"ნატო-ს ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ, რომ არ დაუშვან უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები" - კვირის პალიტრა

"ნატო-ს ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ, რომ არ დაუშვან უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები"

გასული წლების განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა არაფერი გააკეთეს შიდაუკრაინული კონფლიქტის შესაჩერებლად, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სერგეი ლავროვმა ჩინურ საინფორმაციო სააგენტო Xinhua-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მათ იარაღით გატენეს კიევის რეჟიმი, გაწვრთნეს და შეაიარაღეს უკრაინის არმია და ნაციონალისტური ბატალიონები და განახორციელეს უკრაინის ტერიტორიის სამხედრო-პოლიტიკური განვითარება. ისინი ხელს უწყობდნენ კიევის ხელისუფლების აგრესიულ ანტირუსულ კურსს,“- აღნიშნა ლავროვმა.

მისი მტკიცებით, სწორედ ამის გამო რუსეთს სხვა არჩევანი აღარ ჰქონდა, გარდა „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებისა“ და უკრაინის „დემილიტარიზაციისა“ და „დენაციფიკაციის“ მიზნით „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყებისა.

„ფაქტობრივად, ნატო-ს ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ არ დაუშვან უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები. კიევის რეჟიმისადმი მხარდაჭერის საჯაროდ გამოხატვით, ნატო-ს ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ, რათა არ დაუშვან ოპერაციის დასრულება პოლიტიკური შეთანხმებების მიღებით. უკრაინაში პოლონეთისა და ნატო-ს სხვა ქვეყნების გავლით სხვადასხვა იარაღი იგზავნება გაუთავებელ ნაკადად. ეს ყველაფერი კეთდება „შეჭრასთან ბრძოლის“ საბაბით, მაგრამ, ფაქტობრივად, აშშ და ევროკავშირი აპირებენ რუსეთს „უკანასკნელ უკრაინელამდე“ ებრძოლონ და ისინი აბსოლუტურად გულგრილები არიან უკრაინის, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების დამოუკიდებელი სუბიექტის ბედის მიმართ,“- აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, „საკუთარი გეოპოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად დასავლეთი მზადაა საფრთხე შეუქმნას მსოფლიოს მთელი რეგიონების ენერგეტიკულ და სასურსათო უსაფრთხოებას“ და სწორედ ამით აიხსნება ანტირუსული სანქციები, რომლის დაწესებაც დასავლეთმა ე.წ. ოპერაციის დაწყებისთანავე დაიწყო და რომლის გაჩერებასაც არ ფიქრობენ.

„თუ აშშ და ნატო ნამდვილად არიან დაინტერესებული უკრაინის კრიზისის მოგვარებით, მაშინ, პირველ რიგში, მათ უნდა გადაიფიქრონ და შეწყვიტონ კიევისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება. უკრაინელ ხალხს სჭირდება არა „სტინგერები“ და „ჯაველინები“, არამედ გადაუდებელი ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრა, რუსეთი ამას 2014 წლიდან აკეთებს,“ - განაცხადა ლავროვმა.

მისი მტკიცებით, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. „სპეცოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მის ფარგლებში რუსი სამხედრო მოსამსახურეები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში არ იყოს მსხვერპლი. დარტყმები ხორციელდება მაღალი სიზუსტის იარაღით, პირველ რიგში, სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე და ჯავშანტექნიკის თავმოყრის ადგილებში. უკრაინის არმიისა და ნაციონალისტური შეიარაღებული ფორმირებებისგან განსხვავებით, რომლებიც მოსახლეობას „ადამიანურ ფარად“ იყენებენ, რუსული არმია ადგილობრივ მოსახლეობას ყველა სახის დახმარებასა და მხარდაჭერას უწევს“, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი მტკიცებით, უკრაინის სპეცსამსახურებმა დასავლელების დახმარებით „მოაწყვეს სისხლიანი პროვოკაცია ბუჩაში, მათ შორის მოლაპარაკების პროცესის გასართულებლად“. ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა მოლაპარაკებებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები კარგად არ მიმდინარეობს.

„ჩვენ მომხრე ვართ, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს, თუმცა ისინი კარგად არ მიდის. დარწმუნებული ვარ, რომ შეთანხმებების მიღწევა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა კიევი დაიწყებს უკრაინელი ხალხის და არა „შორიდან მრჩევლების“ ინტერესებით ხელმძღვანელობას,“- აღნიშნა ლავროვმა.