პირის მიმართ, რომელმაც მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი სახლს ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს - კვირის პალიტრა

პირის მიმართ, რომელმაც მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი სახლს ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

გიორგი ბეროზაშვილის მიმართ, რომელმაც მძინარე მშობლები ზაზა ბეროზაშვილი და ლალი თავაძე ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოშ 12:00 საათზეა დანიშნული.

პროკურატურა დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, უცნობია, თუ რა პოზიცია ექნება დაცვის მხარეს, ვინაიდან დაკავებულის ადვოკატი ჟურნალისტებთან კომუნიკაციაზე უარს აცხადებს.

ცნობისთვის, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 27 აპრილს მოხდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღვოდა.

შსს-ს ცნობით, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა.

ზაზა ბეროზაშვილისა და ლალი თავაძის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ.

გიორგი ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ გულისხმობს.

აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.