენი მოსახლეობის ყველაზე დიდ ნდობას იმსახურებს - მგონი, ეს ბევრის მეტყველია.

P.S. რეზერვისტების დამსაქმებლებთან ბოლო შეხვედრისას, პროგრამის ხელშეწყობისთვის მადლობის სიგელი "პალიტრა ჰოლდინგმაც" დამსახურებულად მიიღო.

გიორგი მეფარიძე

ჟურნალი "გზა"