იმ დღეს კი ქართველების ზეიმი იყო იშხანში - გავავსეთ ტაძარი, თბილისელი მოსწავლეები რომ შემოგვიერთდნენ - კვირის პალიტრა

იმ დღეს კი ქართველების ზეიმი იყო იშხანში - გავავსეთ ტაძარი, თბილისელი მოსწავლეები რომ შემოგვიერთდნენ

იხილეთ დასაწყისი - ფრესკების ნატეხების მოქუჩებით მეგონა, საქართველოს დაქუცმაცებული სხეულის გამთელებას ვცდილობდი

ჩვენი მოგზაურობის მეოთხე დღე "ნაცნობი ტაოთო" - იშხნით დავიწყეთ. მანამდე უნახავად იმდენი სტატია დამიწერია იშხანზე (იმ წელს ცოტა ხნით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ვმუშაობდი და სარესტავრაციო ამბებზეც მქონდა ინფორმაცია), მასთან "შეხვედრას" ვნატრობდი და ამიტომაც დაჟინებით მოვითხოვე მისი მონახულება-მოლოცვა. ასეთ ბედნიერებაზე ვინ იტყოდა უარს და იუსუფელიდან, სადაც მესამე ღამე გავათიეთ, პირდაპირ გავეშურეთ იშხნისკენ, რომელიც მდინარე ოლთისისწყლის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს.

2-8-1651260866.jpg
გზა იშხნისკენ - ტაოს ხალიანი მთები

შუა საუკუნეებში იშხანი საქართველოს ერთ-ერთი დიდი სამონასტრო ცენტრი იყო. „ნებითა ღმრთისაჲთა იქმნა საბა ებისკოპოს იშხანსა ზედა, ნეტარისა ნერსე კათალიკოზისა აღშენებულსა კათოლიკე ეკლესიასა და საყდარსა მისსა, რომელი წელიწადთა მრავალთა დაქვრივებულ იყო. აწ კვალად იქმნა სულიერი ქორწილი და მეორედ აღეშენა ამის ნეტარისა მიერ, ხოლო ხორციელად - მოღვაწებითა ღმრთისმსახურთა მათ მეფეთაჲთა“ - ასე მოიხსენიებს VII საუკუნის 30-იან წლებში იშხნის აღმშენებელ ეპისკოპოს ნერსეს გიორგი მერჩულე "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში".

3-6-1651260922.jpg
ასე დაგვხვდა იშხანი

არაბთა შემოსევის დროს იშხანი დარბეულა და მიტოვებულა. არაბების შემოსევის დროს დანგრეული და მიტოვებული ეკლესია IX საუკუნეში გრიგოლ ხანძთელის მოწაფემ - საბა იშხნელმა განაახლა. X საუკუნეში კი იგი გაფართოვდა, ხოლო საბოლოო სახე 1032 წელს, ბაგრატ IV-ის მეფობისა და ანტონ იშხნელის ეპისკოპოსობის პერიოდში მიიღო.

4-9-1651261013.jpg
სარეკონსტრუქციო სამუშაოები იშხანში

იგი ხუროთმოძღვარმა იოვანე მორჩაისძემ აღაშენა და დაამშვენა. ვარაუდობენ, რომ ტაძრის ულამაზესი იატაკიც სწორედ 1032 წლის რეკონსტრუქციის პერიოდისაა. ჩვენ იშხანს 2014 წლის ოქტომბერში ვესტუმრეთ. იმხანად მისი სარესტავრაციო სამუშაოები ახალი დაწყებული იყო და, შესაბამისად, 2 წლის შემდეგ აღმოჩენილი იშხნის ულამაზესი იატაკი არ გვინახავს - იგი მიწით იყო დაფარული.

5-7-1651261045.jpg
იშხნის საკურთხეველი

იშხნის აღმართზე ახალგაზრდებით სავსე ოთხ "რაფს" გადავაწყდით - ჩვენმა მძღოლმა ზვიად ჩიტაურმა ქართველი მძღოლები შეიცნო და მივხვდით, საქართველოდან სკოლის მოსწავლეები მოჰყავდათ ტაძრის მოსანახულებლად.

