"თქვენ იცავთ წინაპრების თავგანწირვით მოპოვებულ ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას - თქვენ ხართ ის ბურჯი, რაზეც დგას სამშობლოს, ჩვენი შვილების მშვიდობიანი მომავალი" - კვირის პალიტრა

"თქვენ იცავთ წინაპრების თავგანწირვით მოპოვებულ ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას - თქვენ ხართ ის ბურჯი, რაზეც დგას სამშობლოს, ჩვენი შვილების მშვიდობიანი მომავალი"

თქვენ იცავთ წინაპრების თავგანწირვით მოპოვებულ ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, თქვენ ხართ ის ბურჯი, რაზეც დგას სამშობლოს, ჩვენი შვილების მშვიდობიანი მომავალი, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჯარისკაცებს საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღორისძიებაზე.

მისივე თქმით, ქართველ სამხედროებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში წარმატებით შეაქვთ წვლილი გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში.

„გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს!

ქართველ სამხედროებს საერთაშორისო პარტნიორების მხარდამხარ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში წარმატებით შეაქვთ წვლილი გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში. რაც მთავარია, თქვენ იცავთ წინაპრების თავგანწირვით მოპოვებულ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. თქვენ ხართ ის ბურჯი, რაზეც დგას ჩვენი სამშობლოს, ჩვენი შვილების მშვიდობიანი მომავალი.

საამაყოა, რომ დღევანდელ დღეს ჩვენი თავდაცვის ძალები რთული დავალებების შესასრულებლად შესაბამისად აღჭურვილი, მომზადებული და ბრძოლისუნარიანია. საქართველოს თავდაცვის ძალები თავსებადია ნატოს სტანდარტებთან და ამ კუთხით ნატოსთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

საქმით, ქვეყნისა და ხალხისადმი ერთგულებით, თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ ხართ ჩვენი საზოგადოების ღირსეული წევრები. საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე რთულ დროსაც კი თქვენ იდექით იქ, სადაც უნდა მდგარიყო ნამდვილი პატრიოტი და ქვეყანაზე გულანთებული ადამიანი - სამშობლოს, ოჯახის, თითოეული თანამემამულის სიცოცხლის, თითოეული ჩვენგანის უკეთესი მომავლის იმედების სადარაჯოზე. ამიტომაც არის, რომ საქართველოს ჯარი ჩვენი მოქალაქეების განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობს.

საქართველოს უკიდურესად რთულ და დაძაბულ უსაფრთხოების გარემოში უწევს განვითარება. რუსეთის აგრესია უკრაინაში და ჩვენს რეგიონში არსებული არასტაბილურობა რეალურ და არსებით საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის, მთელი ევროპისა და საერთაშორისო წესრიგისთვის. შემაშფოთებელია ასევე ჩვენი ქვეყნის ორ ისტორიულ რეგიონში არსებული მძიმე მდგომარეობა და რუსეთის მიმდინარე ოკუპაცია, აგრეთვე, ჰიბრიდული თავდასხმები და სხვა თანამედროვე გამოწვევები.

ეს განამტკიცებს ჩვენს რწმენას ძლიერი თავდაცვის ძალების აუცილებლობის შესახებ. საქართველოს პარლამენტის სახელით, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას და თანადგომას.

საქართველოს თავდაცვის ძალების დღის აღნიშვნასთან ერთად, პატივს მივაგებთ საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას. მათი ღვაწლი და დამსახურება საქართველოს წინაშე ფასდაუდებელია, მათი სახელი და გმირობა კი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ერის მეხსიერებაში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს და მადლობას გიხდით ღირსეული და სამაგალითო სამსახურისთვის“,- განაცხადა პაპუაშვილმა.