6-7-1651261110.jpg
იშხნის ჩუქურთმები

თითოეულს სასიამოვნო შეგრძნება დაგვეუფლა - ჩვენ კი გავუსწარით, მაგრამ ქართველებმა თითქოს ზურგი გაგვიმაგრეს და ჩვენი წინაპრების კვალდაკვალ ერთბაშად ამდენი ქართველი მივუყვებოდით გასაოცარ "ხალიან" მთებს იშხნისკენ.

7-8-1651261142.jpg
გუმბათის მოხატულობა

ტაძართან რომ მივედით, გახურებული სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, ოღონდ მთავარი ეკლესიის გარეთა ფასადზე.

8-8-1651261173.jpg
რას წარმოვიდგენდით, რომ მალე მიწით დაფარული იატაკი მთელი სილამაზით წარმოგვიდგებოდა

დიდი ეკლესიის გვერდით დაგვხვდა ჩუქურთმებით შემკული პატარა სამლოცველოც, რომელიც 1066 წლით დაუთარიღებიათ ქართველ ისტორიკოსებს. წლების განმავლობაში იშხნის მთავარი ტაძარი მეჩეთად გამოიყენებოდა, მაგრამ საქართველოსა და თურქეთის მთავრობების შეთანხმებით იშხნის რესტავრაცია მაინც გახდა შესაძლებელი.

9-8-1651261202.jpg
იშხნის ფრესკები

თავად ეკლესია წაგრძელებული ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა, მრავალფეროვანი ორნამენტებითა და ტაძრის შიგნით XI საუკუნის I ნახევრის მხატვრობით. ულამაზესი ფრესკებია იშხანში, გასაოცარი ფერებით მოუხატავთ მადლიან ქართველებს. თურქებიც ენერგიულად მუშაობდნენ. სამწუხაროა, რომ მას შემდეგ ვეღარ ავედი იშხანში და დასრულებული სახით ვერ ვნახე.

10-8-1651261229.jpg
ანთებული სანთლებისა და გალობის ერთადერთი მოწმე - კურდღელი

იმ დღეს კი მართლაც ქართველების ზეიმი იყო იშხანში - ლამის, გავავსეთ ტაძარი, როდესაც X-XI კლასელი თბილისელი მოსწავლეებიც შემოგვიერთდნენ. რაც მთავარია, არც ერთ მათგანს შენიშვნის მიცემა დიდად არ სჭირდებოდა, კარგად იცოდნენ, სად იყვნენ და - რისთვის.

11-9-1651260707.jpg
დაღმართზე შევჩერდით, ჩვენი აღმაფრენა ხალიანი მთებისთვისაც რომ გაგვენდო

სანთლები მაინც ჩუმად დავანთეთ იშხანში, თურქებს რამე რომ არ ეთქვათ, ისევ და ისევ იშხნის საკეთილდღეოდ, რადგან იმხანად იშხანთან დაკავშირებით მორატორიუმი იყო გამოცხადებული საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის და არ გვინდოდა, საკამათოდ რამე საბაბი მიგვეცა. ჩვენი ანთებული სანთლებისა და მოგუდული გალობის ერთადერთი მოწმე იქვე მორბენალი კურდღელი იყო, რომელიც ზუსტად ვიცი, "არ ჩაგვიშვებდა"...

12-5-1651260650.jpg
ტაოს სიყვარულით - იშხნიდან

იშხანს ძლივს შეველიეთ, დაღმართზე ცოტა ხნით მაინც შევჩერდით, ჩვენი აღმაფრენა ხალიანი მთებისთვისაც რომ გაგვენდო და მალევე ბარდუსის ხეობისკენ გავწიეთ - კოპის ციხე და მზეჭაბუკ ათაბაგის ეკლესია უნდა მოგვეძებნა...

ფოტოები ეკუთვნის ავტორს

(გაგრძელება იქნება)